რა უნდა მიირთვათ, რომ მაქსიმალურად დიდხანს იცოცხლოთ? — კვლევა
იმას, თუ რამდენად დიდხანს ვიცოცხლებთ, ბევრი რამ განსაზღვრავს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვების რაციონია. აშშ-ის სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში მომუშავე გერონტოლოგი, ვალტერ ლონგო, დარწმუნებულია, რომ ხანგრძლივი სიცოცხლის მისაღწევად ოპტიმალური დიეტის შემუშავება შესაძლებელია.
ამ უნიკალური ფორმულის მოსაძებნად სპეციალისტმა, კოლეგასთან ერთად, ცხოველთა ამა თუ იმ სახეობის კვებითი ჩვევების, გენეტიკური მონაცემებისა და სხვა მახასიათებლების შესახებ დაგროვებული ლიტერატურა შეისწავლა და ეს ინფორმაცია პრიმატების (რომელშიც ადამიანიც ერთიანდება) კლინიკურ და ეპიდემიოლოგიურ კვლევებთან შეაჯერა. გაითვალისწინეს 100 წელს გადაცილებული ინდივიდებიც.
რა თქმა უნდა, ცხოველებს და თუნდაც, ერთი სახეობის წარმომადგენლებს სხვადასხვა კვებითი საჭიროება აქვთ. ეს, დიდწილად, განვითარების ეტაპზე, გენებზე და სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული, რომლებიც პროდუქტების რისკიანობას ან სარგებელს განაპირობებს.
ამის მიუხედავად, ლონგოს მიაჩნია, რომ იდეალური შუალედის პოვნა შესაძლებელია და უფრო მეტიც, ეს აუცილებელია. ის აღიარებს, რომ დეტალების გასარკვევად მეტი კვლევა უნდა ჩატარდეს, რაც იგეგმება კიდეც, თუმცა ხანგრძლივი სიცოცხლის ხელშემწყობი ძირითადი საკვების ტიპებს უკვე ასახელებს.
ეს გახლავთ მცენარეული ცილები, დაუმუშავებელი ნახშირწყლები და მცენარეული ცხიმები, რომლებიც თქვენი ენერგიული საჭიროების მესამედს შეესაბამება. ასევე, პარკოსნები, მთლიანი მარცვლეული, ბოსტნეული, თევზი, თხილეული, ზეითუნის ზეთი და შავი შოკოლადი. რაც შეეგება იმას, თუ რისი მიღებისგან უნდა შევიკავოთ თავი, მეცნიერი შაქარზე, დამუშავებულ მარცვლეულზე, წითელ და დამუშავებულ ხორცზე მიუთითებს. მისაღებია თეთრი ხორცის მხოლოდ მცირე რაოდენობა.
მისი თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს, როდის მიირთმევთ. მაგალითად, სასურველია, ულუფები 11-12 საათის განმავლობაში გადაანაწილოთ, 3-4 თვეში ერთხელ კი 5-დღიანი დიეტა დაიცვათ. ეს სისხლის წნევის დარეგულირებასა და ინსულინზე მგრძნობელობის გაზრდაშიც დაგეხმარებათ.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Cell გამოქვეყნდა.
კომენტარები