რომელი ქიმიური ელემენტებისგან შედგება ადამიანის სხეული?
პერიოდულ სისტემაში სულ 118 ქიმიური ელემენტია. შეიძლება იფიქროთ, რომ მათი უმრავლესობა ადამიანის ორგანიზმშიც გვხვდება, თუმცა ეს ასე სულაც არაა: კომპლექსური სისტემებისაგან შემდგარ სხეულს ქიმიური ელემენტების კუთხით საკმაოდ მარტივი შედგენილობა აქვს.
"სხეულის მასის 97%-ს 118 ქიმიური ელემენტიდან მხოლოდ ოთხი მათგანი იკავებს", — Live Science-თან საუბრისას განაცხადა სტივენ ტანსენდმა, ვანდერბილტის უნივერსიტეტის ბიოქიმიკოსმა.
ეს ელემენტებია: ჟანგბადი, ნახშირბადი, წყალბადი და აზოტი. სტატიაში კი მათ ბიოლოგიურ როლებს მოკლედ გაგაცნობთ.
ასევე იხილეთ: ტესტი: რომელი ქიმიური ელემენტი იქნებოდი?
1. ჟანგბადი
ჟანგბადი ადამიანის მასის 65-67%-ს შეადგენს, რადგან სხეულის 50-60% წყალია (H2O), მისი თითოეული მოლეკულა კი წყალბადისა (H) და ჟანგბადის (O) ატომებს აერთიანებს (ჟანგბადატომი წყალბადისაზე მძიმეა). ჟურნალში Nature Reviews Cancer გამოქვეყნებულ მოხსენებას თუ დავეყრდნობით, ჟანგბადს ენერგიის წარმოქმნისა და მეტაბოლიზმის — სხეულში მიმდინარე ქიმიურ რეაქციათა ერთობლიობა — კუთხით სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
ასევე იხილეთ: 8 მარტივი მეთოდი, რომელიც მეტაბოლიზმის დაჩქარებაში დაგეხმარებათ
2. ნახშირბადი
ნახშირბადი სხეულის მასის 18-19%-ს შეადგენს, რაც გასაკვირი სულაც არაა იმის გათვალისწინებით, რომ ეს უკანასკნელი ორგანული ნივთიერებების წამყვანი კომპონენტია და, შესაბამისად, დედამიწაზე ყოველი ცოცხალი არსება "მისით ცოცხლობს". იგი ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ერთგვარი ჩონჩხია, ამიტომაც სხეულისა და მისი მასაზრდოებელი საკვებისათვის მნიშვნელოვანი როლი აქვს.
3. წყალბადი
118 ელემენტიდან სხეულში ყველაზე მეტი წყალბადის ატომია, თუმცა იგი ადამიანის მასის მხოლოდ 9-10%-ს შეადგენს, რადგან ნახშირბადსა და ჟანგბადს მასზე 12-ჯერ და 16-ჯერ მეტი მასები აქვს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 16 წყალბადატომს ჟანგბადის ერთი ატომის მასა აქვს.
წყალბადი (H) წყლის შემადგენელი ელემენტია — წყლის თითოეული მოლეკულა (H2O) წყალბადის ორი და ჟანგბადის ერთი ატომისაგან შედგება. ამასთანავე, ნახშირბადთან ერთად იგი ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მნიშვნელოვანი კომპონენტია.
4. აზოტი
მეოთხე ადგილზე აზოტია — აირი, რომელიც დედამიწის ატმოსფეროში ყველაზე ჭარბად გვხვდება და ადამიანის მასის 3%-ს შეადგენს. იგი ცილებისა და მათი საშენი მასალის, ამინომჟავების, უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. აზოტი დნმ-ისა და რნმ-ის აზოტოვანი ფუძეების მნიშვნელოვანი ნაწილიცაა. აზოტოვანი ფუძეებიდან ციტოზინი, ადენინი და გუანინი დნმ-ისა და რნმ-ისთვის საერთოა, თუმცა დნმ ცალკე თიმინს შეიცავს, რნმ კი ურაცილს. მარტივად რომ ვთქვათ, აზოტის გარეშე სხეული გენეტიკური ინფორმაციის შენახვასა და გამრავლებას ვერ შეძლებდა.
და ბონუსად — კალციუმი
ორგანიზმში ყველაზე ჭარბად არსებული ელემენტებიდან კალციუმი მეხუთე ადგილს იკავებს. იგი ადამიანის მასის 1-2%-ს შეადგენს, მისი 99% კი ძვლებსა და კბილებში გვხვდება.
ტაუნსენდის თქმით, ამ ხუთის გარდა ორგანიზმში არაერთი სხვა მნიშვნელოვანი ქიმიური ელემენტია, მაგალითად, ნატრიუმი. იგი სხეულის მხოლოდ 0.2%-ს შეადგენს, თუმცა სითხეების წონასწორობას არეგულირებს და ძალიან მნიშვნელოვანი მინერალია. შესაძლოა, ნატრიუმის ბალანსის დარღვევამ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, მაგალითად, სისხლის მაღალი წნევა და თირკმლის ფუნქციის შესუსტება.
"ადამიანის სხეული ჩახლართული რამაა, თუმცა, ვფიქრობ, სიმარტივის კუთხით იგი გასაოცარიცაა", — განაცხადა ტაუნსენდმა — "ურთიერთდაკავშირებული კომპლექსური სისტემები, რომლებიც ჩვენს სიცოცხლეზე აგებს პასუხს, სულ რამდენიმე ქიმიურ ელემენტს ეფუძნება. თუკი ადამიანის სხეულის სირთულეს გავითვალისწინებთ, ეს ნამდვილად ჯადოსნური რამაა".
კომენტარები