ავსტრალიაში ფსიქოდელიური სოკოს ახალი სახეობა აღმოაჩინეს
ფსიქოდელიური სოკოს ახალი სახეობა ახლახან აღმოაჩინა დოქტორმა ალისტერ მაკტაგარტმა, კუინსლენდის უნივერსიტეტის მკვლევარმა. საუბარია ავსტრალიის ჩრდილოეთ ტერიტორიის კაკადუსა და ლიჩფილდის ეროვნული პარკებიდან აღებული ნიადაგის ნიმუშებზე.
ნიადაგის ნიმუშების გაანალიზებისას მან შენიშნა ფსილოციბინის სოკოს დნმ-ის თანმიმდევრობა, რომელიც აქამდე არასოდეს ყოფილა იდენტიფიცირებული. უცნობი სახეობა მიეკუთვნება ფსილოციბინების გვარს და შეიცავს გენებს, რომლებიც წარმოქმნიან ფსილოციბინს, ფსიქოდელიურ ნაერთს.
თუმცა, ნიადაგში სოკოს მხოლოდ მიკრობული კვალი აღმოაჩინეს, ამიტომ მისი ზუსტი ვიზუალი და მახასიათებლები დღემდე საიდუმლოდ რჩება. გენეტიკური შემადგენლობის მიხედვით, დოქტორი მაკტაგარტი თვლის, რომ ეს სოკოს ახალი სახეობა შეიძლება ჰგავდეს Psilocybe brunneocystidiata-ს, ფსიქოდელიურ სოკოს, რომელიც აღმოაჩინეს 1970-იან წლებში პაპუა-ახალ გვინეის ტროპიკულ ტყეებში.
მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ახლა ეს სოკო ველურ ბუნებაში — ავსტრალიაში, ამერიკასა და აზიაში ხარობს, თუმცა არავინ იცის, საიდან წარმოიშვა ის. მაკტაგარტის კვლევის კიდევ ერთი ნაწილი მოიცავს ავსტრალიის მშობლიური ფსიქოდელიური სოკოების პირველი ცოცხალი კოლექციის შექმნას.
"ჩვენ ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ ვერკვევით ფსიქოდელიური სოკოს ბიომრავალფეროვნებაში. ჩვენ ისიც კი არ ვიცით სოკოს რამდენი სახეობა გამოიმუშავებს ფსილოციბინს", — თქვა მაკტაგარტმა განცხადებაში.
ფსიქოდელიური სოკოების გენეტიკის ფართოდ შესწავლა მეცნიერებს ისეთი მახასიათებლების იდენტიფიცირებაში დაეხმარება, რომლებიც შეიძლება სასარგებლო იყოს ფსიქოდელიური მკურნალობისა და სამედიცინო კვლევებისთვის. ბოლო დროს მზარდმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფსიქოდელიური სოკო შეიძლება იყოს ეფექტური ფსიქიკური პრობლემების სამკურნალოდ.
კომენტარები