როგორ შევძლებთ მარსის ტერაფორმირებას? — მეცნიერები ახალ გეგმას გვთავაზობენ
მარსის ტერაფორმირება, ანუ იქ დედამიწის მსგავსი პირობების შექმნა მრავალი ჩვენგანის ოცნებაა. ერთი შეხედვით, წითელ პლანეტაზე ამისთვის საკმარისი რესურსია, მაგალითად, ზედაპირის ქვეშ არსებული გაყინული წყალი, რომელიც შესაძლოა, სუნთქვისთვის ვარგისი ატმოსფეროს წარმოქმნაში დახგვეხმაროს. თუმცა, ეს მძლავრი მაგნიტური ველის გარეშე გაგვიჭირდება.
სამწუხაროდ, მარსს ამგვარი ველი არ გააჩნია, ამიტომ სპეციალისტები მის ხელოვნურად შექმნას გვთავაზობენ. აღნიშნული საკითხის შესახებ ისინი სამეცნიერო პორტალზე arXiv გამოქვეყნებულ ნაშრომში საუბრობენ.
მაგნიტური ველი მნიშვნელოვანია, რადგან ის ციურ სხეულებს მზის ქარისა და მაიონებელი ნაწილაკებისგან იცავს. ასე ხდება დედამიწაზეც, რომელიც მისი მშვეობით ატმოსფეროს ინარჩუნებს. ამას ჩვენი პლანეტის ბირთვში რკინის შენადნობების კონვექციისას წარმოქმნილი დინამოს ეფექტი განაპირობებს.
მარსის შიდა სტრუქტურა შედარებით ცივია და მცირე ზომისაა, ამიტომ ის საკუთარი ველის ფორმირებას ვერ ახერხებს. მეცნიერთა აზრით, ამის გამოსწორება მისი ბუნებრივი თანამგზავრის, ფობოსის მეშვეობით შეგვიძლია, რომელიც ობიექტის გარშემო დამუხტული ნაწილაკების ნაკადის გაჩენას შეუწყობს ხელს.
ფობოსი მარსის 2 თანამგზავრიდან უდიდესია და საკუთარ ორბიტაზე გადაადგილებას 8 საათს ანდომებს. მკვლევრები ფიქრობენ, რომ ამ ასტრონომიული სხეულის ზედაპირიდან იონიზებული ნაწილაკების აჩქარების გზით წითელი პლანეტის ირგვლივ წრიული ფორმის პლაზმის და, შესაბამისად, მაგნიტური ველის ჩამოყალიბებას შეძლებენ.
ამის შემდეგ ჩვენი მეზობელი ციური სხეულის ტერაფორმირება უფრო მარტივი იქნება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს სერიოზულ ტექნოლოგიურ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
ასევე: შემდეგი პოდკასტი: მარსის კოლონიზაცია — ადამიანი, როგორც მულტიპლანეტარული სახეობა
კომენტარები