იუპიტერის თანამგზავრზე შესაძლოა, თხევადი წყალი ზედაპირთან ახლოს მოიპოვებოდეს
პლანეტა იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე, რომელიც მზის სისტემაში სიცოცხლის ძიების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გახლავთ, ყინულოვანი ქერქის ქვეშ, სიღრმეში, უზარმაზარი ოკეანეა. მის ზედაპირზე კი უჩვეულო შემაღლებულ ადგილებს ვხვდებით, რომელთაც M-ის ფორმა აქვს.
პირველად ისინი 1990-იან წლებში, მისია "გალილეოს" ფარგლებში გადაღებულ სურათებში შენიშნეს. მათი ფორმირების შესახებ არაფერი ვიცით, მაგრამ ახალმა კვლევამ შესაძლოა, ამ საკითხს ნათელი მოჰფინოს.
საქმე იმაშია, რომ მსგავსი, შედარებით მცირე ზომის წარმონაქმნები მეცნიერებმა დედამიწაზე, კერძოდ, გრენლანდიაზე შეისწავლეს. რადარის მიერ მოპოვებული მონაცემებით დადგინდა, რომ მათი გაჩენა ყინულის საფარის დაბლა არსებული თხევადი წყლის რეზერვუარის გაყინვის შედეგი იყო, რამაც ზედაპირის უსწორმასწორობა გამოიწვია. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ევროპაზე შესაძლოა, ანალოგიური პროცესები მიმდინარეობდეს.
მკვლევრების თქმით, არაა გამორიცხული, რომ მზის სისტემის უდიდესი პლანეტის თანამგზავრზე საკმაოდ დიდი რაოდენობის წყალი სიღრმიდან მაღლა ნაპრალებიდან ამოდიოდეს. თანაც არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ რეგიონში, არამედ მთელი ციური სხეულის მასშტაბით.
ეს იმას ნიშნავს, რომ იქ სიცოცხლის საპოვნელად მრავალ კილომეტრ სიღრმეზე ჩასვლა არ დაგვჭირდება, რადგან მას შეიძლება ზედაპირთან ახლოს მივაკვლიოთ. ზემოხსენებული ვარაუდის დასამტკიცებლად, ევროპის უკეთ გამოკვლევაა აუცილებელი, რის საშუალებასაც ESA-სა და NASA-ს მისიები JUICE და Europa Clipper მოგვცემს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.
კომენტარები