Facebook-ის ახალი ფუნქციები ჯგუფების ადმინებს დეზინფორმაციის აღკვეთაში დაეხმარება
Facebook ახალ საშუალებებს გვთავაზობს, რომლებიც ჯგუფების ადმინებს დეზინფორმაციის აღკვეთაში დაეხმარება.
განახლების საშუალებით ჯგუფის ადმინებს ისეთი პოსტების ავტომატური უარყოფა შეეძლებათ, რომლებიც Facebook-ის "ფაქტ-ჩექერებმა" ყალბად ცნეს. სურვილის შემთხვევაში ადმინებს შეეძლებათ, უფრო მკაცრი ზომები მიიღონ და ფუნქციის გამოყენებით პოსტი უარყონ, შემდეგ კი მომხმარებელი დაბლოკონ ან ჯგუფში დაპოსტვა დროებით აუკრძალონ.
Facebook-ს დეზინფორმაციისა და პრობლემური შიგთავსის კონტროლი უკვე წლებია უჭირს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია წესების დამრღვევი ჯგუფებისათვის სასჯელს უფრო და უფრო ამკაცრებს, პლატფორმაზე არსებულ ჯგუფებში პოლიტიკური, COVID-19-თან დაკავშირებული თუ სხვა სახის დეზინფორმაცია მაინც ვრცელდება.
მიუხედავად ამისა, შესაძლოა, ფუნქციამ ჯგუფებში ყალბი შიგთავსის გავრცელება მნიშვნელოვნად დააბრკოლოს, თუმცა მაინც ადმინებზეა დამოკიდებული, გამოიყენებენ თუ არა მას. აღსანიშნავია, რომ თუკი ჯერ ინფორმაცია გაზიარდა, ყალბად კი შემდეგ ცნეს, იგი ჯგუფში მაინც ხილვადი იქნება, თუკი ადმინი ან მოდერატორი არ წაშლის.
პლატფორმა ჯგუფების მართვის სხვა ასპექტების ავტომატიზებასაც ცდილობს. მაგალითად, ადმინებს შეეძლებათ, ავტომატურად შემოუშვან ან უარყონ ახალი წევრები სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით, მათ შორის მათი ასაკის, ჯგუფში არსებული მეგობრების და ა.შ.
კომენტარები