19 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და რუსულ აგრესიაზე, დანაკარგებზე, სამომავლო გეგმებსა და კონფლიქტის არიდების დიპლომატიურ გზებზე ისაუბრა. ზელენსკის გამოსვლა კრიტიკული იყო, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების პოზიციების მიმართაც. უკრაინის პრეზიდენტმა კონკრეტული კითხვები დასვა და მოითხოვა დროული და პირდაპირი პასუხები NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

ზელენსკიმ რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, რომ ასრულებენ ყველა საერთაშორისო შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას, რასაც არ აკეთებს რუსეთი. არაერთხელ ახსენა ისიც, რომ უკრაინაში ომი არამხოლოდ მათი, არამედ ევროპის და, შესაბამისად, სრულიად მსოფლიოს პრობლემაა. სწორედ ამიტომ, შეახსენა პარტნიორებს, რომ "დახმარება", რომელსაც აწვდიან მათი წვლილია ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის და არა შემწეობა.

პრეზიდენტის სიტყვა რამდენიმე მნიშვნელოვან შეტყობინებას მოიცავდა, რომელსაც ამ სტატიაში შემოგთავაზებთ.

"უკრაინას უნდა მშვიდობა"

გამოსვლა ზელენსკიმ მშვიდობაზე საუბრით დაიწყო. ახსენა, რომ ეს უნდა უკრაინას და ევროპას და ამავეს ამტკიცებს რუსეთი, ე.ი. ვიღაც იტყუება.

უკრაინას უნდა მშვიდობა. ევროპას უნდა მშვიდობა. მსოფლიო ამბობს, რომ არ სურს ომი. რუსეთი კი ამბობს, რომ არ სურს თავდასხმა. ჩვენს შორის ვიღაც იტყუება. ეს არ არის აქსიომა, მაგრამ უკვე ჰოპოთეზაა

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა საუბარი დონბასში მომხდარ აფეთქებაზე განაგრძო და შეახსენა მსოფლიოს, რომ რუსეთის გასროლილი ჭურვი საბავშვო ბაღსა და სკოლის ეზოში ჩამოვადა, ბავშვებთან, რომელიც არა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში, არამედ ბაღსა და სკოლაში მიდიოდნენ.

"იქვე 30 ბავშვია, რომლებიც მიდიან… არა, NATO-ში არა, გაკვეთილებზე, სკოლაში. ვიღაცას ფიზიკა აქვს — მისი ელემენტარული კანონების ცოდნით, ბავშვებიც კი ხვდებიან, რამდენად უაზროდ ჟღერს განცხადებები იმაზე, რომ დაბომბვა ხდება უკრაინიდან.

ვიღაცას მათემატიკა აქვს — ბავშვებს კალკულატორის გარეშე შეუძლიათ გამოთვალონ სხვაობა, ბოლო სამ დღეში დაბომბვის რაოდენობასა და 2022 წლის მიუნხენის უსაფრთხოების რეპორტში უკრაინის ხსენებას შორის.

ვიღაცას კი ისტორია აქვს და როცა სკოლის ეზოში ბომბის დანატოვარი ღრმული ჩნდება, ბავშვებს უჩნდებათ კითხვა: ნუთუ მსოფლიომ დაივიწყა მე-20 საუკუნის შეცდომები?"

ფოტო: უკრაინის გაერთიანებული ძალების საოპერაციო შტაბი

"მსოფლიო უსაფრთხოების სისტემას განახლება სჭირდება"

ზელენსკიმ კონფერენციაზე ყურადღება გაამახვილა მსოფლიო უსაფრთხოების სისტემაზე, რომელსაც მისი აზრით, განახლება სჭირდება, რადგან ახალ საფრთხეებს ვერ ეწევა და არ არის ქმედითი მათ დასაძლევად. მანვე აღნიშნა, რომ ეს ჰგავს ხველის სიროფით მკურნალობას მაშინ, როდესაც საჭიროა კორონავირუსის ვაქცინა.

"უსაფრთხოების სისტემა ნელია და უკვე მერამდენედ გაჭედა სხვადასხვა მიზეზის გამო: ეგოიზმი, თავდაჯერება, სახელმწიფოების უპასუხისმგებლობა გლობალურ დონეზე. შედეგად — ზოგის დანაშაული და სხვების გულგრილობა. გულგრილობა, რომელიც თანამონაწილედ აქცევს.

სიმბოლურია, რომ ამაზე აქ ვლაპარაკობ, რადგან 15 წლის წინ რუსეთმა სწორედ აქ განაცხადა, რომ განზრახული აქვს გლობალური უსაფრთხოების გამოწვევა. რით უპასუხა მსოფლიომ? სიმშვიდით. შედეგი? სულ მინიმუმ, ყირიმის ანექსია და აგრესია ჩემი სახელმწიფოს წინააღმდეგ".

უკრაინის პრეზიდენტმა გააკრიტიკა გაეროს საქმიანობა მსოფლიო უსაფრთხოების მიმართულებით და თქვა, რომ ორგანიზაცია საკუთარ თავსაც ვერ იცავს მაშინ, როცა მისი დადგენილება ირღვევა და "როცა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყანა ახდენს გაეროს ერთ-ერთი დამაარსებელი ქვეყნის ტერიტორიის ანექსიას".

"მშვიდობა მხოლოდ ჩვენ არ გვჭირდება, მშვიდობა უკრაინაში სჭირდება მსოფლიოს"

ზელენსკიმ კონფერენციაზე ხაზი გაუსვა უკრაინაში დაძაბული ვითარების და ომის მნიშვნელობას მსოფლიო მასშტაბით. მისი თქმით, ყირიმის ანექსია და ომი დონბასში არის დარტყმა მთელი მსოფლიოსთვის და იმაზე მეტია საჭირო, ვიდრე Twitter-ზე დაწერა ან განცხადებები მედიაში. მან კიდევ ერთხელ უთხრა პარტნიორებს, რომ ეს ყველაფერი მსოფლიოს სჭირდება და არა მხოლოდ უკრაინას.

"ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას პარტნიორების მხარდაჭერის მიუხედავად. იმის მიუხედავად, გადმოგვეცემა ასობით თანამედროვე იარაღი ან 5 000 ჩაფხუტი — ვაფასებთ ნებისმიერ დახმარებას, მაგრამ ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს არ არის საქველმოქმედო შემოწირულობა, რომელიც უკრაინამ თქვენგან უნდა ითხოვოს, არც კეთილი ჟესტია, რის გამოც უკრაინამ თავი უნდა დახაროს. ეს თქვენი წვლილია ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის, უკრაინა კი რვა წელია ფარად ემსახურება მას. უკრაინა 8 წელია აკავებს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს არმიას, რომელიც ჩვენ და არა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვრებთან დგას".

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის დასახმარებლად იმაზე საუბარი კი არაა საჭირო თუ რამდენი ჯარისკაცია საზღვარზე ან როდის შეიჭრება რუსეთი, რაზეც ამერიკაც და ევროპის ქვეყნებიც ხშირად საუბრობენ, არამედ საჭიროა სხვა, განსხვავებულ და უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე ლაპარაკი.

"როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ დავიცავთ ჩვენს მშვენიერ მიწას — იდგება ჩვენ საზღვართან ნებისმიერი არმიის 50 ათასი, 150 ათასი, თუ მილიონი ჯარისკაცი. ნამდვილად რომ დაეხმაროთ უკრაინას, არ არის საჭირო იმის თქმა, რამდენი ჯარისკაცი და ტექნიკა დგას, უნდა თქვათ, რამდენი ვართ ჩვენ.

ნამდვილად რომ დაეხმაროთ უკრაინას, არ არის საჭირო მუდმივად ილაპარაკოთ სავარაუდო შემოჭრის თარიღებზე. ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას 16 თებერვალსაც, პირველ მარტსაც და 31 დეკემბერსაც. ჩვენ უფრო მეტად გვჭირდება სხვა თარიღების ცოდნა და თქვენ მშვენივრად იცით, რომლის", — განაცხადა მან.

ზელენსკიმ თქვა ისიც, რომ მშვიდობა მიღწეული უნდა იყოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების აღდგენასთან ერთად და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინას არავინ უყურებს ისე, როგორც ფარს.

იმედი მაქვს, არავინ ფიქრობს უკრაინაზე, როგორც მოსახერხებელ და მუდმივ ფარზე დასავლეთსა და რუსეთს შორის. ეს არ მოხდება არასდროს. ამას არავინ დაუშვებს

ზელენსკი

"ღია კარი კარგია, მაგრამ გვჭირდება ღია პასუხები"

ზელენსკიმ პარტნიორებს შეახსენა, რომ 8 წლის წინ უკრაინელმა ხალხმა გააკეთა არჩევანი, ბევრმა სიცოცხლე დათმო და აირჩია დასავლური გზა, მაგრამ 2014 წლიდან რუსეთი გამუდმებით ამტკიცებს, რომ ეს შეცდომაა და რეალურად ევროპაში უკრაინას არავინ ელის. უკრაინის პრეზიდენტმა დასვა კითხვა — ნუთუ ევროპა მუდმივად არ უნდა ამტკიცებდეს ქმედებებით, რომ ეს სიცრუეა?

მან იმავე აქცენტებით ისაუბრა NATO-ზეც და აღნიშნა, რომ ალიანსის კარი ღიაა, მაგრამ იქ შესვლა, ჯერჯერობით, უცხოებისათვის არ შეიძლება.

უკრაინის პრეზიდენტმა კონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყირიმი და დონბასის ოკუპირებული რაიონები აუცილებლად დაუბრუნდება უკრაინას, მაგრამ ეს მოხდება სამშვიდობო გზით. აქვე გამოეხმაურა რუსულ პროპაგანდასაც, რომელიც პუტინმა არაერთხელ გააჟღერა, თითქოს ნატოში გაწევრიანების შემდეგ უკრაინა შეეცდება ყირიმი სამხედრო გზით დაიბრუნოს, რაც გამოიწვევს ომს ევროპის სხვა ქვეყნების ჩართულობითაც. ზელენსკის თქმით, სასიხარულოა, რომ ტერმინი "ყირიმის დაბრუნება" გაჩნდა მათ ლექსიკონში, მაგრამ რუსეთმა უყურადღებოდ წაიკითხა NATO-ს წესდების მეხუთე მუხლი, რომელიც გულისხმობს, რომ კოლექტიური ქმედებები გათვალისწინებულია თავდაცვისა და არა თავდასხმისთვის.

"უკრაინა ასრულებს ნორმანდიის და მინსკის შეთანხმებებს. მათი ფუნდამენტი კი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის უპირობო აღიარებაა. ჩვენ ვისწრაფვით შეიარაღებული კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებისკენ. აღვნიშნავ, მხოლოდ საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობით".

ზელენსკიმ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მხრიდან მუდმივად ირღვევა მინსკის შეთანხმება. მისი თქმით, უკრაინა მზადაა ნებისმიერ სიტუაციაში ჩაერთოს კონფლიქტის მოგვარებისთვის დისკუსიაში და მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება სამი ქვეყნის ფორმატი თუ ოთხის, გაიმართება პარიზში, ლონდონში თუ სად. უკრაინის პრეზიდენტისთვის მთავარია, რომ დისკუსიაში მონაწილეობას იღებდეს უკრაინა და რუსეთი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო პარტნიორებს შეახსენა, რომ მსოფლიოში მესამე ბირთვულ პოტენციალზე უარის თქმის გამო, უკრაინამ მიიღო უსაფრთხოების გარანტია და ეს იარაღი ახლა არ აქვთ, მაგრამ ასევე არ აქვთ საკუთარი ტერიტორიების ნაწილი და უსაფრთხოებაც.

"ასევე, არ გვაქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე შვეიცარია, ნიდერლანდები, ბელგია. და რაც მთავარია, არ გვყავს ჩვენი მილიონობით მოქალაქე. აი, ეს ყველაფერი არ გვაქვს.

ესე იგი, რაღაც გვაქვს — ეს არის უფლება მოვითხოვოთ, რომ დამშვიდების პოლიტიკიდან უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტიების უზრუნველყოფაზე გადავიდეთ".

“კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია?”

კიდევ ერთი საკითხი რაზეც უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა ბუდაპეშტის მემორანდუმია. ზელენსკიმ განაცხადა, რომ 2014 წლიდან უკრაინამ სამჯერ სცადა ამ ფორმატში კონსულტაციები, სამივეჯერ უშედეგოდ. მისი თქმით, უკრაინა მეოთხედ გამოხატავს ამ სურვილს, ის კი, როგორ პრეზიდენტი პირველად და ეს იქნება ბოლო მცდელობაც. მას ბუდაპეშტის მემორანდუმის ფარგლებში კონსულტაციების გამართვა სურს და ამ საკითხის მოგვარება საგარეო საქმეთა მინისტრს დაავალა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ თუ ეს შეხვედრა/შეთანხმება კიდევ ერთხელ არ შედგება, უკრაინას ექნება ყველანაირი უფლება, ჩათვალოს, რომ მემორანდუმი არ მუშაობს.

ამასთანავე, ზელენსკიმ შესთავაზა პარტნიორებს უახლოეს კვირებში შეიკრიბოს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრების სამიტი, რათა არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილონ და შეიმუშაონ ახალი გარანტიები უკრაინისთვის, სანამ ის გახდება ალიანსის წევრი.

მისივე თქმით, უკრაინის დასახმარებლად შესაძლებელია ფონდის შექმნაც, რომლის მიზანიც ქვეყნის გაძლიერება და სამხედრო ძალების განახლება იქნება. მან პარტნიორებს მოუწოდა, გამოიმუშაონ სანქციების ეფექტური პაკეტი რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და უზრუნველყონ უკრაინის ენერგოდამოუკიდებლობა მაშინ, როდესაც Nord Stream 2 იარაღად გამოიყენება.

ყველა ეს კითხვა საჭიროებს პასუხს და ახლა მათ მაგივრად სიჩუმეა. სანამ იქნება ეს სიჩუმე — სიჩუმე არ იქნება ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში, ანუ ევროპაში, ანუ მთელ მსოფლიოში. იმედი მაქვს, რომ ბოლოს და ბოლოს ეს ესმის მსოფლიოს, ესმის ევროპას

ზელენსკი

"არ ჩამოვთვლი სათითაოდ, არ მინდა რომ ზოგიერთ სხვა ქვეყანას შერცხვეს"

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველა ქვეყანას, რომელიც დღეს უკრაინას მხარს უჭერს სიტყვით, დეკლარაციით, თუ კონკრეტული დახმარებით და აღნიშნა, რომ სათითაოდ არ ჩამოთვლის მათ, რადგან არ სურს, ზოგიერთ ქვეყანას შერცხვეს.

"მადლობელი ვარ ყველა ქვეყნის, ვინც დღეს მხარს უჭერს უკრაინას — სიტყვით, დეკლარაციით, კონკრეტული დახმარებით; მათ, ვინც დღეს ჩვენს მხარესაა, სიმართლის და საერთაშორისო სამართლის მხარეს… არ ჩამოვთვლი სათითაოდ, არ მინდა რომ ზოგიერთ სხვა ქვეყანას შერცხვეს. ეს მათი საქმეა, მათი კარმა და ეს მათ სინდისზეა. არ ვიცი, როგორ შეძლებენ ისინი, აუხსნან საკუთარი ქმედებები უკრაინაში 2 მოკლულ და 3 დაჭრილ ჯარისკაცს და რაც მთავარია, 3 გოგოს კიევიდან — ერთი 10 წლისაა, მეორე 6-ის, მესამე მხოლოდ 1-ის. დღეს ისინი მამის გარეშე დარჩნენ, დილის 6 საათზე, ცენტრალური ევროპის დროით".

უკრაინის პრეზიდენტმა გამოსვლის დასასრულს ომში დაღუპულთა ხსოვნას მიაგო პატივი და თქვა, რომ არ იცის რაზე ფიქრობდა სიცოცხლის ბოლოს რუსული დაბომბვისას დაღუპული ჯარისკაცი, მაგრამ მას ზუსტად ეცოდინებოდა პასუხი კითხვაზე, რომელიც კონფერენციის დასაწყისში ზელენსკიმ დასვა — ვინ იტყუება.

"მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილს დღეს და ომის წინა წლებში. სამუდამო ჯოჯოხეთი ყველას, ვისაც არ უნდა ეს შეაჩეროს. სამუდამო დიდება ყველას, ვინც იბრძვის და აგრძელებს ბრძოლას მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის. დიდება უკრაინას", — თქვა მან.

ნახეთ ნაწყვეტები ზელენსკის გამოსვლიდან: