რატომ არ გვაქვს კოსმოსური სადგური მთვარეზე და როგორ ავაშენოთ ის
მთვარეზე კოსმოსური სადგურის აშენება საკმაოდ მოსახერხებელი იქნებოდა — ასე კოსმოსურ მისიებზე მიმავალ ასტრონავტებს დედამიწასა და მზის სისტემის შორეულ წერტილებს შორის შესაჩერებელი ადგილი ექნებოდათ — თუმცა, ფაქტია, ბუნებრივ თანამგზავრზე მსგავსი რამ დღემდე არ გვაქვს.
პირველ რიგში, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ადამიანებს მთვარეზე ხშირად ნამდვილად არ ვგზავნით. ამ დროისათვის ასტრონავტების გაშვება მხოლოდ 6-ჯერ მოვახერხეთ და ისიც 1969-1972 წლებში, რაც Apollo-ის კოსმოსური მისიების ფარგლებში მოხდა.
ასტრონავტები მთვარემდე უაღრესად მძლავრმა რაკეტამ, Saturn V-მ მიიყვანა, თუმცა ამჟამად იგი აღარ იწარმოება; ამიტომაც, ადამიანების მთვარემდე მისაყვანად საკმაოდ ძლიერი რაკეტა არ გვყავს, იქ კოსმოსური სადგურის აშენებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
ამისდა მიუხედავად, მძლავრი რაკეტების შექმნას ისევ ვიწყებთ — ილონ მასკის კოსმოსური კომპანია SpaceX ახალ, შედარებით დიდ რაკეტებს ქმნის, რომელთაც მთვარემდე ასტრონავტთა მასის ატანა შეუძლია, ხოლო NASA კი ბუნებრივ თანამგზავრზე ასტრონავტების გასაშვებად ახალ მისიებსაც გეგმავს.
მთვარეზე მოკლევადიან მოგზაურობასა და კოსმოსური სადგურის აშენებას შორის დიდი განსხვავებაა — ეს უკანასკნელი უაღრესად რთულია. ამისათვის ერთი გზა ჯერ მისი ნაწილების დედამიწაზე შექმნა, შემდეგ კი მათი დანიშნულების ადგილას წაღება და იქ აწყობაა — საერთაშორისო კოსმოსური სადგურიც სწორედ ასე ააგეს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგური დედამიწის ზედაპირიდან მხოლოდ 400 კილომეტრში მდებარეობს, მთვარე კი — 384 ათას კილომეტრში. ბუნებრივ თანამგზავრამდე მისვლა ყოველ ჯერზე, დაახლოებით, სამ დღეს წაიღებს და წარმოუდგენელი რაოდენობის საწვავი დასჭირდება, რაც, სავარაუდოდ, დედამიწის კლიმატს საფრთხეს შეუქმნის.
ბევრად უკეთესი იდეა იქნება, თუკი შეძლებისდაგვარად სადგურის ბაზა იქვე არსებული მასალებით აშენდება — მთვარის ბეტონს შესაძლო სამშენებლო მასალად ხომ დედამიწაზეც განვიხილავთ.
ჩვენს პლანეტაზე ბეტონს ხრეშით ან ქვიშით, ცემენტით და წყლით ვამზადებთ. თავისთავად, მთვარეზე აქედან არცერთი არ მოიპოვება, თუმცა მთვარის მტვერი და გოგირდი ნამდვილად არის. ჯერ შეგვიძლია, ისინი დავადნოთ და ერთმანეთში ავურიოთ, ნარევის გაციების შემდგომ კი მყარი ნივთიერება წარმოიქმნება, რომელიც დედამიწაზე გამოყენებულ ნებისმიერ მასალაზე ძლიერია.
ასტრონავტებს საკვები და ენერგია სჭირდებათ
ამ ყველაფერთან ერთად ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კოსმოსურ სადგურში მყოფ ასტრონავტებს საკვების მარაგი, მისი წარმოება, სასუნთქი აირი და აღჭურვილობისათვის საჭირო ელექტროენერგია დასჭირდებათ.
მეცნიერები კოსმოსში საკვების გაზრდაზე უკვე მუშაობენ. საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტზე ასტრონავტები ნიადაგის ბალიშებს იყენებენ და ბოსტნეულის გასაზრდელად ექსპერიმენტებს ატარებენ, ამის სხვა საშუალება კი ჰიდროპონიკაა, რომელიც მცენარეების წყალში გამოზრდას გულისხმობს.
მთვარეზე ელექტროენერგიის ყოფნა-არყოფნა ბევრად უფრო რთული ამბავია. ამისათვის საუკეთესო გზა მზისგან მოპოვებული მზის ენერგიის გამოყენება იქნება, თუმცა დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრს თითო ბრუნისათვის 28 დღე სჭირდება. აქედან გამომდინარე, ერთ ადგილას მდგომი კოსმოსური სადგური 14 დღეს მზეში, 14-ს კი სიბნელეში გაატარებს, ხოლო მზის ენერგიაზე მომუშავე აღჭურვილობა კი სინათლის გარეშე არ იმუშავებს.
ამის გადასაჭრელად შეგვიძლია, სადგური მთვარის სამხრეთ ან ჩრდილოეთ პოლუსზე ავაშენოთ, მზის ბატარეები კი ზედაპირზე ზევით ავწიოთ. ასე ბატარეები მუდმივ სინათლეს მიიღებს, რადგან იტრიალებს და პლანეტა სულაც არ დაბლოკავს.
ალტერნატიულ შემთხვევაში, შესაძლოა, მთვარის ზედაპირზე ბაზა სულაც არ დაგვჭირდეს. ამის ნაცვლად ნასა სატელიტის აგებას გეგმავს, რომელიც მის გარშემო იტრიალებს. ბუნებრივი თანამგზავრის გრავიტაციისაგან თავის დასაღწევად მისი ზედაპირიდან გაშვებული რაკეტები მეტ საწვავს იყენებს, თუმცა სატელიტიდან ეს ასეთი რთული ნამდვილად არ იქნება. ამიტომაც, მთვარეზე სატელიტი უკეთესი ბაზა იქნება.
ამრიგად, ფაქტია, მთვარეზე კოსმოსური სადგური ჯერაც არ გვაქვს, თუმცა სტატიაში განხილულ პერსპექტივებს თუ გადავხედავთ და სამეცნიერო-ტექნოლოგიური სფეროს განვითარების მზარდ დინამიკასაც გავითვალისწინებთ, ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს მართლაც აშენდეს ჭიშკარი, რომელიც კოსმოსურ მისიებს მზის სისტემის შორეული წერტილებისაკენ წაუძღვება.
კომენტარები