ისტორიაში პირველად, ჰაბლმა 12.9 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული ვარსკვლავი დააფიქსირა
სამყაროზე აქტიური დაკვირვების სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა მნიშვნელოვნად გაზარდა კაცობრიობის ცოდნა. თუმცა, ის ამაზე გაჩერებას არ აპირებს.
რამდენიმე დღის წინ NASA-ს გოდარდის კვლევითი ინსტიტუტის წერილში სააგენტომ განაცხადა, რომ "რეკორდულად მნიშვნელოვანი აღმოჩენის" შესახებ მალე ყველას გაგვაგებინებენ და ეს "ისტორიის წიგნებში ჩაიწერება".
"ჰაბლის ეს უახლესი აღმოჩენა არა მხოლოდ აფართოებს ჩვენს გაგებას სამყაროს შესახებ, არამედ ქმნის კვლევის საინტერესო და სრულიად ახალ არეალს, როგორც თავად ჰაბლის ისე ახალი ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპისთვის", — ნათქვამი იყო განცხადებაში.
ახლა კი ცნობილი ხდება, რომ ასტრონომებმა ყველაზე შორეულ ვარსკვლავი დააფიქსირეს, რაც კი ოდესმე უნახავთ. მათი თქმით, აღმოჩენა შესაძლოა სამყაროს ჯერ კიდევ უცნობი ეპოქის საიდუმლოების ამოხსნაში დაგვეხმაროს. ვარსკვლავის სინათლეს დედამიწამდე მოსაღწევად დაახლოებით 12,9 მილიარდი წელი დასჭირდა, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე ადრე დაფიქსირებული ყველაზე შორეული "სუპერგიგანტის" ცხრა მილიარდი სინათლის წელიწადი.
მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ისინი გაოცებულები იყვნენ ვარსკვლავის დაშორებით, რომელსაც მათ უწოდეს "Earendel", რაც ძველ ინგლისურად დილის ვარსკვლავს ნიშნავს.
დოქტორმა გიომ მალერმა, დურჰამის უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტიდან და ექსტრაგალაქტიკური ასტრონომიის ცენტრიდან, თქვა: "ეს შესაძლოა იყოს ყველაზე ადრეული ვარსკვლავი, რომელსაც ჩვენ ოდესმე ვიხილავთ დიდი აფეთქების შემდეგ".
მეცნიერები ამბობენ, რომ თუ ერენდელი ერთი ვარსკვლავია, ის მზის მასაზე მინიმუმ 50-ჯერ დიდია და მილიონჯერ კაშკაშა, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე მასიურ ვარსკვლავად აქცევს. თუმცა, ასეთი გიგანტური ვარსკვლავის დაფიქსირებაც კი შეუძლებელი იქნებოდა ბუნებრივი გადიდების გარეშე — ეფექტით, რომელსაც ეწოდება "გრავიტაციული ლინზირება".
"ამ ახალი ვარსკვლავის შესწავლა იქნება ახალი ფანჯარა სამყაროს შესასწავლად, რომელიც აქამდე ჩვენთვის უცნობი იყო. თითქოს აქამდე საინტერესო წიგნს ვკითხულობდით, მაგრამ კითხვა პირდაპირ მეორე თავით გვქონდა დაწყებული. ახლა კი გვექნება საშუალება ვნახოთ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი", — ამბობენ მეცნიერები.
ნასაში ამბობენ, რომ უშორესი ვარსკვლავის შესწავლას მომავალში ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი გააგრძელებს და კიდევ უფრო საინტერესო სიახლეებს შემოგვთავაზებს.
"ვების ტელესკოპით დავაზუსტებთ ყველაფერს, გავიგებთ ვარსკვლავის სიკაშკაშესა და ტემპერატურას", — თქვეს პროექტზე მომუშავე მკვლევრებმა.
სელმა დე მინკმა, მაქს პლანკის ასტროფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერების დირექტორმა და ნაშრომის თანაავტორმა, თქვა: "ეს ჩვენი ბებია-ბაბუის ძველი ფოტოა, რადგან სწორედ ესეთი ობიექტებია ჩვენი ვარსკვლავური წინაპრები. არ დაგავიწყდეთ, ჩვენ შექმნილნი ვართ იმ ელემენტებისაგან, რომლებიც მათ ოდესღაც აწარმოეს".
ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზოგიერთი შავი ხვრელი, რომელიც ახლაც გვხვდება, ასეთი უძველესი ვარსკვლავების ნარჩენებია. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ "ეარენდელი" და მომავალი მსგავსი აღმოჩენები დაეხამრებათ შავი ხვრელების ბუნების უკეთ გაგებაში.
კომენტარები