როდის გავყიდოთ და როდის შევინარჩუნოთ აქციები
ინვესტირებაში დრო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. იმისათვის, რომ შენ მიერ განხორციელებული ინვესტიცია მომგებიანი იყოს, დროის ფაქტორს დიდი ყურადღება უნდა დაუთმო.
როდის ვიყიდოთ და გავყიდოთ აქციები, რათა ჩვენმა პორტფელმა არ იზარალოს? — ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გააზრებულ ინვესტირებაში დაგეხმარება და საფონდო ბირჟაზე შენს ქცევას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის.
ახლა, როცა აშშ-ის წამყვან აქციებში ინვესტირება მობილბანკის საშუალებითაც არის შესაძლებელი, ინვესტირების საკითხებში ჩაღრმავება განსაკუთრებით საჭიროა. მითუმეტეს, რომ ფასიან ქაღალდებში ინვესტიციის გაკეთება მინიმუმ 1 დოლარით შეგიძლია.
აქ სწორხაზოვანი მიდგომები ნაკლებად გამოგადგება. მაგალითად, როდესაც კონკრეტულ აქციებზე ფასები ეცემა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა შეშინდე და ისინი მოიშორო. ამ გადაწყვეტილების მისაღებად კიდევ არაერთი ფაქტორი უნდა გათვალისწინო. ამის შესახებ უფრო დაწვრილებით სტატიის მომდევნო ნაწილში მოგიყვებით.
როდის განიშნებს ბაზარი, რომ აქციების გაყიდვის დროა
არსებობს კონკრეტული შემთხვევები, რომლებმაც შენს მფლობელობაში არსებული აქციების გაყიდვისკენ შეიძლება გიბიძგონ. თუ არ გაყიდი, იმაზე მაინც დაფიქრდები, ღირს თუ არა მათი შენარჩუნება.
1. როდესაც ხვდები, რომ ეს კომპანია შენს საინვესტიციო ფილოსოფიას აღარ შეესაბამება
დაფიქრდი, ისევ შეესაბამება თუ არა შენს მიზნებს, მისწრაფებებსა და საინვესტიციო მიდგომებს კომპანია, რომლის აქციასაც ფლობ.
თუ არსებობს რაიმე სახის მნიშვნელოვანი ცვლილება აქციის ან ამ აქციის გამომშვები კომპანიის შემთხვევაში, ამან, შესაძლებელია, მისი გაყიდვისკენ გიბიძგოს.
- კომპანიის აქციების ფასები ეცემა, რადგან კონკურენტი ფირმა ბაზარს მაღალი ხარისხის პროდუქციას შედარებით დაბალ ფასად აწვდის;
- კომპანიის გაყიდვების ზრდა შესამჩნევლად შენელდა;
- კომპანიის მენეჯმენტი იცვლება და ისინი იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც შენთვის მიუღებელია.
ბუნებრივია, ეს სია შესაძლოა გაგრძელდეს. ამიტომ, დააკვირდი იცვლება თუ არა შენი და შენი აქციების ფილოსოფია და გადაწყვეტილება ფასიანი ქაღალდების შენარჩუნების შესახებ ამის მიხედვით მიიღე.
2. როდესაც ფული გჭირდება
ზოგადად, საუკეთესო პრაქტიკაა, არ დააბანდო ის თანხები აქციებში, რომლებიც შეიძლება მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში დაგჭირდეს. თუმცა, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან არავინ არის დაზღვეული. იმ შემთხვევაში, თუ ფული საპატიო მიზეზისთვის გჭირდება, რა თქმა უნდა, შეგიძლია აქციები დათმო. გაითვალისწინე, ეს მნიშვნელოვანი საინვესტიციო გადაწყვეტილებაა, რასაც შესაბამისი ანალიზი სჭირდება.
შესაძლებელია, ასეთი მიზეზი უძრავი ქონების შესყიდვა იყოს. გარდა ამისა, შესაძლებელია, აქციების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები საკუთარი შვილების სწავლაში დააბანდო და ა.შ.
3. როდესაც საკუთარი პორტფელი დაბალანსება გსურს
ინვესტირებაში პორტფელის დაბალანსება მნიშვნელოვანი რამ არის. ამაზე მუდამ უნდა იზრუნო, რადგან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ პორტფელს გადახედვა ესაჭიროება.
როგორც წესი, ბალანსში დივერსიფიცირება იგულისხმება. ეს ნიშნავს იმას, რომ წარმატებული პორტფელისთვის სხვადასხვა ტიპის ფასიან ქაღალდს უნდა ფლობდე.
პორტფელის დაბალანსების საკითხი რამდენიმე შემთხვევაში შეიძლება გამოიკვეთოს:
- პირველი ასეთი შემთხვევა მაშინ დგება, როდესაც შენი აქციის ღირებულება მნიშვნელოვნად იზრდება. ამ დროს კონკრეტული აქცია შენს პორტფელში დიდ ადგილს იკავებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, შენი პორტფელის ძირითად ნაწილს ერთი კონკრეტული კომპანიის ფასიანი ქაღალდები წარმოადგენს;
- მეორე ასეთი შემთხვევა შენი საპენსიო ასაკის მოახლოებას უკავშირდება. როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ინვესტორები, რომლებსაც გრძელვადიანი საინვესტიციო გეგმები აქვთ, მეტად რისკავენ. მათგან განსხვავებით, ინვესტორები, რომლებიც საპენსიო ასაკს მიუახლოვდნენ, შედარებით დაბალი, თუმცა გარანტირებული შემოსავლის მიღებას ანიჭებენ უპირატესობას.
4. როდესაც ფიქრობ, რომ ფულს სხვაგან უფრო მარტივად იშოვი
საუკეთესო შემთხვევაში ყოველთვის გექნებოდა ზედმეტი ფული, რათა შენთვის სასურველი საინვესტიციო გადაწყვეტილება მიგეღო. თუმცა რეალობა ასეთი შემთხვევებისგან ხშირად განსხვავდება. სწორედ ამიტომ, ახალი ინვესტიციისთვის, შესაძლებელია, შენს პორტფელში არსებული აქციების დათმობაც დაგჭირდეს. ამ შემთხვევაშიც პრიორიტეტების გადანაწილება იქნება საჭირო.
აქ მნიშვნელოვან როლს ვადიანობის საკითხიც თამაშობს. ზოგჯერ ინვესტორებს ურჩევნიათ გრძელვადიან პერიოდზე გათვლილი ინვესტიციები დათმონ, რათა მოგება სხვა აქციით მოკლე ვადაში მიიღონ.
როდის არ უნდა გაყიდო აქცია
მნიშვნელოვანია, ზუსტად იცოდე, როდის არ უნდა გაყიდო აქციები, რათა შენი პორტფელი არ დააზარალო. არ აჰყვე ბაზრის რყევებს და გადაწყვეტილების მიღებამდე სიღრმისეული ანალიზი ჩაატარე.
არ გაყიდო აქცია მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ფასი გაიზარდა. დააკვირდი და შეისწავლე: ეს იმპულსური ზრდაა, თუ კომპანიის წარმატებაზე დაფუძნებული. წარმატებული კომპანიის შემთხვევაში, როგორც წესი, გაზრდილი აქცია კიდევ უფრო გაიზრდება. ამიტომ, თუ ამის საჭიროება არ დაგიდგება, მათ გაყიდვას ნუ იჩქარებ.
არ გაყიდო აქცია მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ფასი მცირდება. ამ შემთხვევაშიც ზემოთ განხილული საკითხები გაიხსენე. შენთვის მნიშვნელოვანია გაიგო, რა არის აქციის ფასის ვარდნის მიზეზი. გახსოვდეს, ყველა ინვესტორის მიზანია გაიაფებული აქცია შეიძინოს და მომავალში ძვირად გაყიდოს.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები და ივაჭრე ისეთი საერთაშორისო კომპანიების აქციებით, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა.
კომენტარები