ვაქცინამ თაგვებში დაბერებასთან დაკავშირებული პროცესები წარმატებით შეაჩერა
ტოკიოს იუნტენდოს უნივერსიტეტის მეცნიერები ამჟამად ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ეგრეთ წოდებულ ზომბი უჯრედებს შეაჩერებს და ამ გზით დაბერებას შეუშლის ხელს — თაგვებზე ჩატარებულმა ადრეულმა კვლევებმა კი აჩვენა, რომ ვაქცინა, ასე თუ ისე, თავის საქმეს ასრულებს.
ჟურნალ Nature Aging-ში გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში მეცნიერები ზომბი უჯრედების სახელით ცნობილ დაბერებასთან დაკავშირებულ უჯრედებს დააკვირდნენ იმ იმედით, რომ ისეთ მექანიზმს გამოავლენდნენ, რომელიც მათ დაგროვებას შეანელებდა.
როგორც IFL Science განმარტავს, ეს უჯრედები ისეთ ქსოვილებში გვხვდება, რომლებიც გამრავლებას წყვეტენ, თუმცა სიკვდილზეც უარს ამბობენ. აქედან გამომდინარეობს მათი ზედმეტსახელიც. ეს უჯრედები ქიმიურ ნივთიერებებს გამოყოფენ, რომლებიც გარშემო არსებულ უჯრედებში ანთებას იწვევს. ამის მსგავსად, ზომბები ყველა ადამიანს აინფიცირებენ, ვისთანაც ფიზიკურ კონტაქტს ამყარებენ.
როგორც IFL Science იუწყება, ეს ზომბიფიკაციის პროცესი, რომელსაც მეცნიერულად ფიზიოლოგიური დაბერება ეწოდება, სხვადასხვა მიზეზებით შეიძლება იყოს გამოწვეული, მაგრამ იგი ყველაზე ხშირად დაბერების პროცესში შეიმჩნევა.
იუნტენდოს კვლევა იქამდე არსებულ სამეცნიერო შრომებს ეფუძნება, რომელთა ფარგლებშიც მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ დაბერების უჯრედების მოცილება სიბერესთან დაკავშირებული დაავადებების განვითარებას აყოვნებს. ეს, პირველ რიგში, ზომბი უჯრედებისთვის უნიკალური ცილის ამოცნობით, შემდეგ კი პეპტიდური ვაქცინის შექმნით ხდება, რომელიც ამ ცილის მიმართ ორგანიზმს იმუნური პასუხის გამომუშავებაში ეხმარება.
კვლევაში იაპონელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტული ვაქცინა იმ თაგვებს შეუყვანეს, რომელთა არტერიები გასქელებას იწყებდა ისევე, როგორც ადამიანის არტერიები იწყებს გასქელებას დაბერებასთან ერთად. მათ აღმოაჩინეს, რომ ინექციის შემდეგ იმ თაგვებში, რომლებიც ნაადრევი დაბერებით ხასიათდებოდნენ, სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა. ვაქცინამ ხელი შეუწყოს არტერიული გამაგრების პროცესის შენელებასაც.
კვლევის ავტორმა ტორუ მინამინომ Japan Times-ს განუცხადა, რომ მომავალში ამ ექსპერიმენტული ვაქცინის მსგავსი რამ შესაძლოა გამოყენებული იქნას "არტერიული გამაგრების, დიაბეტის და სხვა სიბერესთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალოდ".
კომენტარები