ცვლის თუ არა ანანასის ჭამა სპერმის ან ვაგინის გემოს?
ფოტო: VICE
სოციალურ ქსელებში ბევრგან მოისმენთ, რომ ანანასის მირთმევა სპერმისა და ვაგინის გემოს აუმჯობესებს, კერძოდ "ატკბობს" მათ. ეს მტკიცება მედია Mashable-მა ორ ექიმთან გადაამოწმა, რეალობა კი უფრო ჩახლართული აღმოჩნდა.
ჯეფ ფოსტერმა, კაცების ჯანმრთელობის ექსპერტმა, განმარტა, რომ სპერმის 80% წყლისგან შედგება.
"დანარჩენი შემდეგი კომპონენტებია: ამინომჟავები, ლიმონმჟავა, ფოსფორი, კალიუმი, თუთია, კალციუმი, ნატრიუმი და სხვადასხვა ფერმენტი", — თქვა მან — "ამათი პროპორციები ასიათასობით წლის განმავლობაში ისე ჩამოყალიბდა, რომ სპერმატოზოიდებს კვერცხუჯრედამდე მიღწევაში შეუწყოს ხელი".
მისი თქმით, სპერმისათვის გემოს შესაცვლელად ამ ძირითადი კომპონენტების ცვლილება იქნება საჭირო. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ფრუქტოზით/გლუკოზით (ანუ შაქრით) მდიდარი პროდუქტები, მათ შორის სხვადასხვა ხილი, სპერმას მოტკბო გემოს მისცემს. რეალურად, დიდი ალბათობით, ამ ხილის ჭამა სპერმის გემოზე ვერ იმოქმედებს.
"რომ ემოქმედა, სპერმატოზოიდების საარსებო გარემოს კომპონენტებს შეცვლიდა; ეს პოტენციურად დააზიანებდა ამ სასქესო უჯრედებს. სპერმა თითქმის სრულადაა დაცული იმისგან, თუ რას ჭამთ", — ახსნა ფოსტერმა.
მისი თქმით, თავად იდეაც არც ისე ლოგიკურია:
"ანანასის ჭამისას იგი კუჭში ჩადის, შემდეგ მონელება იწყება, ღვიძლსა და სისხლში გადადის; თანდათან მისი უმცირესი ნაწილები მრავალჯერ იშლება, შემდეგ კი სამომავლოდ სპერმის კომპონენტების წარმოსაქმნელად გამოიყენება", — თქვა მან — "სპერმასთან ეს პირდაპირ კავშირში საერთოდ არაა და, რომც ყოფილიყო, კვირები დასჭირდებოდა".
მედიასთან საუბრისას საკითხი მსგავსადვე ახსნა დოქტორმა დიმიტრი ლოკტიონოვმა, გინეკოლოგმა. მისი თქმით, არ არსებობს საკმარისი კვლევები იმის დასადასტურებლად, რომ ანანასს რაიმე გავლენა ჰქონდეს.
"ამ თემაზე ბევრი კვლევა არ ჩატარებულა, თუმცა არც კონკრეტული ფაქტები მიანიშნებს იმაზე, რომ ანანასის ჭამის შემდეგ სპერმის შედგენილობა იცვლება", — თქვა ლოკტიონოვმა — "ზოგადად, ჯანსაღი რაციონი სპერმის სიჯანსაღეს ან "უკეთეს გემოს" უწყობს ხელს, თუ შევადარებთ არაჯანსაღ რაციონს, მოწევასა და ალკოჰოლის მიღებას".
გინეკოლოგის თქმით, ეს ვაგინისა და ვულვის შემთხვევაშიც ასე მუშაობს:
"ვაგინის pH ქალის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობისა და რაციონის შესაბამისად იცვლება, რადგან ამ არეში მრავალი ბაქტერიაა — მაგალითად, ლაქტობაცილები — რომლებიც მსგავს ცვლილებებზე რეაგირებს. მეორე მხრივ, მცდარი იქნება კონკრეტულად იმის თქმა, რომ გემოს ანანასის ჭამა შეცვლის. რაციონი მნიშვნელოვნად უნდა შეიცვალოს".
ფოსტერის თქმით, საუკეთესო გამოსავალი სწორი ჰიგიენასთან ერთად ბევრი სითხის დალევაა, რადგან შეიძლება გემოს გაზავებაში დაგვეხმაროს. თუკი ანანასს ინტიმური მიზნებით მიირთმევდით, მაინც ნუ იდარდებთ — სხეული C ვიტამინისთვის მადლობას გეტყვით.
კომენტარები