ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა მზისგან დამცავი ფარი წარმატებით გაშალა
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა მისიის ერთ-ერთი ყველაზე საფრთხილო და გამოწვევებით სავსე დავალება წარმატებით შეასრულა — მან მზისგან დამცავი ფარი ხარვეზის გარეშე გაშალა. ამის შესახებ ინფორმაციას NASA ავრცელებს.
აღნიშნული სისტემა მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიის გამართული ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან მასზე დამონტაჟებულ ინსტრუმენტებს გადახურებისგან იცავს. ხელსაწყოს სიცივის შენარჩუნება სჭირდება, რათა კოსმოსის სიღრმეებიდან მომავალი ინფრაწითელი სინათლე აღიქვას, ანუ გააკეთოს ის, რისთვისაც შექმნეს — ადრეული სამყარო გამოიკვლიოს.
ასევე, იხილეთ: კაცობრიობის ახალი თვალი კოსმოსში — ყველაფერი ჯეიმს ვების ტელესკოპზე
შეგახსენებთ, რომ 14-წლიანი ლოდინის შემდეგ, ტელესკოპი კოსმოსში 25 დეკემბერს გაუშვეს. ფარის გაშლა მან 3 დღეში დაიწყო, თუმცა მთლიან პროცესს საერთო ჯამში 8 დღე დასჭირდა. მეცნიერებმა ხანმოკლე პაუზაც გამოიყენეს იმისთვის, რომ სხვადასხვა კომპონენტი შეემოწმებინათ.
ზემოხსენებულ მანევრში 139 გასახსნელი მექანიზმი, ანჯამების 70 წყება, 8 ძრავა, 400-მდე ამძრავი ბორბალი და სადენები მონაწილეობდა. თუ აქედან რომელიმე გეგმის მიხედვით არ ამუშავდებოდა, მთლიანი პროექტი საფრთხის წინაშე დადგებოდა. საუკეთესო შემთხვევაში, ჯეიმს ვების ექსპლუატაციაში შესვლა კიდევ ერთხელ გადაიდებოდა მრავალი ასეთი გადავადების მერე, რომელთა ნაწილიც კორონავირუსის პანდემიით იყო განპირობებული.
ასევე, იხილეთ: ჯეიმს ვების ტელესკოპს საწვავი 10 წელზე მეტხნიანი ფუნქციონირებისთვის ეყოფა
ამ წარმატების მიუხედავად, მომდევნო თვეების განმავლობაში ხელსაწყოს კიდევ ბევრი ასეთი მანევრის განხორციელება მოუწევს, მაგალითად, დამატებითი სარკის გაშლა და ოპტიკური სისტემის აწყობა, რის შემდეგაც მისგან პირველ სურათებს მივიღებთ.
კომენტარები