ისტორიაში პირველად, პარალიზებულმა კაცმა ხერხემლის იმპლანტის მეშვეობით ფეხზე გაიარა
პარალიზებულმა კაცმა მის ხერხემალში მოთავსებული, აპლიკაციით კონტროლირებადი ელექტრული იმპლანტის მეშვეობით ფეხზე გავლა შეძლო, რაც ისტორიაში პირველი მსგავსი პრეცედენტია.
შვეიცარიელმა მეცნიერებმა ახალგაზრდა პაციენტის, მაიკლ როკატის ორგანიზმში სტიმულატორი მოათავსეს, რომელიც პლანშეტში ჩაშენებულ აპთან უსადენოდაა დაკავშირებული და მისი დახმარებით მუშაობს. კაცმა დაზიანება 2017 წელს მიიღო, როცა მოტოციკლით გადაადგილებისას ავარიაში მოყვა. თუმცა, ახალმა ტექნოლოგიამ მისი ცხოვრება შეცვალა.
მართალია, ეს მეთოდი მედიცინაში ახალი ნამდვილად არაა და უკვე დიდი ხანია გამოიყენება, მაგრამ ლოზანის უნივერსიტეტის საავადმყოფოს ექიმებმა ის პარალიზებულ პიროვნებაზე პირველად გამოცადეს. ტრადიციულად, ამგვარი იმპლანტი სიგნალებს პირდაპირ ტვინს უგზავნის, რათა ქრონიკული ტკივილი შეამსუბუქოს. გამოცემაში Nature Medicine journal გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორებმა კი ელექტრული იმპულსები ხერხემლის კონკრეტული რეგიონებისკენ მიმართეს, რომლებიც სიარულთან ასოცირდება.
აპლიკაცია შესაძლებლობას იძლევა, რომ სხეულში მოთავსებული მოწყობილობა "ვმართოთ", ანუ მივუთითოთ მოძრაობა, რომლის შესრულებაც გვინდა და ის შესაბამის წერტილში სიგნალს გაუშვებს. უსადენო კავშირის ხარვეზის შემთხვევაში, იმავე შედეგის მისაღებად სპეციალურ, სათადარიგო ღილაკებზე თითის დაჭერაც საკმარისია.
მაიკლ როკატის გარდა, კვლევაში კიდევ 2 ადამიანი მონაწილეობდა. ცდისპირებმა იმპლანტაციის შემდეგ, რამდენიმე საათში კიდურები აამოძრავეს და ცურვას, ველოსიპედზე დაჯდომასა და ფეხზე დადგომასაც მალევე გაართვეს თავი (ხელჯოხის გამოყენებით), როგორც ლაბორატორიაში, ასევე, მის გარეთ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ექსპერიმენტები აქამდე უმეტესწილად ცხოველებზე ტარდებოდა. შესაბამისად, ადამიანებზე გადანაცვლება მეცნიერებისთვის ნამდვილი გამოწვევა იყო. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ ყველაფრის მიღმა მათი დაუღალავი შრომა და დიდძალი რესურსი იმალება, თუმცა ამ სახის იმპლანტების ფართოდ დანერგვა კიდევ მრავალ კვლევას საჭიროებს.
კომენტარები