მოდის ფრანგ ლეგენდას, კოკო შანელს, მიაჩნდა, რომ ნამდვილი ელეგანტურობის გასაღები სისადავე იყო. სადად, როგორც წესი, იმას აღვიქვამთ ხოლმე, რასაც ჩვენი თვალი ყოველდღიურობაში მეტ-ნაკლებად შეჩვეულია. ალბათ ზუსტად შეჩვევის ფენომენის გამო გვიჭირს სისადავის, ანუ "ელეგანტურობის გასაღების" დაფასება.

სწორედ მოდის ყოველდღიურობაში დამკვიდრება დაისახა მიზნად ქართულმა ბრენდმა კოსმომ, რომელიც 2015 წელს სოფი მუხულიშვილმა და თამო აფციაურმა დააფუძნეს. მოკრძალებული იდეა თავდაპირველად, უბრალოდ, ხელნაკეთი ნივთით გაჩნდა, თუმცა, კომპანია დღეს უკვე ათობით სხვადასხვა პროდუქტს აწარმოებს, რომელსაც 7 ფილიალში, პარტნიორ მაღაზიებსა და საერთაშორისო ონლაინმაღაზიაზეც კი ყიდის.

სახალხო მოდა

ფოტო: ლეკო ჭყონია / Women from the BAZAAR

სოფის თქმით, არასდროს ჰქონია ის განცდა, რომ "რადგან ქალია, რაღაცებს ვერ შეძლებდა". ასეც აღმოჩნდა — მიზანდასახულობითა და შრომისმოყვარეობით მან და თამომ გრძელ გზაზე წარმოქმნილი დაბრკოლებები დაძლიეს და გარშემო ათობით ადამიანი შემოიკრიბეს. ყველა ამ ადამიანს ახლა ორი რამ აერთიანებს — თავგადასავლების სიყვარული და იმის მტკიცე რწმენა, რომ მოდა სახალხო უნდა იყოს.

კოსმოში ამბობენ, რომ "თითოეული პროდუქტი უნიკალურია და განკუთვნილია სიახლეების და თავგადასავლების მაძიებელი, მეოცნებე და ცნობისმოყვარე ადამიანებისთვის".

ცნობისმოყვარე ადამიანებს კი სხვა რა სჭირდებათ, თუ არა სიახლე?! ამიტომაც კოსმოშიც გადაწყვიტეს, ჩაცმის ძირძველ ადგილობრივ და მსოფლიო ტრადიციებს დაბრუნებოდნენ და ისტორიული მოდა თანამედროვე ინტერპრეტაციით გაეცოცხლებინათ. ასე იქცა წელჩანთა ჩოხჩად.

ჩოხჩა

პრაქტიკული დანიშნულების გამო წელჩანთას ადამიანები ანტიკური პერიოდიდან აქტიურად იყენებდნენ, თუმცა, 1980-იან წლებში ეს აქსესუარი თანამედროვე ფორმით გახდა პოპულარული. დღეს კი მისი ქართული ვერსია, ჩოხჩაც, არსებობს.

ფოტო: ლეკო ჭყონია / Women from the BAZAAR

რა ნაცნობი სახელია, არა? ალბათ იმიტომ, რომ ინსპირაცია ზუსტადაც რომ ჩოხაა — ქართული ტრადიციული მოდის ყველაზე ცნობილი სიმბოლო, რომელსაც დღეს მხოლოდ ქორწილებსა და სხვა საზეიმო ცერემონიებზე თუ მოჰკრავთ თვალს. თუმცა, ჩოხჩას — დიდი ტრადიციის მქონე წელჩანთის ქართულ ვარიანტს — ყველგან შეხვდებით: ქუჩაში, ტრანსპორტში, მაღაზიაში, კლუბში და ბაზარშიც კი. ისე, "ც" რა შუაშია — ყველა-ყველა და თუ ვინმესთვის წელჩანთა პრაქტიკულია, უპირველესად — სწორედ ბაზარში მოვაჭრე ადამიანებისთვის.

მაგრამ რადგან მოსახერხებელი და პრაქტიკული აქსესუარის რეპუტაცია წელჩანთას არც სხვა ადამიანებში აკლდა, კოსმოს შექმნილი ჩოხჩების პირველი კოლექცია ყოველგვარი რეკლამის გარეშე გაიყიდა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ამ აქსესუარმა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისგან ოფიციალური პატენტიც კი მიიღო.

თუმცა, ჩოხჩას წარმატების ისტორია აქ არ დამთავრებულა — სულ ცოტა ხნის წინ აქსესუარმა შემქმნელებს პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს, Design-A-Bag-ის ხალხის რჩეულის პრიზი მოუტანა.

"სახალხო" — აი, ასე მოკლედ და ზუსტად განისაზღვრება კოსმოს აქსესუარების ადგილი მოდის სამყაროში. ამიტომ, როცა საქმე საქმეზე მიდგა და პროდუქტის ხალხისთვის უკეთ გაცნობის ჯერი მოვიდა, ბევრი არ უფიქრიათ; ცნობილი ამერიკული მოდის ჟურნალის, Harper's BAZAAR-ის ინსპირაციით ქართული გამოცემა, ქალები ბაზრიდან, შექმნეს და მოდის ინფლუენსერებადაც ნამდვილი ადამიანები — ნამდვილი ქალები აქციეს.

ალბათ არც ისაა დამთხვევა, რომ ქართული გამოცემის პირველი ნომერი მარტში გამოვიდა — იმ თვეში, როცა მსოფლიოში ქალების ისტორიულ და სოციოკულტურულ როლს აფასებენ და პატივს მიაგებენ.

ნამდვილი ქალები ბაზრიდან

ფოტო: ლეკო ჭყონია / Women from the BAZAAR

ნინო ხუციშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც ჟურნალის პირველ ნომერში მოხვდა. ბაზარში დასაქმებული ადამიანების მსგავსად, ხანგრძლივი, რუტინული სამუშაო აქვს. ამიტომ, ამბობს, რომ სამოსის შერჩევისას სილამაზესთან ერთად პრაქტიკულობასაც ანიჭებს მნიშვნელობას.

ფოტო: ლეკო ჭყონია / Women from the BAZAAR

სწორედ პრაქტიკულობის გამო უყვარს ნინოს ჩანთა, რომლითაც კოსმეტიკას თან დაატარებს და თავი მუდამ წესრიგში მოჰყავს. ამის გასაკეთებლად კი მოტივაცია ერთადერთია — საკუთარი თავი. უფრო ზუსტად, საკუთარი თავის პატივისცემა და მასზე ზრუნვა, რაც ბევრისთვის სამაგალითო უნდა იყოს.

ძალიან მიყვარს ის შეგრძნება, ყოველდღე სამსახურში როცა მივდივარ და პარფიურმერიის რიგს ჩავივლი — თავი პოდიუმზე მგონია ხოლმე.

ნინო ხუციშვილი

ნინოს აზრს იზიარებს მარინა მოწონელიძეც, რომელიც ქმრის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნდა და დღეს ასევე ბაზარში მუშაობს. თავსგადახდენილის მიუხედავად, მარინა ძლიერი ქალია და მიაჩნია, რომ "ყველა ქალმა ჯერ საკუთარი თავი უნდა დააფასოს და მერე სხვას უნდა სცეს პატივი".

ფოტო: ლეკო ჭყონია / Women from the BAZAAR

მარინასთვის მოტივაციაა ახლობლებიც და საკუთარი ხედვაც. მას მიაჩნია, რომ "ჯერ გული უნდა გქონდეს ლამაზი", რაც თავისთავად განაპირობებს მშვენიერებას. ამიტომ, გულით შერჩეულ სამოსს მის ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს. ეჭვგარეშეა, მარინას გარდერობში ჩოხჩაც გამორჩეულ ნაწილს დაიკავებს.

ჩაცმა ჩემს ცხოვრებაში არის პირველი. ჩემი აზრით, ყველა ადამიანს უხდება ლამაზად ჩაცმა.

მარინა მოწონელიძე

პროექტზე არაერთ სხვა ადამიანთან ერთად სტილისტმა და მხატვარმა, ჯაბა ქურთიშვილმა, იმუშავა. მისი თქმით, წელჩანთების ასოციაციას ყოველთვის ბაზართან აკავშირებდა, ამდენად ჩოხჩისთვის მოდელებად მოვაჭრეების შერჩევაც ბუნებრივი იყო. მუშაობის პროცესი გამორჩეული აღმოჩნდა, შედეგი კი — შთამბეჭდავი. ამის მისაღწევად, ჯაბას თქმით, "ორგანულობასა და ეკლექტიკურობას შორის" ბალანსის დაცვა დასჭირდათ.

"შერჩეული ლუქები მინდოდა ყოფილიყო მაქსიმალურად ავთენტური, ანუ მოდელების გარეგნობასთან და ხასიათთან შესაბამისი და, ამავდროულად, ეკლექტიკურიც, რადგან მსგავსი ტანსაცმლით ისინი სამსახურში არ დადიან ხოლმე", — აღნიშნავს სტილისტი.

ფოტო: ლეკო ჭყონია / Women from the BAZAAR

ეკლექტიკურობა მნიშვნელოვანი იყო კრეატიული სააგენტო Holy Motors-ისთვისაც, რომელიც პროექტის შემოქმედებით განხორციელებაში მთლიანად იყო ჩართული; სააგენტოს მისია ხომ ბრენდების ნულიდან შექმნაა. "არაფრისგან ყველაფერი" — ამ დევიზით Holy Motors ადამიანებს იდეების ხორცშესხმაში ეხმარება. და თუკი გავითვალისწინებთ, როგორი აღმოჩნდა ნამდვილი ქალების ინფლუენსერებად ქცევის შედეგი, ეს ნამდვილად გამოუვიდათ.


მარინასა და ნინოს გარდა, ჟურნალის პირველ ნომერში სხვა ქალებს — სარას, ვიკას, თეონას და ლუიზას — გაიცნობთ. წაიკითხავთ მათ ნამდვილ ისტორიებს და იმას, რითაც ისინი თავიანთ ყოველდღიურობას მართლაც პოდიუმად აქცევენ. ეს მხოლოდ ჩაცმას როდი ეხება — თქვა კიდეც მარინამ, მთავარი გულის სილამაზეაო. ამ ქალების ამბები სწორედ გულიდან არის მოყოლილი, ამიტომ შედეგი იმაზე ემოციური აღმოჩნდა, ვიდრე ალბათ მოდის ჟურნალის გვერდებია ხოლმე მიჩვეული.

თუმცა, ამ გვერდებზე მარტო ემოციებს კი არა, ინსპირაციასაც იპოვით. მნიშვნელობა არ აქვს, რამხელა ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში მოდას — დარწმუნებული იყავით, რომ ამ ისტორიებისთვის თქვენს გულსა და გონებაში აუცილებლად გამოინახება ადგილი.