რას გვიყვება 2014 წლის "ღირსების რევოლუცია" უკრაინელებზე
24 თებერვლიდან უკრაინა ომის — ძალადობრივი რეჟიმის თავისუფლებასთან ბრძოლის — მთავარ ფრონტად იქცა. დასახლებულ პუნქტებზე მიტანილი იერიშებით და მშვიდობიანი მოსახლეობის არ დანდობით კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა რუსული რეჟიმისა და იმპერიალისტური ამბიციების მქონე მისი ლიდერის, ვლადიმერ პუტინის სასტიკი ბუნება.
უკრაინელებმა ამ ფართომასშტაბიან ბოროტებას სიმტკიცე, თავისუფლების სურვილი და გამარჯვების რწმენა დაუპირისპირეს. მათ მხდალი, იდეოლოგიისაგან დაცლილი მტრის სახე ყველას დაანახეს და ამით მთელი მსოფლიოს გულიც მოიგეს. უკრაინელებისათვის ეს თავისუფლებისთვის ბრძოლაა, რომელშიც მნიშვნელოვანი გამარჯვება მათ ჯერ კიდევ რვა წლის წინ, "ღირსების რევოლუციის" შედეგად მოიპოვეს.
"ღირსების რევოლუცია" — უკრაინელების გამარჯვების სიმბოლო
ყველაფერი 2013 წლის ნოემბერში დაიწყო. უკრაინელი საზოგადოება ევროპულ ინტეგრაციას — კულტურული სიახლოვის გარდა — ეკონომიკური წინსვლისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების შესაძლებლობად მიიჩნევდა. ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა კი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება უარყო და სანაცვლოდ რუსეთისაგან $15-მილიარდიანი დახმარების პაკეტი მიიღო.
უკრაინელები იანუკოვიჩში მანამდეც ხედავდნენ კორუმპირებულ და პრორუს ლიდერს. თუმცა მისმა გადაწყვეტილებამ, უარი ეთქვა ევროინტეგრაციაზე, საზოგადოებაში საბოლოოდ ჩამოაყალიბა განწყობა, რომ პრეზიდენტმა უკრაინა რუსეთს მიჰყიდა.
2013 წლის 21 ნოემბერს ჟურნალისტმა და უკრაინის პარლამენტის წევრმა, მუსტაფა ნაიემმა Facebook-ზე პოსტი დაწერა: "ვინაა მზად დღეს საღამოს მაიდანზე მოსასვლელად?" ნაიემის მოწოდებამ, გაეპროტესტებინათ მთავრობის გადაწყვეტილება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შეჩერების შესახებ, სტუდენტები შეკრიბა. პროტესტმა პერმანენტული ხასიათი მიიღო და მომდევნო დღეების განმავლობაში ქუჩაში გამოსულებს პოლიცია არაერთხელ დაუპირისპირდა. 30 ნოემბერს დილის 4 საათზე კიევში რამდენიმე ასეული მომიტინგე სტუდენტი სპეცდანიშნულების რაზმმა, ბერკუტმა ძალის გამოყენებით დაარბია, რამაც მთელი ქვეყანა აღაშფოთა. 1 დეკემბერს, დარბეულებისადმი სოლიდარობისა და ვიქტორ იანუკოვიჩის გადაწყვეტილების საპასუხოდ, კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე 700 ათასზე მეტი მოქალაქე შეიკრიბა.
პროტესტის პირველ კვირებში მთავრობა ძალის გამოყენებით ცდილობდა მოედანზე შეკრებილი ხალხის დაშლას, მაგრამ უშედეგოდ. რაც უფრო დიდ აგრესიას ავლენდა ხელისუფლება, მით მეტი ადამიანი გამოდიოდა გარეთ. მართლაც, დღეების გასვლასთან ერთად, ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან სულ უფრო მეტი ადამიანი ჩადიოდა კიევში. ევროპული ღირებულებებით შთაგონებულმა და დემოკრატიულ სისტემაში ცხოვრების სურვილით ატანილმა უკრაინელებმა შთამბეჭდავი ერთიანობის პრეცედენტი შექმნეს. პროტესტმა სხვადასხვა შეხედულების მქონე ადამიანებს მოუყარა თავი. ისინი ყოველდღე, სამუშაო საათების დასრულებისთანავე, დამოუკიდებლობის მოედნისაკენ მიიჩქაროდნენ.
უკრაინის ხელისუფლებამ ქაოსის შესაქმნელად მომიტინგეებს შორის პროვოკატორები შეგზავნა, რისი მიზანიც დემონსტრანტთა დისკრედიტაცია იყო. იანვარში, იანუკოვიჩის მოთხოვნით, პარლამენტმა ანტისაპროტესტო კანონები დაამტკიცა, რომელთა დარღვევას მკაცრი სასჯელი მოჰყვებოდა. სახალხო აქციებთან დაკავშირებული ყოველგვარი ქმედება კრიმინალიზებული გახდა. კერძოდ, იკრძალებოდა სამთავრობო შენობების ბლოკირება, ნიღბების და ჩაფხუტების ტარება, კარვებისა და სცენების მოწყობა, 5 მანქანაზე მეტისაგან შემდგარი სამანქანო კოლონები და ა.შ. მთავრობის ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში დიქტატურის გამოცხადების ტოლფასი იყო.
დაპირისპირებულ მხარეებს — მოქალაქეებსა და მთავრობას შორის მოლაპარაკების პროცესი უშედეგო იყო, რადგან უკრაინელები არა მხოლოდ ევროპულ ინტეგრაციას, არამედ პრეზიდენტ იანუკოვიჩის გადადგომასაც მოითხოვდნენ.
18 თებერვლიდან კიევში ვითარება განსაკუთრებულად დაიძაბა. მშვიდობიანი მსვლელობის მონაწილეებს შენობების სახურავებიდან სპეცრაზმელები ხელყუმბარებსა და ტყვიებს ესროდნენ. შედეგად ათობით ადამიანი გარდაიცვალა, ასობით კი დაშავდა. ყველაზე მძიმე დღე 20 თებერვალი აღმოჩნდა, როცა, The Guardian-ის ცნობით, კიევში მინიმუმ 70 მომიტინგე დაიღუპა.
უკრაინის მთავრობა და ევროპელი დიპლომატები ცდილობდნენ, შეემუშავებინათ შეთანხმება, რომელიც კრიზისს დაასრულებდა. პრეზიდენტის გადადგომის ნაცვლად, ხელისუფლების მიერ შეთავაზებული შეთანხმება მოიცავდა პუნქტს, რომელიც მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნების დაჩქარებას გულისხმობდა.
მაიდანზე შეკრებილმა ადამიანებმა, რომლებიც ჯერ კიდევ გლოვობდნენ გარდაცვლილ თანამოქალაქეებს, შეთანხმება უარყვეს. ისინი დაჟინებით მოითხოვდნენ იანუკოვიჩის გადადგომას. ამგვარი დაძაბულობის ფონზე პრეზიდენტს ერთიმეორეს მოყოლებით ეცლებოდნენ ხელიდან მოკავშირეები. საბოლოოდ, 22 თებერვლის გამთენიისას ვიქტორ იანუკოვიჩი თავდაპირველად ხარკოვში, შემდეგ ყირიმში, მოგვიანებით კი რუსეთის ფედერაციაში გაიქცა.
"ღირსების რევოლუცია" 2004 წლის "ნარინჯისფერი რევოლუციის" იდეური გაგრძელება იყო. თუმცა ის, სამწუხაროდ, თავის წინამორბედზე ძალადობრივი აღმოჩნდა. ათწლიანი პაუზის მერე, 2013-2014 წლების ფართომასშტაბიანმა გამოსვლებმა ამ საშინელი მსხვერპლის ფასად დაადასტურა, რომ უკრაინელმა ერმა კორუმპირებულ, რუსული გავლენების ქვეშ მოქცეულ რეჟიმზე გაიმარჯვა.
მაინც რა მოიტანა რევოლუციამ?
"დამოუკიდებლობის 26-ე წელს ჩვენ წარმატებით დავასრულეთ ბრძოლა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციისთვის", — პეტრო პოროშენკომ ეს სიტყვები 2017 წლის 24 აგვისტოს განაცხადა. უკვე 1 სექტემბერს კი უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულება საბოლოოდ შევიდა ძალაში. ხელშეკრულება, რომლის შეჩერებაც "ღირსების რევოლუციის" საწყის ბიძგად იქცა, ევროკავშირთან დაახლოების მთავარ ინსტრუმენტად მიიჩნევა, რადგან ის ევროპასთან მყარ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირს უწყობს ხელს. რაც მთავარია, ამ ნაბიჯით უკრაინამ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კურსი განაახლა და ქვეყნისთვის რუსული გავლენებიდან ევროპული ინტეგრაციისაკენ სწრაფვა შეუქცევადი პროცესი გახდა.
"ღირსების რევოლუციამ" და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა პასუხისმგებლობიანი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება განაპირობა. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სახელმწიფოს დღის წესრიგის ფორმირებაზე, აკონტროლებს მთავრობის საქმიანობასა და მეტად ანგარიშვალდებულს ხდის მას. როგორც პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ, სერჰი ჟადანმა აღნიშნა, უკრაინელ ხალხში "არსებობს მხარდაჭერისა და სოლიდარობის განცდა. გათანგვისა და იმედგაცრუების მიუხედავად, საზოგადოება არ ნებდება. უფრო პირიქით — როგორც ჩანს, ის სწორედ ამ ზეწოლის ქვეშ შეიქმნა, ძლიერდება და მეტად ჰუმანური ხდება".
გასული წლის თებერვალში უმაღლესმა რადამ მიიღო რეზოლუცია, რომელმაც "ღირსების რევოლუცია" უკრაინის სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლების ეროვნული იდეის გამოხატვის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად დაადგინა.
მართლაც, "ღირსების რევოლუციით" უკრაინელებმა მაღალი ფასი გადაიხადეს დიქტატურისგან განთავისუფლებისა და თავისუფლების მოპოვებისათვის. მათ გამოცადეს ერთიანობის ძალა და ერთხელ უკვე დაახევინეს უკან აგრესორ მეზობელს, რუსეთს. ალბათ ეს წარსული გამოცდილებაცაა მათი ბრძოლისუნარიანობის და სიმამაცის მიზეზი. უკრაინელები ამბობენ, რომ დღეს ამ ომში გაიმარჯვებენ და თავიანთი სიმტკიცით ამას ჩვენც გვაჯერებენ.
კომენტარები