ნეიტრალიტეტის პატივისცემა რუსულად: რატომაა რთული ჩრდილოელი აგრესორის სიტყვის ნდობა
თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეიჭრა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა დაიწყო. ამ დროის განმავლობაში ათასობით უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი შეეწირა აგრესიას, რომლისთვისაც თავად რუსეთში ომის წოდებაც კი აკრძალულია და, სანაცვლოდ, სახელმწიფო თავის მოსახლეობას დეზინფორმაციით კვებავს.
იმის დასანახად, რომ რუსი სამხედროების არაადამიანობამ და სისასტიკემ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, მხოლოდ ბუჩას ტრაგედიაც საკმარისია. და ეს უკრაინის ტერიტორიაზე მომხდარი ომის დანაშაულების მხოლოდ ერთი, ჩვენამდე მოღწეული ნაწილია. მსოფლიოს უახლოეს მომავალში უკრაინაში ჩადენილ სისასტიკეთა შესახებ მეტის გაგებაც მოუწევს.
ყველაფერ ამის პარალელურად, ოფიციალურად, რუსეთი "თანხმდება", რომ საომარი მოქმედებები უნდა შეწყდეს, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, მას აბსურდული მოსაზრებები აქვს იმის თაობაზე, თუ რის ხარჯზე უნდა "დამყარდეს მშვიდობა". უკრაინის პოზიცია აშკარა და მკვეთრად გამოხატულია. მათ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და დამპყრობელი ჯარის საკუთარი მიწიდან გაძევება უნდათ. აი, რუსეთის შემთხვევაში კი საქმე ცოტა უფრო რთულადაა.
საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ საქართველოსა და უკრაინის მოსახლეობამ წლების წინ ევროპული არჩევანი გააკეთა. 2003 წელს თბილისსა და 2014-ში კიევში, ორივე მათგანმა დაამტკიცა, რომ კურსი არა ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთისკენ, არამედ მკვეთრად დასავლეთისკენ აქვთ აღებული.
კრემლს, რბილად რომ ვთქვათ, ეს არ გახარებია. ევროკავშირისა და ნატოს წევრობაზე ჩვენი სურვილი სრულიად მიუღებელია პუტინის ხელისუფლებისათვის. მეტიც, ორივე რევოლუციას სისხლიანი ომი მოჰყვა, რამაც მშვიდობიან ქვეყნებს ადამიანურთან ერთად, დიდი ტერიტორიული დანაკარგიც მიაყენა.
რუსეთი ითხოვს გარანტიებს
რუსეთი ითხოვს გარანტიებს, რომ მის საზღვრებთან ნატოს არცერთი წევრი ქვეყანა და, შესაბამისად, მისი არცერთი სამხედრო ბაზა არ განთავსდება. ამის თაობაზე განცხადებები კრემლის არაერთი მაღალჩინოსნისგან მოვისმინეთ, მათ შორის თვითონ ვლადიმერ პუტინისგანაც.
ომამდე ათი დღით ადრე პუტინმა ჩაატარა ბრიფინგი, რომელზე აღნიშნა, რომ ნატოს ინფრასტრუქტურა სახლის წინ აქვს აშენებული. Sky News-თან კი განმარტა, რომ ეს ფაქტი კატეგორიულად მიუღებელია მისთვის. მისივე თქმით, უკრაინის ნატოში არგაწევრიანების საკითხზე ახლავე უნდა დაეწყოთ მუშაობა, რადგან მერე რუსეთისთვის გვიანი იქნებოდა. პუტინმა მაშინ დასძინა, რომ ამის გაკეთებას მოლაპარაკებების საშუალებით გეგმავდა. ეს იმ ადამიანის სიტყვებია, რომელიც მათი წარმოთქმიდან ორ კვირაზე ნაკლებ დროში ბავშვთა საავადმყოფოებსა და სამშობიაროებზე ცეცხლის გახსნის ბრძანებას გასცემს.
კრემლის ნარატივი ძირითადად იმ ხაზს მიჰყვება, თითქოს მათ საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობის დაცვა სურდეთ; ქვეყნის, რომლის საზღვრებიც, როგორც პრეზიდენტმა პუტინმა აგვიხსნა, უსაზღვროა და მოსახლეობის, რომელთა ოჯახებიც წევრებს მპყრობელობით ომში ბრძოლისას კარგავენ.
ამ ყველაფრის ფონზე, პუტინის მარჯვენა ხელი, სერგეი ლავროვი, რამდენიმე კვირის წინ უკრაინის ნეიტრალიტეტზე ალაპარაკდა.
რას ნიშნავს ნეიტრალიტეტი?
ნეიტრალიტეტი ეს არის სახელმწიფოს მდგომარეობა, იყოს მიუმხრობელი, როგორც წესი, საომარი კონფლიქტების მიმართ. ნეიტრალიტეტის მრავალი სახე არსებობს — იქნება ეს შერჩევითი, სამუდამო, უიარაღო (კოსტა-რიკა) თუ შეიარაღებული (შვეიცარია). პოლიტიკური პრაქტიკა უკვე რამდენიმე საუკუნეს ითვლის და, წარმატებულთან ერთად, წარუმატებელი გამოცდილებებიც მრავლად ახსოვს. ამ უკანასკნელის მაგალითია მეორე მსოფლიო ომის დროს შვეიცარიისა და ირლანდიის შემთხვევა, რომელთაც, გამოცხადებული ნეიტრალიტეტის მიუხედავად, მაინც არ ასცდათ საბრძოლო ჭურვები.
მეორე მსოფლიო ომამდელ მსოფლიოში ქვეყნებისა თუ ცალკეული ტერიტორიული ერთეულების მიერ გამოცხადებული ჩაურევლობის პოლიტიკა წარმატებული იშვიათად ყოფილა. შეგვიძლია ამჯერადაც შვეიცარიის მაგალითი გავიხსენოთ, რომელმაც მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეების მიჯნაზე ახალი კონსტიტუციით მიღებული ნეიტრალიტეტის მიუხედავად, ფრანგულ გავლენას თავი ვერაფრით დააღწია. მეტიც, შვეიცარია ვალდებული იყო, ნაპოლეონის იმპერიისათვის სამხედრო რესურსი მიეწოდებინა.
როგორც წესი, ასეთი ქვეყნები ადრე თუ გვიან მაინც ხდებოდნენ ამბიციური იმპერიების ლუკმა, მაგრამ ბოლო პერიოდში რაღაცები შეიცვალა. დღეს ქვეყნის ნეიტრალურად ცნობას საერთაშორისო აღიარება და, უმეტეს შემთხვევაში, გარანტორი სახელმწიფოები სჭირდება.
ავსტრიის შემთხვევაში, რომელმაც ნეიტრალიტეტი 1955 წელს გამოაცხადა, ასეთ სახელმწიფოებს შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და საბჭოთა კავშირი წარმოადგენდნენ. ფინეთის შემთხვევაშიც საბჭოთა კავშირისკენ უნდა გავიხედოთ. შვეიცარიას კი ვენის კონგრესის ხელმომწერი სახელმწიფოები უმაგრებენ ზურგს.
რუსეთი და წარსული გამოცდილება
დავუბრუნდეთ კრემლს. ლავროვის განცხადებით, უკრაინის ნეიტრალიტეტი სერიოზულად განიხილება — რასაკვირველია, უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად. მისი თქმით, შეთანხმების ყველა ფორმა მისაღებია, რომელიც უკრაინასა და სხვა ქვეყნებს, მათ შორის რუსეთს, უსაფრთხოების გარანტიას მისცემს. თუმცა ერთი გამონაკლისით — ნატოს გაფართოება გამორიცხულია. მას უნდა, რომ უკრაინიდან ყველა ის იარაღი გაიტანონ, რომელიც რუსეთის ფედერაციას საფრთხეს უქმნის. ლავროვმა ისიც კი თქვა, რომ ასეთი ტიპის იარაღებზე მონიტორინგს თავად რუსეთი განახორციელებდა. უკრაინის სრულ დემილიტარიზაციაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა რუსეთისათვის სახიფათო იარაღის თაობაზე ზემოხსენებული სიტყვები უკრაინულ არმიას პოტენციური თავდამსხმელის წინააღმდეგ ფაქტობრივად უუნაროს დატოვებდა.
Vox-ის სტატიაში, რატომ განიხილება ნეიტრალური უკრაინა სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ერთი საინტერესო ფრაზაა დაწერილი: "უკრაინის ნეიტრალიტეტი მას, დიდი ალბათობით, ნატოში გაწევრიანების ამბიციას სამუდამოდ ჩამოაშორებს. მას ასევე არ ექნება ნატოს ბაზებისა და სამხედრო ნაწილების თავის ტერიტორიაზე განთავსების საშუალება. ეს ყველაფერი კი, სავარაუდოდ, რუსეთის მხრიდან რაღაც სახის უსაფრთხოების გარანტიების ხარჯზე მოხდება, რათა უკრაინამ მათგან მორიგი შეტევა თავიდან აიცილოს".
გეცნოთ სიტუაცია? დიახ, სცენარი მართლაც ჰგავს 1994 წელს იმავე აქტორებს შორის განვითარებული მოვლენების ჯაჭვს, რომელიც საბოლოოდ ბუდაპეშტის მემორანდუმით დასრულდა.
აშშ-ის, რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტები: კლინტონი, ელცინი და კრავჩუკი. 1994 წლის 14 იანვარი, მოსკოვი.
ფოტო: Wikimedia Commons
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე მსოფლიოში სიდიდით მესამე ყველაზე დიდი ბირთვული არსენალი დარჩა. საბჭოთა კავშირის ატომური პროგრამის ერთი მესამედი სწორედ უკრაინულ მიწაზე იყო განთავსებული, რაც ჩიკაგოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორის, ჯონ მეარშეიმერის თქმით, საერთო ჯამში 4 ათას საბრძოლო რაკეტას შეადგენდა. ის, ამასთან, ჯერ კიდევ 1993 წელს დასძენდა, რომ უკრაინიდან ბირთვული არსენალის გატანა მას მომავალში რუსული აგრესიის მსხვერპლად აქცევდა. თუმცა უკრაინა დათანხმდა არსენალის ნაწილის განადგურებასა და ნაწილის რუსეთისთვის გადაცემას.
1994 წლის 5 დეკემბერს უკრაინის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციის მონაწილეობით გაფორმდა ბუდაპეშტის მემორანდუმი, რომლის საფუძველზე ზემოხსენებული ქვეყნები უკრაინას ხელშეუხებლობის გარანტიას აძლევდნენ, რაც დოკუმენტის პირველი ორი პუნქტითაა განსაზღვრული:
- რუსეთის ფედერაცია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები ადასტურებენ თავიანთ პასუხისმგებლობას უკრაინის მიმართ, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციის საბოლოო აქტის პრინციპების შესაბამისად, პატივი სცენ უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და არსებულ საზღვრებს.
- რუსეთის ფედერაცია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ ვალდებულებას, თავი შეიკავონ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მუქარისგან და ძალის გამოყენებისგან. მათი იარაღი არასოდეს იქნება გამოყენებული უკრაინის წინააღმდეგ, გარდა თავდაცვის მიზნით ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების შესაბამისად.
იმავე 1994 წელს მოლდოვამ საკუთარი თავი, კონსტიტუციის მეთერთმეტე მუხლით, მუდმივად ნეიტრალურად გამოაცხადა.
რაც შეეხება საქართველოს, რომელმაც დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადა და შედეგად რუსეთიდან ორგანიზებული სისხლიანი სამოქალაქო ომის მსხვერპლი გახდა — მას რუსეთის ფედერაციასთან არც უკრაინის მსგავსი მემორანდუმი არ გაუფორმებია და არც ნეიტრალიტეტის სტატუსი მიუღია.
ბუდაპეშტის მემორანდუმის შემდეგ
უკრაინა: მემორანდუმისთვის ხელის მოწერიდან 20 წლის შემდეგ, როდესაც პრორუს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს უკრაინელთა "ღირსების რევოლუციის" წყალობით ხელისუფლების დათმობა და ქვეყნიდან გაქცევა მოუწია, რუსული შენაერთები ყირიმის ტერიტორიაზე შევიდნენ.
ყირიმის ანექსიიდან 8 წლის შემდეგ, მათი ჯარები კიევის მისადგომებს მიადგნენ. ამასთან ერთად, რუსეთმა კიდევ ორი უკრაინული ტერიტორია — ლუგანსკი და დონეცკი სეპარატისტების მიერ მართულ ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებელ სახალხო რესპუბლიკებად აღიარა.
მოლდოვა: 27 აგვისტოს მიღებული კონსტიტუციიდან (რომელმაც მოლდოვა ნეიტრალურ სახელმწიფოდ აქცია) 28 წლის შემდეგ ქვეყნის დნესტრის პირა აღმოსავლეთ რეგიონი დღემდე ოკუპირებულია რუსული ძალების მიერ.
საქართველო: 2008 წელს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, რაც 21-ე საუკუნის პირველ ევროპულ ომადაა მიჩნეული.
ასევე იხილეთ:
თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ სამმა სახელმწიფომ რუსეთთან საურთიერთოდ სამი განსხვავებული გზა არჩია, თუმცა შედეგად სამივემ ერთი რამ — აგრესია მიიღო, დასკვნა მარტივი გამოსატანია: არ არსებობს სცენარი, რომელშიც რუსეთის ფედერაცია კეთილსინდისიერი გარანტორი ქვეყანა იქნება; სცენარი, სადაც ის თავისი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების მცველად მოგვევლინება. უკრაინის ნეიტრალიტეტის შესახებ კრემლის მოთხოვნა მხოლოდ უკრაინისთვის წაყენებული პირობა არაა. ის მოლდოვასა და საქართველოსაც იმავე შეტყობინებას უგზავნის, თუმცა ამჯერად ირიბად.
დღევანდელი რეალობა
გია დვალს, რომელიც სხვადასხვა დროს ლექციებს ნიუ-იორკის, ICTP-ისა და მაქს პლანკის უნივერსიტეტების აუდიტორიებში კითხულობდა (ბოლო მათგანში ინსტიტუტის დირექტორის სტატუსით), ჰუმბოლტისა და სხვა მრავალი პრემიის ლაურეატს, საინტერესო მოსაზრება აქვს ნეიტრალიტეტის თაობაზე. მან რამდენიმე დღის წინ TV Pirveli-სთვის მიცემულ ინტერვიუში საკითხზე საუბრისას შემდეგი მეტაფორა გამოიყენა:
წარმოიდგინეთ, რომ ველურ ადგილას ხართ, ყინვაში, მტაცებელი ცხოველებით გარშემორტყმული, სადაც ადამიანების ჯგუფი ცდილობს გადარჩეს და ციხესიმაგრისკენ [იგულისხმება ნატო] მიემართებიან, რომელიც მათ დაიცავს. ეს ადამიანები იქვე მახლობლად ბანაკდებიან, რადგან შიგნით არ უშვებენ თავისივე ბრალით — საკმარისად ძლიერად არ აბრახუნებენ კარზე. თუმცა ამ ციხესიმაგრის ჩრდილქვეშ შედარებით დაცულები არიან მტაცებლებისგან და შესვლის იმედიც არ მომკვდარა. იქიდანაც შეძლებისდაგვარად ეხმარებიან ამ ხალხს. ამ სიტუაციაში კი მათთან მიდის ვიღაც, ვინც ეუბნება, რომ სადღაც შორს არის ოაზისი, სადაც ყველაფერი კარგად იქნება. ეს ოაზისი ნეიტრალიტეტია. მაგრამ, რად უნდა ლაპარაკი იმას, რომ იქამდე მისასვლელ გზაზე შეგჭამენ.
ნეიტრალიტეტიც ეს არის. უკვე გავლილი გზიდან, რომლისთვისაც ამდენი მსხვერპლი და სისხლი გავიღეთ და რომელშიც მიზანი და ლოგიკა ნათელია, უნდა გამოვბრუნდეთ უკან და გაურკვეველ გზას დავადგეთ "ოაზისისკენ".
ამ საკითხზე საუბრისას, რაც რუსეთის ნდობას შეეხება (ამის გარეშე ნეიტრალიტეტი, უბრალოდ, წარმოუდგენელია), საქართველოს ძალიან ხანგრძლივი და მწარე გამოცდილება აქვს.
1770 წელი — ღალატი ასპინძის ბრძოლაში. 1783 წელს ხელმოწერილი გეორგიევსკის ტრაქტატი და დარღვეული ვალდებულებები. 1795 წელი — ღალატი კრწანისთან. 1801 წელი — საქართველოს ანექსია. სისხლში ჩახშობილი აჯანყებები. 1811 წელი — ავტოკეფალიის გაუქმება. 1921 წელი — პირველი რესპუბლიკის ანექსია და ქართული მიწების გასხვისება მეზობელ ქვეყნებზე. სია ძალიან გრძელია და თარიღებს შორის ათიათასობით ქართველის (და არამარტო) სისხლია დაღვრილი.
იგივე სიტუაცია იყო უკრაინაში და რუსეთის იმპერიისა და შემდგომში საბჭოთა კავშირის მოსაზღვრე სხვა რესპუბლიკებშიც. ზოგიერთებმა შეიძლება თქვან, რომ სამ-ნახევარი საუკუნის წინანდელი შეთანხმებები დღეს არარელევანტურია და მხედველობაში არაა მისაღები. შეიძლება, მათ ასევე ერთი ხელის მოსმით მოიცილონ 1990-იან წლებში ხელმოწერილი დოკუმენტებიც.
მაგრამ საქმე სწორედ ის არის, რომ ერთი ცვლადი, რომელიც ყველა ამ ამბავში უცვლელი რჩევა, ზუსტად რუსეთი და მის მიერ პირობების გამუდმებული დარღვევაა. კონტრასტისთვის: გაერთიანებულ სამეფოსა და პორტუგალიას შორის 1386 წელს გაფორმებული უინძორის ხელშეკრულება მსოფლიოში უძველეს სამხედრო ალიანსად მიიჩნევა, რომელიც დღემდე — დიახ ოცდამეერთე საუკუნემდეც — აქტიური სტატუსის მქონე საერთაშორისო დოკუმენტია. მისთვის ისტორიის განმავლობაში არაერთხელ უერთგულიათ მონაწილე ქვეყნებს. ის ფაქტი, რომ მეშვიდე საუკუნეა, ეს შეთანხმება ძალაშია, ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ პრობლემა თავად შეთანმხების ბუნებაში არაა. პრობლემა იმ კონკრეტულ აქტორშია, ვინც მსგავს პირობებს ხელს აწერს და შემდეგ თვალის დაუხამხამებლად სჩადის საპირისპიროს.
ამ ყველაფრის მიუხედავად, კრემლი გულმხურვალედ ამტკიცებს, თითქოს არაფერი უნდა იმ გარანტიის გარდა, რომ ნატო მისი საზღვრისკენ არ გაფართოვდება: არც ომი უნდა, რომელიც 24 თებერვალს გამთენიისას სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმით დაიწყო და არც მეზობლების ტერიტორიები, რომლებიც დღემდე ოკუპირებული აქვს (მოლდოვას — საქართველოსა და უკრაინისგან განსხვავებით — რუსეთთან სახმელეთო საზღვარი საერთოდ არ გააჩნია, თუმცა მისი დნესტრის პირა აღმოსავლეთ რეგიონი ამ დრომდე არ ემორჩილება კიშინიოვის ხელისუფლებას).
საინტერესოა, რამდენჯერ უნდა ვენდოთ რუსეთს და რამდენჯერ უნდა დავრჩეთ მოტყუებულები იმისათვის, რომ მწარე გაკვეთილი ბოლოს და ბოლოს ვისწავლოთ? პასუხი, სამწუხაროდ, ჯერ არავის აქვს.
კომენტარები