გარღვევა კვანტურ კომპიუტერებში — მეცნიერებმა 99%-იან სიზუსტეს გადააჭარბეს
მეცნიერთა 3-მა სხვადასხვა გუნდმა სილიკონზე დაფუძნებული კვანტური კომპიუტერების ფუნქციონირებისას 99 პროცენტზე მეტ სიზუსტეს მიაღწია, რაც უშეცდომო გამოთვლებთან კიდევ ერთი ნაბიჯით გვაახლოებს.
ავსტრალიაში მდებარე ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში მომუშავე ანდრეა მორელოს ხელმძღვანელობით, სპეციალისტებმა 3-კუბიტიან სისტემაში 1-კუბიტით წარმოებული კვანტური ოპერაციისას 99.95-პროცენტიანი სიზუსტე მიიღეს, 2 კუბიტით კი 99.37-პროცენტიანი.
ნიდერლანდებში განლაგებულ დელფტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერებმა ე.წ. კვანტური წერტილების (ნახევარგამტარი ნაწილაკების) გამოყენებით, 1 კვანტური ბიტით 99.87-პროცენტიან შედეგს მიაღწიეს, ხოლო 2-ით — 99.65-პროცენტიანს.
იაპონელი მკვლევრების შემთხვევაში, Riken-ის სახელით ცნობილი ინსტიტუტის ფიზიკოსის, აკიტო ნოირის თაოსნობით, ასევე კვანტური წერტილების მეშვეობით, 1 კუბიტით უშეცდომობის 99.84-პროცენტიანი მაჩვენებელი დაფიქსირდა, 2-კუბიტით — 99.51-პროცენტიანი.
"როცა შეცდომები ასეთი იშვიათია, მათი აღმოჩენა და გამოსწორება შესაძლებელია. ეს ცხადყოფს, რომ რეალობისგან შორს არაა ისეთი კვანტური კომპიუტერები, რომლებიც საკმარისად მასშტაბური და მძლავრია, რათა მნიშვნელოვან გამოთვლებს გაართვას თავი", — აცხადებს ანდრეა მორელო.
კვანტურ კომპიუტერებში ინფორმაცია კუბიტებში ინახება და კოდირებულია 1-ში, 0-ში ან ორივეში ერთდროულად. ამ უკანასკნელს სუპერპოზიცია ეწოდება. ის კომპლექსური და უფრო მეტი მონაცემის გადამუშავების საშუალებას იძლევა. თუმცა, ხშირია ცდომილება, რომლის თავიდან აცილებაც მკვლევრების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია.
მორელომ, კოლეგებთან ერთად, 2014 წელს სილიკონის სუბსტრატში კვანტური ინფორმაცია 35 წამის განმავლობაში შეინარჩუნა, რაც იმ დროისთვის დიდი მიღწევა იყო. ამის მიუხედავად, ფოსფორის გამოცალკევებული ბირთვის ბრუნვაზე დაფუძნებული პროცესი კუბიტების კომუნიკაციას აფერხებდა, რის გამოსასწორებლადაც მათ სისტემაში ელექტრონი ჩართეს. ამგვარმა შუამავალმა დანარჩენი 2 კომპონენტის კავშირს შეუწყო ხელი.
იაპონელმა და ნიდერლანდელმა მეცნიერებმა სხვა მეთოდს მიმართეს. მათ შექმნეს სილიკონისა და სილიკონ-გერმანიუმის შენადნობის კვანტური წერტილები, რომლებიც კუბიტთა 2-ელექტრონიან წრედში გააერთიანეს. შემდეგ კი სათანადო პროტოკოლის გამოყენებით, მისკენ ელექტრული ძაბვა მიმართეს.
მათი ნაშრომები გამოცემაში Nature გამოქვეყნდა (კვლევებს შეგიძლიათ, გაეცნოთ აქ, აქ და აქ).
კომენტარები