რატომ ვერ გადაჭრის 6 მილიარდი დოლარი მსოფლიო შიმშილის პრობლემას

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

ილონ მასკი და 6 მილიარდი დოლარი

ნოემბრის დასაწყისში გაეროს მსოფლიო საკვების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ ბისლიმ დატვიტა, რომ მსოფლიო შიმშილის პრობლემის გადასაჭრელად მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონების მცირე პროცენტიც საკმარისი იქნებოდა. ამ გამოწვევას ილონ მასკი გამოეხმაურა და ბისლის უპასუხა, რომ თუ ხარჯები გამჭვირვალე იქნებოდა და მას აუხსნიდნენ, თუ როგორ მოხერხდებოდა ამ პრობლემის გადაჭრა, ის ამისთვის 6 მილიარდ ამერიკულ დოლარს გაიღებდა.

მოგვიანებით მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) ვებგვერდზე გეგმა განთავსდა, რომლის მიხედვითაც, ჩარიცხული თანხის ნახევარზე მეტი საკვების შეძენასა და დისტრიბუციას მოხმარდება; 2 მილიარდი დოლარი საკვების ვაუჩერებისთვის გამოიყოფა, რომლებიც იქ დარიგდება, სადაც სასურსათო მარკეტები ჯერ კიდევ არაა; 700 მილიონი დაეთმობა იმ დაწესებულებების შექმნას, რომელთა საშუალებითაც შემოწირულობების დისტრიბუცია გაკონტროლდება; დამატებით 400 მილიონი კი იმ ადამიანებზე გაიცემა, რომლებიც პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ოპერაციებსა და გადახდებს დააკვირდებიან.

მასკის მხრიდან ეს ნამდვილად გამორჩეული ნაბიჯია, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ ამ გეგმას არ დასთანხმებია. თუმცა, შიმშილის გამომწვევ ფაქტორებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ამ საკითხის მოგვარება მხოლოდ ფულით, მით უმეტეს მხოლოდ 6 მილიარდი დოლარით, ერთი შეხედვითაც შეუძლებელი ჩანს.

ქვემოთ მოგიყვებით, თუ რა არის მსოფლიო შიმშილი, როგორია მისი გავლენა დედამიწის მოსახლეობაზე და შემდეგ თვითონ განსაჯეთ, მართლაც შეიძლება თუ არა ფულით ამ პრობლემასთან გამკლავება, თუ სხვა ზომების მიღებაც იქნება საჭირო.

რას ნიშნავს მსოფლიო შიმშილი

გაეროს მოხსენების თანახმად, ტერმინი შიმშილი იმ პერიოდებს განსაზღვრავს, რომლის დროსაც მოსახლეობა ფინანსების უკმარისობისა და საკვებსა თუ სხვა რესურსებზე შეზღუდული წვდომის გამო საკმარისი საკვების მიღებას ვერ ახერხებს, ან დღის განმავლობაში საერთოდ არ იკვებება. ყველაზე გავრცელებული განმარტების მიხედვით, შიმშილის ზღვარს მიღმა მყოფებს მიეკუთვნებიან ის ადამიანები, რომლებიც დღიურად 1800 kკალორიაზე ნაკლებს იღებენ. არასაკმარისად კვება კი მოიცავს დღის განმავლობაში მიღებული ცილის, საჭირო ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტსაც.

რაც შეეხება სურსათის არასაიმედოობას, ეს ტერმინი უკავშირდება მდგომარეობას, როდესაც მოსახლეობას არ აქვს მუდმივი წვდომა უსაფრთხო საკვებზე და ვერ ახერხებს აქტიური ჯანსაღი ცხოვრების სტილის შენარჩუნებას.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს მსოფლიო მოსახლეობის გამოსაკვებად საკმარისი საკვები იწარმოება, 811 მილიონი ადამიანი მაინც შიმშილით იტანჯება, რაც რესურსების არათანაბარ გადანაწილებაზე მიანიშნებს და არა მხოლოდ. ათწლეულების განმავლობაში სტაბილური კლების შემდეგ, მსოფლიოში შიმშილის პრობლემა ისევ მწვავდება და დღესდღეობით ის, მსოფლიო მასშტაბით, მოსახლეობის 9.9%-ზე ახდენს გავლენას.

ფოტო: amazonaws.com

2000 წელს მსოფლიო ლიდერები გაეროსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან გაერთიანდნენ, რათა 2015 წლისთვის ათასწლეულის განვითარების მიზნებისთვის მიეღწიათ: მათგან პირველი კი "უკიდურესი სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრა იყო". 2015 წელს მათ მდგრადი განვითარების 17 მიზანი გამოსცეს, რომელთაგანაც მეორეს 2030 წლამდე მსოფლიო შიმშილის დასრულება, საკვებზე წვდომის უზრუნველყოფა, გაუმჯობესებული კვება და მდგრადი სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა წარმოადგენს.

ამ ყველაფრის წყალობით, ბოლო წლებში, პრობლემის გამწვავებამდე, მსოფლიოში ამ კუთხით რიგი დადებითი ცვლილებები შეინიშნებოდა. გაეროს ანგარიშმა აჩვენა, რომ 2000-2004 წლებიდან 2019 წლამდე იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც არასაკმარისად იკვებებოდნენ, 15%-დან 8.9%-მდე დაეცა. 2019-დან 2020 წლამდე კი ამ ადამიანების რიცხვი 161 მილიონით გაიზარდა. აქამდე თუ კრიზისის მთავარ მამოძრავებელ ძალად კონფლიქტი და კლიმატის ცვლილება მიიჩნეოდა, დღეს მათ უკვე COVID-19-ით გამოწვეული პანდემიაც დაემატა.

არის თუ არა მსოფლიოში საკმარისი საკვები ყველა ადამიანის გამოსაკვებად?

ამ კითხვაზე მოკლე პასუხი არის დიახ. დღეს წარმოებული საკვები 10 მილიარდი ადამიანის გამოკვებისთვისაც კი საკმარისი იქნება. რეალურად, დედამიწაზე საკვების უკმარისობის პრობლემა არ დგას. მეტიც, გასული 20 წლის განმავლობაში გლობალურად საკვების წარმოების ზრდის ტემპმა მოსახლეობის ზრდის ტემპსაც გადაასწრო. თუმცა, სხვადასხვა ფაქტორების გამო, საკვების ზრდა და განაწილება მსოფლიოს გარკვეულ ადგილებში საკმაოდ შეზღუდულია.

ინდუსტრიულად წარმოებული მარცვლეული კულტურების უდიდესი ნაწილი ბიოსაწვავის დამზადებასა და ფერმის ცხოველების გამოკვებაზე იხარჯება, ცხოველური პროდუქტები კი ადამიანის მიერ მიღებული კალორიების მხოლოდ 18%-ს უზრუნველყოფს. ფერმის ცხოველებისა და ფრინველების გამოკვებაზე მიწათმოქმედების შედეგად მიღებული მოსავლის 40% იხარჯება. თეორიულად, შიმშილის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების გამოსაკვებად ამ რესურსის ნახევარიც კი საკმარისი იქნებოდა. თუმცა, თუ უპირატესობას მუდმივად ბიოსაწვავსა და ცხოველური პროდუქტების წარმოებას მივანიჭებთ, დროთა განმავლობაში, შიმშილთან ერთად, არასაკმარისი საკვების წარმოების პრობლემაც დადგება.

ფოტო: www.concernusa.org

მაჰათმა განდის თქმით, "ამ პლანეტაზე საკმარისი რესურსები არსებობს ყველას საჭიროებების უზრუნველსაყოფად, ყველას სიხარბის დასაკმაყოფილებლად კი — არა".

რა იწვევს მსოფლიო შიმშილს

Concern Worldwide და Welthungerhilfe ყოველწლიურად ითვლიან მსოფლიო შიმშილის ინდექსს, რაც მსოფლიოს გარშემო შიმშილის შესახებ არსებულ ხელმისაწვდომ მონაცემებს იკვლევს. ამ წელს ინდექსი აჩვენებს COVID 19-ის, კლიმატისა და ყველაზე აშკარად — კონფლიქტის ეფექტებს, რომელიც შიმშილთან ბრძოლის საქმეში ყველაზე მეტად გვიშლიან ხელს. გაერო პრობლემის მთავარ მიზეზად მსოფლიო კონფლიქტს ასახელებს, თუმცა, სანამ ამ უკანასკნელზე გადავალთ, სხვა ფაქტორებიც განვიხილოთ.

შიმშილი მჭიდროდაა დაკავშირებული სიღარიბესთან. იგი ასევე უკავშირდება მთელ რიგ სოციალურ, პოლიტიკურ და დემოგრაფიულ ფაქტორებს. ადამიანები, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ, ხშირად განიცდიან საკვებზე წვდომის შეზღუდვას, ცხოვრობენ საფრთხისშემცველ გარემოში, აქვთ შეზღუდული წვდომა სუფთა წყალზე, ჰიგიენაზე, ჯანდაცვის სერვისებსა და განათლებაზე — ყველა ზემოჩამოთვლილ ფაქტორს შიმშილის პრობლემის გამწვავებაში გარკვეული წვლილი შეაქვს.

სიღარიბის პრობლემა თანაბრად ვრცელდება მდიდარი თუ ღარიბი ქვეყნების ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობაზე. ადამიანების უდიდესი ნაწილი, რომლებიც არასაკმარისად იკვებებიან, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და მათი დღიური შემოსავალი 1.90 დოლარით ან ნაკლებით განისაზღვრება.

მსოფლიო საკვების მარაგის 70%-ს მცირე ფერმერები, მესაქონლეები და მეთევზეები აწარმოებენ და მაინც, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების უდიდეს ჯგუფს განვითარებად ქვეყნებში სწორედ ისინი წარმოადგენენ, რომლებსაც მათთვის მთელი წლის საკვების მარაგის უზრუნველსაყოფად საკმარისი მიწა არ აქვთ. გარდა ამისა, ეს ადამიანები იმდენად ცოტას გამოიმუშავებენ, რომ საკუთარი მარაგის ამოწურვის შემდეგ საკმარისი საკვების შეძენას სხვა წყაროებიდანაც ვერ ახერხებენ. ამავდროულად, განვითარებად ქვეყნებში მცირე ფერმერების დიდ ნაწილს არ აქვს სათანადო საწყობი ობიექტები, რათა საკვების მარაგი პესტიციდებისა და ამინდის გავლენისგან დაიცვან.

ფოტო: www.globalo.com

მოსავლის აღებამდე პერიოდი "მშიერი სეზონის" სახელითაა ცნობილი. წინა მოსვლიდან მიღებული საკვები მცირდება და ოჯახებს საკვების პორციების შემცირება უწევთ. დროის ეს პერიოდი, შესაძლოა, თვეების განმავლობაში გაგრძელდეს, მისი ხანგრძლივობა კი წინა მოსავალზეა დამოკიდებული. ამის მსგავსად, აშშ-ში დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახები თვის ბოლოს ფინანსების ნაკლებობას განიცდიან და მათაც უწევთ მიღებული საკვების შემცირება და, საბოლოოდ, შესაძლოა, დღეებიც კი გაატარონ ჭამის გარეშე.

ნებისმიერი ფლუქტუაცია, რომელიც საკვების ფასებზე ახდენს გავლენას, დამატებით გასაჭირს წარმოადგენს. მარცვლეული, როგორიცაა ხორბალი, ბრინჯი და სიმინდი განვითარებადი ქვეყნების მოშიმშილე მოსახლეობისთვის საკვების მთავარ წყაროს წარმოადგენს. 2009 წელს ამ მარცვლეულების ფასებმა საგრძნობლად იმატა, რის შედეგადაც, მცირე ხნით, შიმშილის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების რიცხვი 50-100 მილიონით გაიზარდა.

აშშ-სა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში შიმშილს სამუშაო ადგილების არარსებობითა და არასტაბილურობით, ასევე დაბალანაზღაურებადი სამსახურებით ხსნიან. შიმშილის მაჩვენებელი იმატებს ეროვნული თუ ადგილობრივი ეკონომიკის დაცემის შემდეგ, რა დროსაც ადამიანების დიდი ნაწილი კარგავს სამსახურს. ამ უკანასკნელის დასტაბილურების შემდეგ კი მათ ახალი სამსახურის პოვნა უჭირთ.

აქვე დგას დისკრიმინაციის პრობლემაც. ეკონომიკური ზრდის შემდეგ ქვეყნებში შიმშილისა და სიღარიბის აღმოფხვრაშიც შეინიშნება გარკვეული პროგრესი, თუმცა, ამით ყველაზე ნაკლებად ჩაგრული ჯგუფები სარგებლობენ. ამ უკანასკნელს უმეტესად რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები წარმოადგენენ. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ჯგუფებიდან ქალები, ამავე ჯგუფის კაცებთან შედარებით კიდევ უფრო მეტად იჩაგრებიან. სწორედ ამ მიზეზით, განვითარებად ქვეყნებში ქალებს უფრო ნაკლებ პროდუქტიული რესურსებით უწევთ შრომა, ვიდრე კაცებს. ყველა ეკონომიკურ სექტორში ქალები კაცებზე ნაკლებს გამოიმუშავებენ, გოგონები კი სკოლიდან სამუშაოდ ან დასაქორწინებლად გამოჰყავთ. დისკრიმინაცია ეხება ნასამართლევ ადამიანებსაც, რომლებისთვისაც, სასჯელის მოხდის შემდეგ, საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაბრუნება და რელევანტური სამსახურის შოვნა განსაკუთრებით რთულია.

შიმშილის პრობლემას ამწვავებს გაუმართავი ინფრასტრუქტურაც, რაც ართულებს და ხანდახან შეუძლებელსაც კი ხდის საკვების მიწოდებას ისეთ ადგილებზე, სადაც მოსახლეობა საკვების დეფიციტს განიცდის. ინფრასტრუქტურული პრობლემები მოიცავს გაუმართავ გზებს, მოუწესრიგებელ საირიგაციო სისტემებს (მათი არსებობის შემთხვევაში) და ა.შ. ღარიბ ქვეყნებში ქალები და გოგონები, ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, წყლის ტრანსპორტირებაში საათებს ატარებენ, რაც ქალებს სხვა, უფრო პროდუქტიულ აქტივობებს აშორებს, გოგონებს კი — სკოლას.

ფოტო: wfpusa.org

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შიმშილის მთავარ გამომწვევ ფაქტორებს კლიმატის ცვლილება და კონფლიქტი წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში სათბურის აირების ემისიის უდიდესი წილი განვითარებულ ქვეყნებზე მოდის და შესაბამისად, კლიმატის ცვლილებაშიც მათ შეაქვთ ყველაზე დიდი წვლილი, ეს პროცესი ყველაზე ცუდ გავლენას აფრიკასა და ისეთ განვითარებად ქვეყნებზე ახდენს, სადაც საკვების მარაგი ისედაც მწირია.

კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვნად აზიანებს სურსათისა და წყლის უსაფრთხოებას ბევრი სხვადასხვა გზით. ეს ყველაზე დიდი გარემოსდაცვითი პრობლემაა, რომლის წინაშეც მსოფლიო აღმოჩენილა. მასთან გამკლავების საქმეში კი ჩვენი წარმატება განსაზღვრავს, მოვესწრებით მსოფლიო შიმშილის დასასრულს, თუ კიდევ დიდხანს მოგვიწევს მასთან ბრძოლა.

რაც შეეხება ომსა და კონფლიქტს, ამ მხრივ იგი შიმშილის გამომწვევი ფაქტორიცაა და, ამავდროულად, მისი შედეგიც. კონფლიქტის დროს განსაკუთრებით საზოგადოების ყველაზე ღარიბი წევრები ზარალდებიან. ამ დროს ზიანდება და ნადგურდება ინფრასტრუქტურა, ადამიანები კარგავენ სახლებს და დევნილთა რიგებს უერთდებიან, მშვიდობა კი ომის დასრულების შემდგომ არც ისე მალე დგება. გარდა ამისა, ომგამოვლილ ქვეყნებში ადამიანები კარგავენ სტაბილურობის შეგრძნებას და ფინანსური უზრუნველყოფისთვის ხშირად ეგოისტურ, არაეფექტიან და არამდგრად გზებს მიმართავენ, რაც ქვეყნის განვითარებაზე უარყოფითად აისახება.

შიმშილი და არასაკმარისი საკვების მიღების პრობლემა კიდევ უფრო უარესდება ომის გახანგრძლივების დროს. მაგალითად, სამხრეთ სუდანის სამოქალაქო ომის დროს ადამიანთა დიდმა ნაწილმა საკუთარი საცხოვრებელი და მასთან ერთად, სამიწათმოქმედო ნაკვეთებიც დატოვა. ასეთი პროცესების შედეგად ფერხდება მარცვლეულის წარმოება, შესაბამისად მცირდება ქვეყანაში მისი მარაგი, რაც საკვების ფასის მატებას იწვევს. კონფლიქტი ანადგურებს საკვების სისტემებს, იწვევს საკვების ნაკლებობას და ბავშვებში სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდას, არღვევს სასოფლო სამეურნეო პროდუქტის წარმოების სტაბილურობას, იწვევს ეკონომიკური ინვესტიციების ნაკლებობას.

მსოფლიოში კონფლიქტების რიცხვი იზრდება, ზოგიერთი მათგანი კი კლიმატის კრიზისის შედეგად უარესდება. 2020 წელს 23 ქვეყანაში 99.1 მილიონი ადამიანისთვის შიმშილის მთავარი მიზეზი კონფლიქტი იყო.

ბოლოს კი, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ძალაუფლების მქონეთა სიხარბეც — სოციო-ეკონომიკურ პრობლემებს, რომლებიც განვითარებად ქვეყნებში არასაკმარისი კვების პრობლემას ამწვავებს, კორუმპირებული მთავრობაც უწყობს ხელს. არაეთიკური მმართველობის პირობებში შიმშილის ზღვარს მიღმა მყოფთა გამოკვება პრიორიტეტს არ წარმოადგენს.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ყოფილი დირექტორის, ჟაკ დიუფის თქმით, "შიმშილი არა ქველმოქმედების, არამედ სამართლიანობის პრობლემაა".

ვის აწუხებს შიმშილი ყველაზე მეტად, 2021 წელს

როგორც ზემოთ აღვნიშნე, მსოფლიო შიმშილის პრობლემის აღმოფხვრა მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან მეორეს წარმოადგენს, თუმცა COVID-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ, სხვა ყველაფერთან ერთად, ამ მიზნისკენ სწრაფვასაც შეუშალა ხელი. ამჟამინდელი პროგნოზით, მომდევნო 9 წლის განმავლობაში მთელი მსოფლიო, განსაკუთრებით კი 47 ქვეყანა შიმშილის დაბალ მაჩვენებელსაც კი ვერ მიაღწევს.

2021 წელს ყველაზე მშიერი 10 ქვეყნიდან მეათე ადგილს სიერა ლეონე იკავებს, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაიწყო 11 წლიანი სამოქალაქო ომისგან (1991-2002) "გამოჯანმრთელება", შემდეგ კი ებოლას აფეთქების (2014-16) ერთ-ერთ ეპიცენტრად იქცა დასავლეთ აფრიკაში. მომდევნო წელს მას მსოფლიოში დედების სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. ქვეყნის მოქალაქეების მეოთხედზე მეტი არასაკმარის საკვებს იღებს, ბავშვების სიკვდილიანობა კი 10.9%-ს აღწევს.

მეცხრე ადგილზე აღმოსავლეთ ტიმორია, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ გასული ოცი წლის განმავლობაში შიმშილის მაჩვენებელი თითქმის განახევრდა, აქ მოსახლეობის 22.6% არასაკმარისად იკვებება, ბავშვების ზრდის შეფერხების მაჩვენებლით (52.2%) კი იგი მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს.

ფოტო: borgenproject.org

ჰაიტიში, რომელიც სიაში მერვე ადგილს იკავებს, მოსახლეობის დაახლოებით 46.8% არასაკმარისად იკვებება. ეს მაჩვენებელი არ ასახავს იმ 7.2 მაგნიტუდიანი მიწისძვრის გავლენას, რომელიც ქვეყანამ 2021 წლის 14 აგვისტოს გადაიტანა. ქვეყანა არასტაბილური პოლიტიკური მომავლის წინაშე დგას. ჰაიტის პროგრესს ხელს უშლის კლიმატის ცვლილება და ექსტრემალური ამინდიც.

მეშვიდე ადგილზე ლიბერიაა, რომელმაც ასევე 14 წლიანი სამოქალაქო ომი და რეკონსტრუქცია გადაიტანა, შემდეგ ებოლას ეპიდემიის ფაზაში გადავიდა, ახლა კი COVID-19-ით გამოწვეულ პანდემიას ებრძვის. აქ ბავშვების 35.5%-ს შეფერხებული ზრდა ახასიათებს, ქვეყნის მოსახლეობის 40% კი არასაკმარისად იკვებება.

რაც შეეხება მადაგასკარს, მსოფლიო შიმშილის ინდექსის მქონე 116 ქვეყნიდან იგი შიმშილის საგანგაშო დონის მქონე 5 ქვეყანაში შედის, თუმცა მათგან მადაგასკარი ერთადერთია, სადაც კონფლიქტის პრობლემა არ დგას და შიმშილი უმეტესად კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული, რაც წლების განმავლობაში გვალვით და ექსტრემალური ამინდებით გამოიხატება. ქვეყნის მოსახლეობის 43.2% არასაკმარისად იკვებება. მადაგასკარი ერთ-ერთია იმ 10 ქვეყანას შორის, სადაც შიმშილის პრობლემა, შემცირების ნაცვლად, გაიზარდა.

მადაგასკარი

მადაგასკარი

ფოტო: bbc.com

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში კი, რომელიც სიაში მე-5 ადგილს იკავებს, შიმშილი, მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება და სოფლის მეურნეობის პრობლემები მიმდინარე კონფლიქტს უკავშირდება.

აფრიკის კიდევ ერთ ქვეყანაში, ჩადიში, რომელიც 2020 წლის ყველაზე მშიერ ქვეყნად დასახელდა და მოშიმშილე ქვეყნების ათეულში უკვე წლებია სტაბილურად იკავებს ადგილს, მოსახლეობის 31.7% არასაკმარისად იკვებება. აქ შიმშილს კონფლიქტი და ექსტრემალური ამინდები იწვევს. ჩადი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქვეყნიდან, სადაც 5 წლამდე ასაკის 10 ბავშვიდან 1-ზე მეტი იღუპება. ყველა სიკეთესთან ერთად, ჩადი მეზობელი ქვეყნებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვისაც უზრუნველყოფს თავშესაფარს, რომელთა მთავარ პრობლემასაც ასევე არაადეკვატური კვება წარმოადგენს.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა არასტაბილურობისგან, ეთნიკური ძალადობისგან და კონფლიქტისგან 2012 წლიდან იტანჯება. მოსახლეობის 63%-ს ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება. ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი შიმშილის ზღვარს მიღმაა. ბავშვების 11% 5 წლის ასაკამდე იღუპება.

2019 წლის გაეროს განცხადებით, იემენში მსოფლიო უდიდესი სურსათის არასაიმედოობის კრიზისი მძვინვარებს, რომლის მთავარი მამოძრავებელიც კონფლიქტია. ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი არასაკმარისად იკვებება. ამჟამინდელი მონაცემებით 16.2 მილიონ იემენელს სურსათის არასაიმედოობის პრობლემა აწუხებს, მილიონობით მათგანი კი შიმშილით იტანჯება.

პირველ ადგილს, ალბათ არ გაგიკვირდებათ და სომალი იკავებს. მიმდინარე პოლიტიკური არასტაბილურობის პირობებში, ათწლეულის გვალვების შემდეგ, სომალი 2021 წლის ყველაზე მშიერი ქვეყანაა. თითქმის 30-წლიანმა სამოქალაქო ომმა ქვეყანას სიღატაკე და შიმშილი დაუტოვა. "სანამ სომალიში კონფლიქტია, იქამდე შიმშილთან ეფექტიანად ბრძოლას ვერ შევძლებთ", — განაცხადა 2011 წელს იმდროინდელმა გენერალურმა მდივანმა, ბან კი-მუნმა. ამჟამად, ქვეყნის მოსახლეობის 59.5% არასაკმარისად იკვებება, ბავშვების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 11.7%-ია. კლიმატის ცვლილების შედეგად კი სოფლებში მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება.

აქედან აშკარაა, რომ მადაგასკარის გარდა, ზემოთ ჩამოთვლილ ყველა ქვეყანაში შიმშილის ერთ-ერთ მთავარ გამომწვევას კონფლიქტი წარმოადგენს, რასაც ბევრად უფრო კომპლექსური მიდგომა სჭირდება, ვიდრე უბრალოდ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება (თუ მიეცემათ ქვეყნებს ამის შესაძლებლობა, ან თუ ექნება ამის კეთებას აზრი ომის პირობებში) და ქვეყნების სხვა მატერიალური რესურსებით მომარაგებაა. რაც შეეხება კლიმატის ცვლილებას, იგი მთელი მსოფლიოს პრობლემას წარმოადგენს და მსოფლიო ლიდერები მასთან ბრძოლას პრიორიტეტს ანიჭებენ, თუმცა, როგორც აღვნიშნე, ეს პრობლემა ყველაზე მეტად სწორედ ღარიბ და განვითარებად ქვეყნებს აწუხებთ, რომლებსაც მასთან გასამკლავებლად საკმარისი რესურსები (მატერიალური თუ არამატერიალური) არ აქვთ.

"საშინელებაა, რომ ათწლეულების განმავლობაში გლობალურად შიმშილის შემცირების საქმეში მდგრადი პროგრესის მიღწევის შემდეგ კლიმატი და კონფლიქტი სურსათის საიმედოობას ძირს უთხრის მსოფლიოს ყველაზე მოწყვლად რეგიონებში", — დაწერა 2019 წლის გლობალური შიმშილის ინდექსის შესავალ ნაწილში ირლანდიის ყოფილმა პრეზიდენტმა, მერი რობინსონმა.

შიმშილის აღმოფხვრა — რატომ არ არის ფინანსური რესურსი ამისთვის საკმარისი

იქიდან გამომდინარე, რომ შიმშილს უამრავი გამომწვევი მიზეზი აქვს, ხალხისთვის ფულის გადახდით, ან მათთვის საჭმლის დარიგებით ეს პრობლემა, ცალსახად, არ მოგვარდება. არ არსებობს რაიმე ერთი გზა, რომლითაც ამ ყველა საკითხს მოვაგვარებთ. იქიდან გამომდინარე, რომ შიმშილი გლობალური პრობლემაა, პროგრესის მიღწევა საზოგადოებაში მთელი რიგი ცვლილებების ფონზე შეიძლება.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, აქამდე 197-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც 2030 წლამდე არასაკმარისი კვების პრობლემა უნდა დასრულდეს. გაერომ 2015 წელს მიიღო მდგრადი განვითარების პრინციპები, რომელთაგან მეორე შიმშილის დასრულება, საკვების უსაფრთხოების მიღწევა და მდგრადი სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა იყო. მიუხედავად ამისა, შიმშილის პრობლემა უკვე მესამე წელია გაუარესების გზას ადგას და ასევე მცირე პროგრესი შეინიშნება 5 წლამდე ბავშვებში ჭარბ წონასთან და სიმსუქნესთან ბრძოლის საქმეში.

ბევრი მიიჩნევს, რომ განათლების დონის ამაღლება და ხალხისთვის იმის სწავლება, თუ როგორ დათესონ და გაზარდონ მარცვლეული ეფექტიანად, შიმშილთან ბრძოლის საქმეში კარგი ინვესტიციაა. ამ შემთხვევაში, ადამიანები ნაკლებად იქნებიან დამოკიდებულნი მთავრობაზე და თვითონვე შეძლებენ საკუთარი თავების საკვებით უზრუნველყოფას. თუმცა, ამ მიდგომას მსოფლიოს ზოგ წერტილში გვალვა მაინც უშლის ხელს.

მსოფლიოში ყოველწლიურად საკვების 30-40% ნაგავსაყრელზე ხვდება. განვითარებად ქვეყნებში ამ პრობლემის მიზეზს ის წარმოადგენს, რომ ხალხს საკვების უფრო დიდი ხნით შესანახად საკმარისი ცოდნა და რესურსები არ აქვს. მაგალითად, ინდოეთი ყოველწლიურად წარმოებული საკვების 40%-ს კარგავს, რადგან საცალო და საბითუმო მოვაჭრეები პროდუქტებს საკმარისად ცივ პირობებში ვერ ინახავენ. განვითარებად ქვეყნებს რაც შეეხება, აქ ნარჩენების უდიდეს ნაწილზე მომხმარებლები არიან პასუხისმგებელნი, რომლებიც იმაზე მეტ საკვებს ყიდულობენ, ვიდრე სჭირდებათ. მაგალითად, აშშ-ში ყოველწლიურად გადაყრილი საკვების ღირებულება 48.3 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ფოტო: developmentnews.in

სამწუხაროდ, შიმშილთან საბრძოლველად ფინანსური რესურსის გამოყენება, როგორც ამას WFP-ის ილონ მასკის ინიციატივის საპასუხოდ შედგენილი გეგმა ითვალისწინებს, მხოლოდ დროებით შეცვლის მდგომარეობას. კრიზისის დროს ასეთმა მიდგომამ შესაძლოა, თავიდან მართლაც კარგად იმოქმედოს, თუმცა მხოლოდ იქამდე, სანამ პრობლემა თავიდან წამოიჭრება. ფული ვერ დაგვამარცხებინებს გენდერულ უთანასწორობას, კორუფციას და კლიმატის ცვლილებას. იგი ვერც სამოქალაქო თუ ქვეყნებს შორის დაპირისპირებას აღმოფხვრის. გარდა ამისა, ხალხისთვის საკვების და ვაუჩერების დარიგებამ შესაძლოა, ადამიანები მუდმივად დახმარების მოლოდინის რეჟიმში ამყოფოს.

ასე რომ, მასკის 6 მილიარდი დოლარით პრობლემის რეალურად აღმოფხვრა ნაკლებსავარაუდოა. როგორ შეაფასებს მულტიმილიარდერი WFP-ის გეგმას, გადაწყვეტს თუ არა იგი ამ არარეალურ და არაეფექტიან პროგრამაში ფინანსების დახარჯვას, თუ რაიმე უკეთესს შემოგვთავაზებს, ამას დრო გვიჩვენებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მოხდა შავ ზღვაში — ნავთობპროდუქტის ჩაღვრით გამოწვეული პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფა

გირჩევთ