პოლუსებზე უპრეცედენტო დათბობის შემდეგ, ანტარქტიდაზე კონგერის ყინულის საფარი საბოლოოდ დაიშალა
ანტარქტიდაზე 1 200 კვადრატული კილომეტრის ფართობის ყინულის საფარი მთლიანად დაიშალა.
მეცნიერების თქმით, აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულის საფარი ამ თვეში ექსტრემალური სიცხეების შედეგად დანაწევრდა.
ხელოვნური თანამგზავრის სურათები გვიჩვენებს, რომ 1 200 კმ2 ფართობის კონგერის ყინულის საფარი 15 მარტს მთლიანად დაიშალა.
მოტივტივე ყინულის ფირფიტების ფორმირებას ხმელეთზე ათასობით წელი სჭირდება. იგი ჯებირივით მოქმედებს, რომელიც თოვლსა და ყინულს ხმელეთზე აკავებს და ოკეანეში ჩაშვების საშუალებას არ აძლევს.
მარტის სითბური ტალღა, რომლის დროსაც აღმოსავლეთ ანტარქტიდის რამდენიმე ადგილას ჩვეულებრივზე 40ºC-ით მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა, მინესოტას უნივერსიტეტის გლაციოლოგის, პიტერ ნეფის თქმით, ატმოსფერული მდინარის ფენომენს უკავშირდება.
ასევე იხილეთ: დედამიწის ორივე პოლუსზე გამაოგნებლად, ჩვეულებრივზე 30-40ºC-ით დათბა — რას ნიშნავს ეს
პროცესის დროს ასობით კილომეტრი სიგრძის სვეტები წარმოიქმნება, რომლებსაც წყლის ორთქლი ტროპიკებიდან სამხრეთის მიმართულებით გადმოაქვს და ქმნის ეფექტს, რომელსაც ნეფი "ტენის ცეცხლოვან მილს" უწოდებს.
"ანტარქტიდის კლიმატი დაუჯერებლად ცვალებადია, თუმცა ეს უკვე საზღვრებს სცდება", — ამბობს გლაციოლოგი. "ეს დათბობის მოვლენა ორჯერ უფრო ექსტრემალური მაინც იყო, ვიდრე მოველოდით".
რეგიონში ტემპერატურა წლის ამ დროს საშუალოდ -51ºC-ია, თუმცა კვირის დასაწყისში აქ -12ºC დაფიქსირდა. ნეფის თქმით, ტემპერატურა ნორმალურ ნიშნულს უკვე დაუბრუნდა.
თვალუწვდენელი ოკეანეებით გარშემორტყმული გაყინული კონტინენტი, რომელსაც თბილი ჰაერის ფართო მასების შემოჭრისგან ქარები იცავენ, კლიმატის კრიზისზე იმაზე ნელა რეაგირებს, ვიდრე არქტიკა. ეს უკანასკნელი, დანარჩენ პლანეტასთან შედარებით, 3-ჯერ უფრო სწრაფად თბება.
გასულ საუკუნეში აღმოსავლეთ ანტარქტიდაზე გლობალურ დათბობას გავლენა თითქმის არ მოუხდენია, თუმცა მთლიანმა კონტინენტმა 2002-2020 წლებში, NASA-ის მიხედვით, წელიწადში საშუალოდ 149 მილიარდი ტონა ყინული დაკარგა. კონგერის ყინულის საფარის დაკარგვა ამ ცვლილებების უახლესი მაგალითია.
კოლორადო ბაულდერის უნივერსიტეტის მთავარი მეცნიერ-მკვლევრის, ტედ სკამბოსის მიხედვით, კონგერის საფარმა მარტის სითბურ ტალღამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო დაშლა. მისი დანაწევრება აჩვენებს, რომ ანტარქტიდან ატმოსფერული ცვლილებების მიმართ მგრძნობიარეა, მაგრამ თვითონ ეს მოვლენა შეშფოთების მიზეზი არაა.
მკვლევარი იმასაც ამბობს, რომ პატარა მყინვარი კონგერის ყოფილი საფარის უკან, შესაძლოა, უფრო სწრაფი ტემპით შეუერთდეს ოკეანეს.
"ეს მყინვარი თქვენს ეზოში რომ იყოს, უზარმაზარი მოგეჩვენებოდათ, თუმცა ანტარქტიდის მასშტაბებისთვის და ზღვის დონის სტანდარტებით, ძალიან პატარა ტერიტორიას იკავებს", — დასძინა მან.
კომენტარები