რამდენად საზიანოა დღეში თითო ჭიქა ალკოჰოლის მიღება? — კვლევა
უკვე ყველასათვის ნათელია, რომ ალკოჰოლის ჭარბი, ხშირი მოხმარება ტვინის სტრუქტურისა თუ ზომის ცვლილებებთან ასოცირდება და კოგნიტური უნარების გაუარესებას იწვევს, თუმცა, ახალ ანალიზს თუ დავეყრდნობით, შესაძლოა, ორგანოს საფრთხე კვირაში მხოლოდ რამდენიმე ჭიქა ლუდის ან ღვინის მიღებამაც შეუქმნას.
კვლევას, რომლის ფარგლებშიც 36 ათასი ზრდასრული ადამიანი მონაწილეობდა, პენსილვანიის უნივერსიტეტის გუნდი წარუძღვა. მათ დაადგინეს, რომ ტვინის საერთო ზომის შემცირებასთან ალკოჰოლის მსუბუქი თუ საშუალო დოზებით მოხმარებაც კი ასოცირდება. მათი მიგნებები ჟურნალში Nature Communications გამოქვეყნდა.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კავშირი ალკოჰოლის მოხმარების დონესთან ერთად ძლიერდებოდა. მაგალითად: 50 წლის მონაწილეებში დღეში ერთი ალკოჰოლური ერთეულის (დაახლოებით ნახევარი ჭიქა ლუდი) ორით (ერთი კათხა ლუდი ან ჭიქა ღვინო) ჩანაცვლება ტვინში ისეთივე ცვლილებებს იწვევდა, როგორსაც ორი წლით დაბერება. ორიდან სამ ალკოჰოლურ ერთეულზე გადართვა კი იმავე ასაკში ისეთივე აღმოჩნდა, როგორიც სამ-ნახევარი წლით დაბერება.
"ესოდენ დიდი საკვლევი ჯგუფი თითქმის შეუმჩნეველი კანონზომიერებების აღმოჩენის საშუალებას გვაძლევს, მათ შორის დღეში ნახევარი ან ერთი ჭიქა ლუდის ეკვივალენტის დალევას შორის", — ამბობს გიდეონ ნეივი, კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი.
ჰენრი კრანზლერის თქმით, რომელიც პენსილვანიის ადიქციების კვლევის ცენტრს ხელმძღვანელობს, მათი მიგნებები ალკოჰოლის უსაფრთხო რაოდენობასთან დაკავშირებით არსებულ რეკომენდაციებს არ შეესაბამება. კვლევის ფარგლებში ტვინის ზომის შემცირებასთან იმაზე ნაკლები რაოდენობა ასოცირდებოდა, ვიდრე, მაგალითად, ალკოჰოლის ავადმოხმარებისა და ალკოჰოლიზმის ეროვნული ინსტიტუტის რეკომენდაციებშია მითითებული.
ალკოჰოლის მოხმარებასა და ტვინის სიჯანსაღეს შორის კავშირის შესწავლა აქამდე არაერთი კვლევით უცდიათ, შედეგები კი საკმაოდ არაერთგვაროვანი იყო. საკმაოდ მყარი მტკიცებულებები არსებობს იმის სასარგებლოდ, რომ ალკოჰოლური სასმელების ჭარბი მოხმარება ტვინის სტრუქტურულ ცვლილებებს იწვევს, მათ შორის, რუხი და თეთრი ნივთიერების შემცირებას, თუმცა სხვა კვლევები იმასაც ამტკიცებდა, რომ ალკოჰოლის საშუალო დოზით მოხმარებას შეიძლებოდა, ცუდად სულაც არ ემოქმედა, მსუბუქ დალევას კი იქნებ 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში ტვინისათვის სარგებელიც კი მოეტანა.
მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულ ანალიზთა საკვლევი ჯგუფები შედარებით მცირე იყო. ამ შემთხვევაში მკვლევრებმა UK Biobank-იდან მიღებული მონაცემები გამოიყენეს, რომელშიც ნახევარი მილიონი შუა ხნის ან უფრო ასაკოვანი მოსახლის გენეტიკურ და სამედიცინო ინფორმაცია გვხვდება. მათ კონკრეტულად 36 ზრდასრული ადამიანის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გამოსახულებები შეისწავლეს, რათა ტვინის სხვადასხვა რეგიონში თეთრი და რუხი ნივთიერების რაოდენობა გაეზომათ.
"ამ მონაცემთა ბაზის ქონა მიკროსკოპის ან უფრო მძლავრი ლინზიანი ტელესკოპის გამოყენებას ჰგავს", — ამბობს ნეივი — "უკეთეს გარჩევადობას იძლევა და აქამდე შეუმჩნეველი კანონზომიერებებისა და კავშირების დანახვას იწყებ".
დალევასა ტვინს შორის შესაძლო კავშირების გამოსაკვლევად მეცნიერებმა სხვადასხვა ცვლადიც გაითვალისწინეს, რომელსაც კანონზომიერებების დაბინდვა შეეძლო: ასაკი, სიმაღლე, დომინანტური ხელი (ცაციაა ადამიანი თუ მემარჯვენე), სქესი, სხეულის მასის ინდექსი (BMI), მოწევის სტატუსი, სოციოეკონომიკური სტატუსი, გენეტიკა და საცხოვრებელი ქვეყანა.
Biobank-ში მონაწილე მოხალისეებს ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით წარსულში უკვე ჰქონდათ პასუხები გაცემული, მონაცემები კი ნულიდან დღეში საშუალოდ ოთხ ან მეტ ალკოჰოლურ ერთეულამდე მერყეობდა. მათი საშუალო მოხმარების მიხედვით დაჯგუფებისას მკვლევრებმა ერთი აშკარა კანონზომიერება შენიშნეს: რუხი და თეთრი ნივთიერების ზომა, რომლის პროგნოზირებაც ინდივიდის სხვა თავისებურებების გათვალისწინებით შეიძლება, შემცირებული იყო.
ნულიდან ერთ ალკოჰოლურ ერთეულზე გადართვას ტვინის მოცულობაზე დიდი არაფერი გავლენა ჰქონია, თუმცა ერთიდან ორამდე ან ორიდან სამამდე ცვლილება რუხი და თეთრი ნივთიერების შემცირებას უკავშირდებოდა.
"პრინციპი სწორხაზოვანი არ არის და, რაც მეტს სვამთ, მით უფრო უარესდება", — ამბობს კვლევის თანაავტორი რემი დავიეტი.
კონტექსტისთვის მეცნიერებმა ტვინის ზომის დალევისგან და დაბერებისაგან გამოწვეული შემცირება ერთმანეთს შეადარეს. მათი მოდელირების მიხედვით, დღეში მიღებულ დამატებით ალკოჰოლურ ერთეულს ტვინის დაბერებაზე შედარებით დიდი გავლენა ჰქონდა. დღიურად ნულიდან ერთ ერთეულამდე გაზრდას ნახევარი წლით დაბერების ტოლფასი გავლენა ჰქონდა, ნულსა და ოთხ სასმელს შორის განსხვავება კი დაბერების მინიმუმ 10 წელს შეადგენდა.
მომავალში კვლევის ავტორებს სურთ, ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით დამატებით კითხვებზე საპასუხოდ UK Biobank და სხვა მასშტაბური მონაცემთა ბაზები გამოიყენონ.
"კვლევის ფარგლებში ალკოჰოლის საშუალო მოხმარება შევამოწმეთ, თუმცა ისიც გვაინტერესებს, დღეში ერთი ჭიქა ლუდის მიღება უკეთესია თუ კვირის განმავლობაში არც ერთის, ბოლოს კი ერთბაშად 7-ის", — ამბობს ნეივი — "გარკვეული მტკიცებულება არსებობს, რომ ერთბაშად დიდი ოდენობის ალკოჰოლის მიღება ტვინზე უარესად მოქმედებს, თუმცა საკითხი დაწვრილებით არ შეგვისწავლია".
მეცნიერებმა ამჯერად მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ნაცვლად მხოლოდ კორელაცია შეისწავლეს, მომავალში კი სურთ, პირველი პუნქტი მეტად დააზუსტონ. მიუხედავად ამისა, კვლევის ავტორები მაინც მიიჩნევენ, რომ შესაძლოა, მათმა მიგნებებმა ალკოჰოლის აქტიური მომხმარებლები დააფიქროს.
კომენტარები