როგორც ჩანს, SpaceX-ის Starlink-ის ინტერნეტის მიმღებ თეფშებს ახალი მეგობრები ჰყავთ. Starlink ილონ მასკის მიერ წამოწყებული პროექტია, რომელიც მის კოსმოსურ კომპანიას გიგანტურ ინტერნეტ პროვაიდერადაც აქცევს. რადგან Starlink-ის ინტერნეტი სატელიტებით ვრცელდება, მას დედამიწაზე სიგნალის მიმღები დანადგარიც სჭირდება.

მიმღები თეფშები ასე გამოიყურება და როგორც აღმოჩნდა, ის ცივ ზამთარში კატების შეკრების საყვარელ ადგილად იქცა, რადგან ზედაპირი თბილია და მასზე თოვლი არ ჩერდება. ფორმაც ისეთი აქვს, კატებს რომ ნამდვილად მოეწონებათ.

სტარლინკის მომხმარებლებმა აღნიშნულის ამსახველი ფოტოები ტვიტერის მეშვეობით გაავრცელეს.

კადრში ჩანს, რომ თეფშზე არა ერთი, არამედ 5 ფისოა მოკალათებული.

"სტარლინკი იდეალურად მუშაობს, მანამ სანამ კატები აღმოაჩენენ, რომ თეფშს ცივ დღეებში მათი გათბობა შეუძლია", — წერს აარონ ტეილორი ტვიტერზე.

ამავე საკითხზე მომხმარებლებმა რედიტზეც დაპოსტეს. ერთ-ერთი მათგანი აღნიშნავდა, რომ თუ თერმული აპარატით შევამოწმებთ სტარლინკის თეფშს, ის მთლიანად თბილია და სითბოს ქვევითაც უშვებს, რაც სავარაუდოდ, სხვა ცხოველებსაც მიიზიდავს. ჯერჯერობით უცნობია გახდებიან თუ არა კატები ან სხვა ცხოველები სტარლინკების თავისტკივილი, თუმცა თუ თქვენი თეფში მიწაზე იქნება დამაგრებული, სავარაუდოდ, ამ პრობლემის წინაშე ზამთარში აუცილებლად დადგებით.