მეცნიერები იბერიის ნახევარკუნძულზე ნეანდერტალელთა დაკრძალვის უცნაურ პრაქტიკას იკვლევენ
ფოტო: Andrea Izzotti
მეცნიერებს ყოველთვის აინტერესებდათ, როდიდან იწყებს ადამიანი მკვდრების დამარხვას. ცოტა ხნის წინ კი ამ კითხვას პასუხი ნაწილობრივ გაეცა. კერძოდ, იბერიის ნახევარკუნძულზე ნეანდერტალელების ნამარხები აღმოაჩინეს, რომლებიც ჩვენს ცოდნას მათ შესახებ აფართოებს.
არქეოლოგებმა იბერიის ნახევარკუნძულზე 400 000-დან 40 000 წლამდე პერიოდში მცხოვრები ნეანდერტალელების ნაშთები შეისწავლეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეგიონში, ევროპის სხვა ადგილების მსგავსად, ოფიციალური სამარხები არ არის აღბეჭდილი, არსებობს მტკიცებულება, რომ ნეანდერტალელები მიზანმიმართულად ათავსებდნენ მკვდრებს მღვიმეებში. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს დამარხვის ალტერნატიული პრაქტიკა უნდა ყოფილიყო.
"ფორმალური სამარხების არარსებობა იბერიის ნახევარკუნძულზე არ ნიშნავს, რომ ნეანდერტალელებს ამ რეგიონში არ ჰქონდათ დასაფლავების მსგავსი პრაქტიკა. პირიქით, აღმოჩენები გვიბიძგებს, რომ გავაფართოოთ ჩვენი წარმოდგენა მათი რიტუალებისა და ტრადიციების შესახებ", — განაცხადა კვლევის მთავარი ავტორმა ნოემი სალამ.
იბერიის ნახევარკუნძული მთიანი ტერიტორიაა, რომელიც მოიცავს ესპანეთს, პორტუგალიას, ანდორასა და გიბრალტარს. ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნეანდერტალელების შესახებ კვლევაში. რეგიონი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო უძველესი ადამიანების სახეობებისთვის.
სალამ და მისმა კოლეგებმა იბერიის ნახევარკუნძულზე არსებული ყველა ცნობილი ნეანდერტალელისა და მათი წინაპრების ნაშთები შეისწავლეს. მათ სურდათ, გაერკვიათ, როგორ აღმოჩნდნენ ჩონჩხები იქ, სადაც ნახეს.
"გვინდოდა, გაგვეგო, იყო ეს ჩვეულებრივი სამარხები, კანიბალიზმის პრაქტიკა თუ გვამების მიზანმიმართულად დაგროვება კონკრეტულ ადგილას", — თქვა სალამ.
შედეგებმა აჩვენა, რომ სხეულებს კონკრეტულ ადგილებში რეგულარულად ათავსებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრაქტიკა არ შეესაბამება ტიპურ სამარხს, მაინც დაკრძალვის ალტერნატიული რიტუალს ჰგავს. ჩანს, რომ იბერიელ ნეანდერტალელებს სიკვდილთან დაკავშირებული სოციალური ქცევები ჰქონდათ.
მკვლევრებმა ამ რიტუალებისა და კლიმატის შესაძლო კავშირის შესწავლაც სცადეს. აღმოჩნდა, რომ იმ ფაქტორებს, რომლებიც პლეისტოცენის პერიოდში ნეანდერტალელების პოპულაციაზე გავლენას ახდენდა, სხეულების მღვიმეებში დალაგების პრაქტიკასთან კავშირი არ ჰქონდა.
ევროპისა და აზიის სხვა ადგილებში ნეანდერტალელებს განსხვავებული წესები ჰქონდათ. მკვლევრები ამბობენ, რომ მხოლოდ ჩონჩხებზე ყურადღების გამახვილება სხვა დეტალების გამოტოვებას ნიშნავს. საბოლოოდ, კვლევა გვიჩვენებს, რომ ნეანდერტალელებს სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული კულტურული წესები ჰქონდათ.
კვლევა გამოცემაში Journal of Archaeological Science: Reports გამოქვეყნდა.

კომენტარები