2021 წელს ოკეანეების ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
გამოცემაში Advances in Atmospheric Sciences ახლახან გამოქვეყნებული ნაშრომის თანახმად, გასულ წელს დედამიწის ოკეანეების ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. რაც ყველაზე საგანგაშოა, ეს აღმავალი ტენდენცია ზედიზედ 6 წელია, გრძელდება.
1950-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული, მეცნიერები ჩვენს პლანეტაზე არსებულ კლიმატურ მონაცემებს აღრიცხავენ. თუ მათ თვალს გადავავლებთ, დავინახავთ, რომ ყოველ დეკადაში, წინასთან შედარებით, უფრო და უფრო მაღალ ნიშნულებს ვუახლოვდებოდით. სპეციალისტთა განცხადებით, ყველაზე მკვეთრი ცვლილება 1980-იან წლებიდან ფიქსირდება.
შარშან წყნარი და ატლანტის ოკეანეების ჩრდილოეთი ნაწილი, ასევე, ხმელთაშუა ზღვა, ისტორიაში ყველაზე მეტად გათბა. კერძოდ, წყლის ზედა ფენამ, რომლის სიღრმეც 2 000 მეტრს შეადგენს, 14 ზეტაჯოულით მეტი ენერგია შთანთქა, ვიდრე 2020 წელს.
ავტორთა თქმით, ამას ადამიანთა სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების ემისია უწყობს ხელს. ისინი გვაფრთხილებენ, რომ თუ ჰაერში სათბურის აირების კონცენტრაცია არ შემცირდება, მსგავს უპრეცედენტო მაჩვენებლებს კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ.
ასევე, იხილეთ: ყველაზე ცხელ წლებს შორის 2021-მა მე-5 ადგილი დაიკავა
2021 წელს ოკეანეებში ტემპერატურის მატებას ვერც ატმოსფერულმა ფენომენმა, ლა-ნინიამ შეუშალა ხელი. ამ დროს ჩრდილოეთ წყნარი ოკეანე, ქარისა და დინებების ცვლილების წყალობით, ცივდება (ავსტრალიის სამხრეთით კი პირიქით ხდება). ამის მიუხედავად, იქ ზედაპირთან ახლოს 2°C, ხოლო 300 მეტრ სიღმეზე 1°C ანომალია აღინიშნა.
ეს წყალში წარმოქმნილი სითბური ტალღების სიხშირესა და სიმძლავრეს განაპირობებს, რაც იქ მობინადრე არსებებს საფრთხის წინაშე აყენებს. ასევე, საფუძვლად ედება შტორმებს, ქარიშხლებს, დიდი რაოდენობით ნალექს, წყალდიდობებს და ა.შ.
მეცნიერთა აზრით, ამგვარი მონაცემების შეგროვება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გზების მოძებნაში დაგვეხმარება.
კომენტარები