რატომაა ჩვენი ფეკალიები ყავისფერი?
ფეკალური მასა, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი საჭმლის გადამუშავების შემდგომ გამოყოფს, ჩვეულებრივ, მოყავისფრო შეფერილობისაა, იმის მიუხედავად, თუ რას მივირთმევთ. შესაძლოა, ზოგიერთ თქვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გასჩენია კითხვა, თუ რატომ ხდება ასე.
საქმე იმაშია, რომ ექსკრემენტი ქიმიურ ნაერთ სტერკობილინს შეიცავს, რომელიც ერთ-ერთი ცილის, ჰემოგლობინის დაშლის შედეგად წარმოიქმნება (ეს უკანასკნელი სისხლის წითელ უჯრედებში, ერითროციტებში გვხვდება და სხეულში ჟანგბადის მოძრაობას განაპირობებს). აღნიშნული პიგმენტის გარეშე, ჩვენი განავალი შედარებით ღია, მოთეთრო ფერის იქნებოდა, რადგან ის ნივთიერებები, რომლებიც საკვებს სხვადასხვა შეფერილობას ანიჭებენ, საჭმლის მომნელებელ სისტემაში მიმდინარე პროცესების დროს ნადგურდებიან.
თავად ერითროციტები მხოლოდ 120 დღეს ცოცხლობენ, სანამ მათ ახალი უჯრედები ჩაანაცვლებენ. როდესაც მათში არსებული ჰემოგლობინი იშლება, მოყვითალო-მონარინჯისფრო ბილირუბინი ფორმირდება. სისხლის მიმოქცევის სისტემის მეშვეობით, ის ღვიძლში გადადის, სახეს იცვლის და ნაღვლის ფორმით წვრილ ნაწლავში გამოიყოფა.
ეს სითხე ორგანიზმს მიღებული საკვების გადამუშავებასა და ცხიმის შთანთქმაში ეხმარება. ბილირუბინის ნაწილს სხეული ხელახლა იყენებს, ნაწილი კი სტერკობილინად გარდაიქმნება, რომელიც ფეკალიებში ერევა და მათთან ერთად ანუსიდან გარეთ გამოიდევნება.
რა თქმა უნდა, ექსკრემენტი ყოველთვის ყავისფერი არაა და შესაძლოა, მოყვითალო ან მომწვანოც კი იყოს. ეს, სხვა ფაქტორებთან ერთად, იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად გადაადგილდება საჭმელი მომნელებელ სისტემაში. მაგალითად, მსგავსი რამ მაშინ ხდება, როცა სტერკობილინს წარმოსაქმნელად დრო არ ჰყოფნის ან პირიქით, როცა მირთმეულ მასას ძნელად გადავამუშავებთ.
აქედან გამომდინარე, განავლის კონსისტენცია და შეფერილობა ბევრ რამეზე მეტყველებს, ამიტომ მას ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ.
კომენტარები