მკვდარი ვარსკვლავის მიმდებარედ დედამიწის მსგავსი პლანეტის კვალს მიაგნეს
სავარაუდო ეგზოპლანეტას მნათობის მახლობლად, სიცოცხლისთვის თავსებად ზონაში მიაკვლიეს, ანუ იქ, სადაც წყლის თხევად მდგომარეობაში არსებობაა შესაძლებელი.
ასტრონომთა გუნდმა მკვდარი ვარსკვლავის მიმდებარედ განლაგებული პლანეტური ნარჩენების შესწავლის შედეგად, ბუნებრივი თანამგზავრების ზომის ობიექტები დააფიქსირეს, რაც სიცოცხლისთვის თავსებად ზონაში სავარაუდო ეგზოპლანეტის არსებობაზე მიანიშნებს.
ის დედამიწის მსგავსი, მყარი ციური სხეული უნდა იყოს, რომელიც WD1054–226-ის სახელით ცნობილი თეთრი ჯუჯის გარშემო მოძრაობს — მნათობის მკვრივი ბირთვის (რაც მისგან დარჩა) ირგვლივ, 2.5 მილიონ კილომეტრ დისტანციაზე. დადასტურების შემთხვევაში, ეს გარღვევა იქნება, რადგან ამგვარი ობიექტის მახლობლად აქამდე მხოლოდ ერთი ეგზოპლანეტაა აღმოჩენილი, რომელიც აირისგანაა შედგენილი და თხევადი წყლის შესანარჩუნებლად ხელსაყრელ რეგიონში არ გადაადგილდება.
WD1054–226 ჩვენგან 117 სინათლის წლითაა დაშორებული, რაც კოსმოსური მასშტაბებით კოლოსალური მანძილი ნამდვილად არაა. ეს სხვადასხვა ხელსაწყოთი მის შესწავლას ამარტივებს. იქიდან მომავალი სიკაშკაშის ცვლილება სპეციალისტებმა ლა სილიის ობსერვატორიიდან დააფიქსირეს, დამატებითი მონაცემები კი NASA-ს ტელესკოპის TESS მეშვეობით მოიპოვეს.
მნათობის პერიოდული ციმციმი თანაბრად გადანაწილებული პლანეტური ნარჩენების მოძრაობას ემთხვევა, რომელთა ორბიტული პერიოდიც 25 საათი გახლავთ. სივრცეში მათი განლაგება ისეთი მყარი ციური სხეულის არსებობის ინდიკატორად მიიჩნევა, რომელიც დედამიწის ზომისაა.
მნიშვნელოვანია, რომ თეთრი ჯუჯების გამოკვლევა გვიჩვენებს, თუ რა ელის ჩვენს მზის სისტემას, რადგან ვარსკვლავი, რომელიც გვათბობს, შორეულ მომავალში სიცოცხლეს სწორედ ასე დაასრულებს (იხილეთ სტატია: როდის "ჩაქრება" ჩვენი მზე?). თუმცა, მანამდე წითელ გიგანტად გადაიქცევა — გაფართოვდება და შიდა პლანეტებს გაანადგურებს.
რაც შეეხება ზემოხსენებულ სავარაუდო ეგზოპლანეტას, ის იქ WD1054–226-ის გაფართოების შემდეგ უნდა გაჩენილიყო ან მოხვედრილიყო, რადგან ასეთ ახლო მანძილზე ამ პროცესს ვერ გადაურჩებოდა.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდა.
კომენტარები