როგორ ჩნდება "წმინდა ცეცხლი" იერუსალიმში და არის თუ არა ეს სასწაული
ქრისტიანული სამყარო აღდგომის წინა დღეს იმედით აღსავსე უცდის იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში, ე.წ. წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას. ათასობით ადამიანი პატარა ოთახში შესულ მთავარეპისკოპოსს უცდის, რომელმაც იქიდან ცეცხლი უნდა გამოიტანოს და მრევლს გაუზიაროს. პროცესს მხოლოდ ერთი სასულიერო პირი უყურებს. მას არ აქვს უფლება, ცეცხლი პატრიარქის გამოსვლამდე ვინმეს გაუნაწილოს. თვითმხილველთა გადმოცემით, წმინდა ცეცხლი თბილია, სასიამოვნო, და გარდამოსვლიდან 10-15 წუთის მანძილზე არ წვავს.
მოყვანილი სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა, გაგიჭირდეთ იმის წარმოდგენა, რომ ამაზე პასუხისმგებელი სასწაულია და არა რომელიმე ბუნებრივი ფენომენი თუ ადამიანის ხელი. რეალურად, იერუსალიმის საპატრიარქოს შიდა სამზარეულოს არავინ ვიცნობთ, ამიტომაც, რაიმეს მტკიცების სანაცვლოდ, უბრალოდ რამდენიმე ჰიპოთეზას შემოგთავაზებთ, რომელიც შესაძლოა, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის საიდუმლოს ხსნიდეს. პასუხების მისაღებად ინგლისურენოვან Wikipedia-ს ვეწვიე.
რამდენიმე აღიარება
ჟურნალისტი დიმიტრი ალიკაკოსი თავის წიგნში იერუსალიმის საპატრიარქოს არქიეპისკოპოს ისიდოროსთან ინტერვიუს წარმოგვიდგენს. ყოფილმა მთავარეპისკოპოსმა აღიარა, რომ აღდგომის წინა დილას მას ქრისტეს საფლავის ტაძარში სანთელი შეჰქონდა, შემდეგ კი სანთებელათი ანთებდა.
იგივე ყოფილმა მთავარეპისკოპოსმა ნიკოფოროსმაც დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ თავად ასანთს იყენებდა. იმავე წიგნში არქიეპისკოპოსი გერასონ თეოფანისი აღნიშნავს, რომ წმინდა ცეცხლი არა სასწაულებრივი, არამედ ბუნებრივი გზით ინთება, შემდგომში კი მას პატრიარქი ლოცავს.
"მორწმუნეები შეცდომაში შეგვყავს და საშუალებას ვაძლევთ დაიჯერონ, რომ ეს სასწაულია. ეს მიუღებელია და ჩვენზე დადებითად არ აისახება", — აცხადებს თეოფანე.
მისი თქმით, "სასწაულის" ხრიკი კათოლიკე ჯვაროსნებმა მოიგონეს რამდენიმე საუკუნის წინ, შემდეგ კი რიტუალი საბერძნეთის ორთოდოქსულმა საპატრიარქომ განაგრძო.
საგულისხმოა ერთ-ერთი სომეხი მეჩირაღდნის (მოვალეობა, როგორც წესი, მამიდან მამრობითი სქესის შვილს ან ოჯახის წევს გადაეცემა) აღიარებაც, რომელსაც მამა შემდეგში გამოუტყდა — ცეცხლის წყარო ანტიკური და სიმბოლური იყო, თუმცა არა სასწაულებრივი.
"ბერძენ მღვდლებს წმინდა ცეცხლის დასანთებად ლამპარი შემოაქვთ. საზღვარგარეთიდან ჩამოსული რწმენით აღსავსე მომლოცველებისათვის ეს სამოთხის ცეცხლია, ნამდვილი სასწაული, თუმცა ჩვენთვის არა", — თქვა მან.
ამას გარდა, პეტრას მეტროპოლიტენმა ეპისკოპოსმა კორნელიმ, იერუსალიმის პატრიარქატის სუროგატმა 2001 წელს, ასევე დაადასტურა, რომ წმინდა ცეცხლისათვის განკუთვნილი სანთლები ბუნებრივი სანთლის მეშვეობით თავადაც აანთო. მან აღდგომის ეკლესიაში შესვლისას დანახულიც დეტალურად აღწერა (კორნელის ინტერვიუს აქვეყნებს ქართველი დეკანოზი ილია ჭიღლაძეც).
წიგნში ჟურნალისტი იმასაც აღნიშნავს, რომ 2018 წლის 23 ივნისს პატრიარქ თეოფილოს მესამის ბრძანებით საპატრიარქოს ოფიციალურ ვებსაიტზე სიტყვა "სასწაული" ამოიშალა, რაც, შესაძლოა, რაიმეზე ასევე მეტყველებდეს.
თეთრი ფოსფორის თვითაალებადი ბუნება
დავუშვათ, ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული აღსარება რაღაცნაირად მაინც ტყუილია და ცეცხლი თავისით ინთება. როგორ შეიძლება ეს ხდებოდეს?
ასევე იხილეთ: არსებობს ცეცხლი, რომელიც ანთია, მაგრამ არ გვწვავს — როგორ დავანთოთ
2005 წელს ბერძნული ტელევიზიის პირდაპირ ეთერში დემონსტრაცია ვიხილეთ: მაიკლ კალოპულოსმა, მწერალმა და რელიგიის ისტორიის სპეციალისტმა, სამი ცალი სანთელი თეთრ ფოსფორში ამოავლო. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ ისინი უცაბედად აალდა, რადგან ჰაერთან კონტაქტისას თეთრ ფოსფორს თვითაალება ახასიათებს.
"თუკი ფოსფორს შესაბამის ორგანულ გამხსნელში გავხსნით, თვითაალება მანამ შეყოვნდება, სანამ გამხსნელი თითქმის სრულად არ აორთქლდება. შემდგომი ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ თვითაალება შესაძლოა, საათნახევრით ან მეტი დროითაც კი შეყოვნდეს, გააჩნია ხსნარის სიმკვრივესა და გამოყენებულ გამხსნელს", — ვკითხულობთ კალოპულოსის ვებსაიტზე.
იგი აღნიშნავს იმასაც, რომ ამგვარი ტიპის ქიმიური რეაქციები ანტიკურ ხანაშიც კარგად იყო ხალხისათვის ცნობილი. მას ქალდეელი ჯადოქრები და ძველი ბერძნები იყენებდნენ — იმავე მიზნით, რა მიზნითაც, სავარაუდოდ, დღესდღეობით იერუსალიმში ხმარობენ.
სპონტანური თვითაალების სხვა მაგალითებიც არსებობს:
სელის ზეთი
ადუღებული სელის ზეთი გაშრობისას სითბოს წარმოქმნის, რომელსაც შეუძლია, ცეცხლი გაუჩინოს საგნებს, რომლებსაც ზეთი მოედო.
მაგნიუმის ფხვნილი
მაგნიუმის ფხვნილს ოთახის ტემპერატურაზეც კი შეუძლია აალება. ანთების დაყოვნება მით უფრო მცირდება, რაც უფრო გაზრდილია ექსპერიმენტული პარამეტრები.
დარწმუნებული ვარ, ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებისდა მიუხედავად, მინიმუმ ერთი უპასუხო კითხვა მაინც დაგრჩებოდათ.
მაშ, რატომ არ წვავს ცეცხლი, თუკი ეს სასწაული არაა? პასუხი: ალს კანის დასაზიანებლად რამდენიმე წამი სჭირდება, ამიტომაც მასზე ხელის სწრაფად გადატარება/შეხება კანს ისედაც არ დაგიწვავთ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ერთობ რთული წარმოსადგენია, როგორ შეიძლება იყოს ცეცხლის გარდამოსვლა სასწაული, როდესაც მეცნიერებას არაერთი ჰიპოთეზის შემოთავაზება შეუძლია, წმინდა ცეცხლის მატერიალურ ბუნებას კი ამავდროულად არაერთი არქიეპისკოპოსი ადასტურებს.
ალბათ, თქვენც გამოგიცდიათ, რომ რაიმეს რწმენა უსაფრთხოების განცდას გვიმძაფრებს — მაშინ, როცა საკუთარი თავისა და მატერიალური სამყაროს გარდა რაღაც აბსტრაქტულის იმედიც გვაქვს, ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავება ბევრად მარტივია, თუმცა ეს პრობლემებისგან გაქცევაში გვეხმარება და არა მათთან გამკლავებაში.
თავისთავად, რწმენა არა ცოდნა, არამედ რწმენაა და ფაქტების ცოდნას საერთოდაც არ ემყარება, თუმცა — თუკი მთავარეპისკოპოსთა მონათხრობები მართალია — ქრისტიანული სამყაროს გადაწყვეტილებაა, ადამიანები "სასწაულის" ავთენტურობაში დააჯეროს. ალბათ, დამეთანხმებით, რომ, გარკვეული თვალსაზრისით, ეს სიმართლის ცოდნის უფლებას გვიზღუდავს, ამის გამოსასწორებლად კი მხოლოდ და მხოლოდ მეცნიერებისადმი ცნობიერების ამაღლება თუ დაგვეხმარება.
კომენტარები