საბჭოთა კავშირი მკვლელებისადმი უფრო მიმტევებელი იყო, ვიდრე დისიდენტებისადმი
საბჭოთა სამართალი — ისევე, როგორც საბჭოთა საზოგადოების ნებისმიერი სხვა სფერო — მარქსიზმ-ლენინიზმის პრინციპებზე იყო დაფუძნებული. ამ პრინციპების ინტერპრეტაციის ცვლილებამ საბჭოთა ხელისუფლების მიერ კრიმინალებისადმი მოპყრობის გზების ცვლილებაც გამოიწვია. სსრკ-ის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების შესწავლისას აუცილებლად უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან პოლიტიკური და არაპოლიტიკური დამნაშავეები.
გაფრთხილება: სტატიის წაკითხვამდე გაითვალისწინეთ, რომ ტექსტი შეიცავს სექსუალურ და სხვა სახის ძალადობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
როდესაც ანდრეი ჩიკატილო 52 ადამიანის მკვლელობის გამო სასამართლოს წინაშე წარსდგა, მან საკუთარ დანაშაულზე პასუხისმგებლობის აღებაზე უარი თქვა. მკვლელს, რომლის რკინის გალიაში მოთავსება გახდა საჭირო, რათა თავის მსხვერპლთა განრისხებული ოჯახებისგან დაცული ყოფილიყო, სჯეროდა, რომ ჩადენილი დანაშაულები გამოწვეული იყო არა მისი თავისუფალი ნებით, არამედ — მის კონტროლს მიღმა არსებული ძალებით.
ამ ძალებს შორის მთავარი აღზრდისას გამოწვეული ტრავმა იყო. ჩიკატილო — საბჭოთა კავშირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერიული მკვლელი — ჰოლოდომორის დროს დაიბადა. ეს იყო ხელოვნურად გამოწვეული მასობრივი შიმშილობა, რომელმაც დაახლოებით 3.5 მილიონი უკრაინელი გლეხის სიცოცხლე შეიწირა. ჩიკატილო კოლმეურნეობაში გაიზარდა. ბავშვობაში ის შიმშილისგან ხშირად კარგავდა გონებას, რის გამოც მჩაგვრელთა სამიზნე ხდებოდა.
ჩიკატილოს მტკიცებით, მის კონტროლს მიღმა არსებული კიდევ ერთი ფაქტორი ბიოლოგია იყო. სერიულ მკვლელ მოზარდობიდან იმპოტენციის პრობლემა ჰქონდა. მას ჩვეულებრივი სქესობრივი კონტაქტის დროს ერექციის შენარჩუნება არ შეეძლო, მაგრამ მყისიერი ეაკულაცია განიცადა მაშინ, როცა დის მეგობარი ძალის გამოყენებით მიწაზე მიაჯაჭვა. მოგვიანებით მან აღმოაჩინა, რომ კიდევ უფრო მეტ სექსუალურ კმაყოფილებას ადამიანთა ცივი იარაღით დაჭრით და წამებით აღწევდა.
დაკავების შემდეგ ჩიკატილო რამდენიმე ფსიქიატრმა გასინჯა. სასამართლო პროცესის მსვლელობისას მის ადვოკატს სურდა, ფსიქიატრები მოწმეებად დაეკითხა. მას სურდა მათთვის ეკითხა, ათავისუფლებდა თუ არა არეული ფსიქიკა მის დაცვის ქვეშ მყოფს ჩადენილი დანაშაულისგან. როდესაც ამ შუამდგომლობაზე უარი უთხრეს, ჩიკატილო ურჩი და არათანმიმდევრული გახდა — ეს, სავარაუდოდ, სასამართლოს იმაში დარწმუნების მცდელობა გახლდათ, თითქოს ის შეშლილი იყო.
მკვლელმა განაცხადა, რომ ის ორსული და მეძუძური იყო და ასურულ მაფიას დაპირისპირებოდა. წიგნის, ამხანაგი ჩიკატილო: რუსეთის სახელგანთქმული სერიული მკვლელის ფსიქოპათოლოგია, ავტორების, მიხაილ კრივიჩისა და ოლგერტ ოლგინის თანახმად, ერთ მომენტში ჩიკატილომ შარვლიდან პენისი ამოიღო და თქვა: "შეხედეთ ამ უსარგებლო ნივთს. როგორ ფიქრობთ, ამით რისი გაკეთება შემეძლო?"
იმის მიუხედავად, კონკრეტულად რის მიღწევას ცდილობდა ჩიკატილო, ფაქტია, რომ არ გამოუვიდა. მისი სასამართლო პროცესი — რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მედიაში პირველი გახმაურებული ამბავი გახდა — ზუსტად ისე დასრულდა, როგორც ხალხი მოელოდა. ეგრეთ წოდებულ "როსტოვის ჯალათს" სიკვდილი მიუსაჯეს. 1994 წლის თებერვალში მას თავში ესროლეს და ციხის სასაფლაოზე მდებარე უსახელო საფლავში დამარხეს.
სისხლის სამართალი რევოლუციის შემდგომ რუსეთში
ჩიკატილო სასამართლოს წინაშე ვლადიმერ ლენინის მმართველობის დროს რომ წარედგინათ, შესაძლოა, მას სულ სხვანაირი ბედი სწვეოდა. საბჭოთა ისტორიის ამ ადრეულ პერიოდში კომუნისტური პარტია ჯერ კიდევ იმის გარკვევაში იყო, თუ როგორ შეეძლო თავისი იდეალისტური ფილოსოფია მმართველობის პრაქტიკულ ფორმად ექცია. და ლენინი — მისი მემკვიდრისგან განსხვავებით — არ იყო იმ ტიპის ადამიანი, რომელიც მარქსისტულ იდეოლოგიას არაფრად დაგიდევდათ.
თავდაპირველად ბოლშევიკები თავიანთი სამართლებრივი სისტემის კარლ მარქსის სწავლებების მიხედვით ორგანიზებას ცდილობდნენ. იმდროინდელ რუსეთში უკომპრომისო მარქსისტებს შორის "დანაშაული" და "სასჯელი" ბურჟუაზიული კულტურის ინსტრუმენტებად განიხილებოდა — ინსტრუმენტებად, რომლებსაც ქვეყნის მმართველები ადრე იმისათვის იყენებდნენ, რომ ჩაგრულები თავიანთ ადგილზე დარჩენილიყვნენ.
რევოლუციონერებს არ სურდათ იმ იურიდიული ტერმინოლოგიის გამოყენება, რომელსაც კლასობრივ მტერს მიაკუთვნებდნენ. ამან მათ საკუთარი ენის შექმნისკენ უბიძგა. "დანაშაული" იურიდიული ლექსიკონიდან გაქრა. სასჯელის ნაცვლად, ისინი "სოციალურ თავდაცვაზე" ალაპარაკდნენ და დანაშაულები "სოციალურად საშიშ ქმედებებად" შეიცვალა — ქმედებებად, რომლებიც სახელმწიფოს სოციალიზმის მიღწევის გზაზე აბრკოლებდა.
ადრეული საბჭოთა კავშირის მკვლევრებმა კრიმინოლოგიის დისციპლინაში — განსაკუთრებით კი არასრულწლოვანთა დანაშაულთან მიმართებაში — მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. ეს მათთვის აქტუალური თემა იყო. ომის წლებმა, რევოლუციამ და სამოქალაქო ომმა რუსების მომავალ თაობაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. ეკონომიკა ჩამოიშალა და ოჯახები დაინგრა, რამაც ახალგაზრდების მუდმივად მზარდ რაოდენობას კრიმინალისკენ უბიძგა.
1918 წელს კომუნისტურმა პარტიამ სცადა, ეს ტენდენცია იმ კანონის შექმნით შეეცვალა, რომელიც 17 და 18 წლის დამნაშავეების სასამართლოში გასამართლებას კრძალავდა. სანაცვლოდ, მათი მომავალი მიენდო "არასრულწლოვანთა საქმეების კომისიებს", რომლებიც მოსამართლეებისგან, პედაგოგებისა და ექიმებისგან შედგებოდა. ისინი სახელმწიფოს მხრიდან საპასუხო რეაქციას არა უშუალოდ დანაშაულის, არამედ "სოციალური უგულებელყოფის" დონეზე დაყრდნობით იმუშავებდნენ.
"კომისიას არავითარ შემთხვევაში არ შეეძლო არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიყვანა — რაც უნდა მძიმე ან წინასწარგანსაზღვრული ყოფილიყო მათი დანაშაული", — წერს ნათან ბერმანი ჟურნალში, კრიმინალური სამართლისა და კრიმინოლოგიის შესახებ, გამოქვეყნებულ სტატიაში, — "ამ ახალგაზრდა დამნაშავეებთან მოპყრობის ფორმები მხოლოდ სამედიცინო-პედაგოგიურ ჭრილში განიხილებოდა".
მკვლელობა სტალინის დროს
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდების დანაშაულებრივი ქმედებებისადმი ეს ადრეული მიდგომა რევოლუციური იყო, ის დიდხანს არ შენარჩუნებულა. 1935 წელს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მიერ გამოცემული დადგენილების თანახმად, 12 წელს ზემოთ არასრულწლოვანები, რომლებიც დამნაშავედ ცნეს ქურდობაში, თავდასხმაში, მკვლელობასა თუ მკვლელობის მცდელობაში, "ექვემდებარებიან ყველა ხარისხის სისხლის სამართლებრივ სასჯელს". ამაში სიკვდილით დასჯაც შედიოდა.
ამ სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ინიციატივა არა თავად სტალინის, არამედ მისი უახლოესი თანამოაზრეებისგან წამოვიდა. იმავე წელს თავდაცვის სახალხო კომისარმა, კლიმენტ ვოროშილოვმა სტალინს მისწერა წერილი, რომელშიც ის ამტკიცებდა, რომ სიკვდილით დასჯა იყო ყველაზე ეფექტიანი გზა მოსკოვის ახალგაზრდობაში დანაშაულის მზარდი მაჩვენებლის წინააღმდეგ საბრძოლველად.
ერთ-ერთი არასრულწლოვანი დამნაშავე, რომელსაც უშუალოდ შეეხო ეს კანონი, სერიული მკვლელი ვლადიმერ ვინიჩევსკი იყო. ვინიჩევსკი ათი წლით ადრე რომ გაესამართლებინათ, შესაძლოა, სიკვდილით დასჯას გადარჩენოდა. ნაცვლად ამისა, რვა ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული 17 წლის ახალგაზრდა სიკვდილით დასაჯეს და მოსკოვში უსახელო მასობრივ სასაფლაოზე დამარხეს.
ვინიჩევსკის სიკვდილით დასჯა მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიცვალა საბჭოთა სამართლებრივი სისტემა სტალინის დროს. ლენინი 1917 წელს დაწერილ ნაშრომში, სახელმწიფო და რევოლუცია, ირწმუნებოდა, რომ საბჭოთა კავშირის მთავრობა სოციალიზმის მიღწევის პარალელურად არსებობას შეწყვეტდა. სტალინმა კი 1936 წელს გამოაცხადა, რომ სსრკ-ს ისე, როგორც არასოდეს სჭირდებოდა "კანონების სტაბილურობა".
ეს განცხადება უფრო პოლიტიკური იყო, ვიდრე იდეოლოგიური. ყოველივე ამის შემდეგ, 1936 წელს სტალინის დიდი წმენდა დაიწყო: პერიოდი, როდესაც გენერალური მდივანი სახელმწიფო ძალაუფლებაზე დაყრდნობით ცდილობდა იმ რეალური თუ წარმოსახვითი საფრთხეების განეიტრალებას, რომლებიც მის რეჟიმს ემუქრებოდა. ტერორი და კანონი, რომელიც ადრე ცალ-ცალკე ხორციელდებოდა, მოულოდნელად ერთი და იმავე სამთავრობო უწყებების პასუხისმგებლობად იქცა.
დაპატიმრებებისა და სიკვდილით დასჯის მზარდი რაოდენობის გასამართლებლად, ცვლილებები შევიდა მარქსისტულ-ლენინისტურ ჩარჩოში, რომელსაც საბჭოთა მმართველობის ყველა ასპექტი ემყარებოდა. იქ, სადაც ბოლშევიკების პირველი თაობა მტკიცედ დეტერმინისტული იყო, სტალინის მეთაურობით თეორეტიკოსებმა აღადგინეს მოსაზრება, რომ ცალკეული ადამიანები, რეალურად, ნებელობისა და ავტონომიის მნიშვნელოვან ხარისხს ფლობდნენ.
განსხვავებები პოლიტიკურ და არაპოლიტიკურ დანაშაულებს შორის
ამ ცვლილებების ეფექტი ორმხრივი იყო. ერთი მხრივ, ეს დაეხმარა სტალინს, შეექმნა იმ ბელადის სახე, რომელიც ერთპიროვნულად იხსნიდა საბჭოთა კავშირს თავისთავადი დაშლისგან. მეორე მხრივ, კანონმდებლებს მიეცათ იდეოლოგიური საფუძველი, პასუხისგებაში მიეცათ კრიმინალები იმ ქმედებების გამო, რომლებშიც ადრე გარემოს ადანაშაულებდნენ.
ამ პერიოდის შემსწავლელი რუსი მკვლევრები ამტკიცებენ, რომ წმენდას იმაზე ნაკლები გრძელვადიანი გავლენა ჰქონდა სსრკ-ის სამართლებრივი სისტემის ბუნებაზე, ვიდრე მრავალს წარმოუდგენია. ეს დასკვნა, როგორც ჩანს, თანხმობაშია იმ რამდენიმე საბჭოთა იურისტის მონაყოლთან, რომლებიც 1991 წელს კომუნისტური პარტიის დაშლის შემდეგ თავიანთ პროფესიულ გამოცდილებაზე წერდნენ.
წიგნში, საბოლოო განაჩენი: ჩემი როგორც საბჭოთა ბრალდებულთა ადვოკატის ცხოვრება, დინა კამინსკაია აცხადებს, რომ არაპოლიტიკური დანაშაულების სასამართლო პროცესების უმეტესობა შედარებით სამართლიანად და პროფესიონალურად ტარდებოდა. ადვოკატები, მოსამართლეები და პოლიციის გამომძიებლები ერთობლივად მუშაობდნენ, რათა უზრუნველეყოთ თითოეული საქმის საფუძვლიანად გამოძიება და სასჯელის დანაშაულის სიმძიმესთან შესაბამისობა.
პოლიტიკურ კრიმინალებს იმავენაირად არ ეპყრობოდნენ — ძირითადად იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირი მათ რეჟიმისთვის უფრო საშიშად თვლიდა, ვიდრე არაპოლიტიკურ დამნაშავეებს. მათი ლოგიკის თანახმად, ვინიჩევსკის მსგავს მასობრივ მკვლელს რამდენიმე ასეული ადამიანის სიცოცხლის განადგურება შეეძლოთ, მაგრამ მისი მსგავსი ანტისოციალური ადამიანები ვერასდროს წამოიწყებდნენ აჯანყებებს, რომლებიც კომუნისტურ პარტიას დაემუქრებოდა.
რთული სათქმელია, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მიმართ სტალინის მიდგომა ლენინისაზე ეფექტიანი იყო თუ არა. სისხლის სამართლის სამთავრობო ჩანაწერები 1920-იან წლებში სანიმუშო თანმიმდევრულობით გამოიცემოდა. ეს ტენდენცია დიდი წმენდის შემდეგ შესუსტდა — ის სტატისტიკა, რომელსაც მთავრობა აქვეყნებდა, ხშირად ბუნდოვანი იყო და იშვიათად თუ გახლდათ სანდო.
თუმცა ერთი რამ ცხადია, საბჭოთა კავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების შესწავლა მარქსიზმ-ლენინიზმის ჩარჩოს გაუთვალისწინებლად შეუძლებელია. სხვა თუ არაფერი, ამ პოლიტიკურმა იდეოლოგიამ არა მხოლოდ ჩიკატილოს მსგავს კრიმინალებს მისცა საკუთარი დანაშაულების კონტექსტუალიზაციის გზა, არამედ განსაზღვრა ისიც, თუ რაზე დაყრდნობით ადგენდა სახელმწიფო კრიმინალურ ქმედებებზე პასუხისმგებლობის დაკისრების ფორმებს.
კომენტარები