სამხრეთ ჩინეთის აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერებმა სიბნელეში მანათობელი სუკულენტები შექმნეს, რომლებიც მზის სხივებით იმუხტება. მსგავსი შედეგის მისაღებად მცენარეების თითოეული ფოთოლი ცალკე უნდა დამუშავდეს. მკვლევრებმა ინიექციური საშუალება შექმნეს, რომელიც სუკულენტს მსუბუქად ანათებს.

ფოტო: Matter

"ფილმ 'ავატარის' სამყაროზე ვფიქრობდით, რომელშიც მცენარეები მთელ ეკოსისტემას ანათებს", — ამბობს ბიოლოგი შათინგ ლიოუ — "გვინდოდა ეს რეალობად გვექცია იმ მასალების გამოყენებით, რომელზეც უკვე ვმუშაობთ ლაბორატორიაში. წარმოიდგინეთ მანათობელი ხეები ლამპიონების ნაცვლად".

ადამიანები ხშირად ვუვლით და ვზრდით მცენარეებს. თუ ისინი ციცინათელასავით გაანათებს და თანაც მზის ენერგიაზე იმუშავებს, სახლისა და ბაღისთვის შუქის თვალწარმტაცი წყარო იქნებოდა.

მეცნიერებმა ამ შედეგის მისაღწევად რამდენიმე მეთოდი გამოიყენეს, თუმცა ისინი რთული და ძვირი აღმოჩნდა. ისინი თავდაპირველად ფოსფორის ნაწილაკებს იყენებდნენ, რომლებიც მცენარეში არათანაბრად ნაწილდებოდა. გარდა ამისა, ის სათანადოდ ვერ შთანთქავდა და ფანტავდა მათ.

ექსპერიმენტს სხვადასხვა მცენარეებზე ატარებდნენ. საბოლოოდ დაასკვნეს, რომ ნაწილაკის იდეალური ზომა 7 მიკრომეტრია (ადამიანის სისხლის უჯრედის ზომა). მეცნიერების მოლოდინის საპირისპიროდ, მკვრივი ქსოვილის მქონე სუკულენტებმა ნაწილაკი უკეთ შეიწოვა და ყველაზე მეტად განათდა.

"ეს მართლაც მოულოდნელი იყო", — ამბობს ლიოუ — "ნაწილაკები მცენარეს წამებში შეერია და სუკულენტის მთელი ფოთოლი განათდა".

შემდეგი ნაბიჯი სინათლის ხანგრძლივობის გაუმჯობესებაა. ერთხელ დამუხტვის შემდეგ, თითოეული მცენარე დაახლოებით ორი საათით ინარჩუნებს შუქს. საინტერესოა, რომ წითლად, მწვანედ, ლურჯად და იისფრად მანათობელი სუკულენტები საკმარის სინათლეს გამოყოფენ იმისთვის, რომ ადამიანებმა მათ გვერდით წიგნის წაკითხვა შევძლოთ.

"საოცარია, რომ ჩვენ მიერ შექმნილი მიკროსკოპული მასალა ასე შეუმჩნევლად ერწყმის მცენარის ბუნებრივ სტრუქტურას. მანათობელი სუკულენტები მართლაც ჯადოსნურია", — დაამატა ლიოუმ.

კვლევა გამოცემაში Matter გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.