შორეული კოსმოსიდან უცნაურ სიგნალებს ვიღებთ — რასთან გვაქვს საქმე?
ასტრონომები შორეული კოსმოსიდან მომავალი უცნაური სიგნალების შესახებ იტყობინებიან, რომელთა მსგავსიც აქამდე არასდროს დაუფიქსირებიათ. ამასთან დაკავშირებით ისინი გამოცემაში Nature ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომში საუბრობენ.
იდუმალი რადიოტალღები ჩვენგან 4 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე რეგიონიდან მოდის. მეცნიერებმა საერთო ჯამში ცის ერთი და იმავე წერტილიდან წამოსული 71 პულსი აღმოაჩინეს, რომელიც ყოველ 18.18 წუთში მეორდებოდა და 30-დან 60 წამამდე გრძელდებოდა. აღსანიშნავია, რომ მათი წყარო დაბალი სიხშირის რადიომონაცემებში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ობიექტია, რომელსაც სახელად GLEAM-X J162759.5-523504.3 უწოდეს.
სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საქმე ნეიტრონული ვარსკვლავის ტიპთან, მაგნეტართან აქვთ. თუ მართლაც ასეა, მაშინ მას უპრეცედენტოდ ხანგრძლივი პულსაციის პერიოდი გამოარჩევს, რაც პირველი მსგავსი მიგნება იქნება. მეორე ვარიანტი განსაკუთრებული მაგნიტური თვისებების მქონე თეთრი ჯუჯაა, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა.
ობიექტები, რომელთა სიკაშკაშეც მოულოდნელად და მკვეთრად იცვლება, სამყაროში უამრავია, ასეთია, მაგალითად, პულსარიც, სწრაფად მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავი, რომელსაც მძლავრი რადიოგამოსხივება ახასიათებს. ამის მიუხედავად, ზემოხსენებული სიგნალები სრულიად განსხვავებულია.
მეცნიერებმა GLEAM-X J162759.5-523504.3-ს დასავლეთ ავსტრალიაში განლაგებული რადიოტელესკოპის Murchison Widefield Array მიერ 2018 წელს მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად მიაკვლიეს. ის მზეზე პატარა უნდა იყოს, ასევე, მაღალპოლარიზებული გამოსხივება და ძლიერი მაგნიტური ველი ჰქონდეს.
ამ ყველაფერს ისევ და ისევ მაგნეტარამდე მივყავართ, რომელიც მასიური ვარსკვლავის კოლაფსირებული ბირთვია. ხანგრძლივი პულსაციის პერიოდი კი შესაძლოა, შენელებული ბრუნვით ავხსნათ.
საინტერესოა, რომ მისგან რადიოტალღებს მხოლოდ 2 თვის განმავლობაში ვიღებდით, რისი მიზეზიც უჩვეულო ამოფრქვევა ან ისეთი აქტივობაა, რომელსაც ვეღარ ვაფიქსირებთ. ავტორები კვლევის გაგრძელებას გეგმავენ და იმედოვნებენ, რომ ამ საკითხის შესახებ მეტის გაგებას მოახერხებენ.
კომენტარები