ნარცისიზმი და დაბალი ინტელექტი ასტროლოგიისადმი რწმენას ყველაზე მეტად მოასწავებს — კვლევა
მეცნიერებმა გადაწყვიტეს, ადამიანთა პიროვნული თავისებურებები გამოეკვლიათ და დაადგინეს, რომ ნარცისიზმი და დაბალი ინტელექტი ასტროლოგიისადმი რწმენას ყველაზე უკეთ მოასწავებს. კვლევა ჟურნალში Personality and Individual Differences გამოქვეყნდა.
ავტორები აღნიშნავენ, რომ ასტროლოგიის მიმდევართა რიცხვი უფრო და უფრო იზრდება, თუმცა მათთვის ამის მიზეზები ნათელი ჯერაც არ გახლავთ. აღსანიშნავია, რომ ასტროლოგიის რეალურობის თაობაზე არაერთი კვლევა ჩატარებულა, თუმცა მის სინამდვილეს არცერთი მტკიცებულება არ ცხადყოფს.
ასევე იხილეთ: 20 მილიონ ადამიანზე ჩატარებულმა კვლევამ "ზოდიაქოს ნიშნების თავსებადობაზე" სიმართლე გვიამბო.
ახალი კვლევის მიზანი იყო შეესწავლათ, თუ რამდენად შეიძლება, ცალკეული პიროვნული თვისებები ასტროლოგიისადმი რწმენას მოასწავებდეს.
ამისათვის გუნდმა ონლაინ კითხვარი გამოიყენა, რის შედეგადაც 264 პასუხი შეგროვდა. მონაწილეებში Belief in Astrology Inventory-ის საშუალებით ასტროლოგიისადმი რწმენა შეაფასეს, პიროვნულობის შესაფასებლად კი პიროვნების ტესტები, სპეციალურად ნარცისიზმისათვის განკუთვნილი ტესტი და ასევე ინტელექტის ტესტი გამოიყენეს.
"საბოლოო შედეგმა აჩვენა, რომ რაც მაღალი იყო ნარცისიზმის დონე, ასტროლოგიისადმი რწმენაც უფრო ძლიერი გახლდათ", — წერს გუნდი — "ამგვარი კავშირი შესაძლოა იმიტომ არსებობს, რომ ორივეს ეგოცენტრული მსოფლმხედველობა აერთიანებს, თუმცა ეს დამატებითი კვლევებით უნდა იქნას შესწავლილი".
ყველაზე ძლიერი კორელაცია ნარცისიზმსა და ასტროლოგიისადმი რწმენაში შენიშნეს. ამგვარი რწმენა შედარებით ნაკლებად, თუმცა მაინც კორელირებდა თანხმობისათვის მზაობასა და ექსტრავერსიასთანაც. კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ რაც მაღალი გახლდათ ინტელექტის დონე, მით ნაკლები იყო ასტროლოგიისადმი რწმენაც.
ასევე იხილეთ: ასტრონომია და ასტროლოგია — როგორია მათი ისტორია და რატომ არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში
მეცნიერების თქმით, დამატებითი კვლევაა საჭირო იმის გასაგებად, თუ რატომ სჯერათ ნარცისებს ასტროლოგიის უფრო მეტად, თუმცა ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ვარაუდი მაინც აქვთ.
მათ კვლევის მონაწილეებს სთხოვეს შეეფასებინათ, თუ რამდენად მეცნიერულია ასტროლოგია, ნარცისები კი ამ აზრს უფრო ხშირად ეთანხმებოდნენ, რაც მათი მხრიდან "ფაქტების მიმართ რეზისტენტულობაზე" მეტყველებს. ამასთანავე, შესაძლოა, საქმე სწორედ იმასთან გვქონდეს, რომ ჰოროსკოპების აგებულება ნარცისებისათვისაა ზედგამოჭრილი.
"გამომდინარე იქიდან, რომ ასტროლოგიურ წინასწარმეტყველებებსა და ჰოროსკოპებს პოზიტიური ფორმულირება აქვს, ადამიანში გრანდიოზულობის განცდა მტკიცდება და შესაძლოა, ნარცისებს ეს უფრო მეტადაც კი ესიამოვნოთ".
მეცნიერებმა ასევე აღნიშნეს, რომ სტრესულ პერიოდებში ადამიანებს დაუსაბუთებელი რწმენისადმი მიდრეკილება ახასიათებთ. შესაბამისად, თუ კოვიდ-19-ის პანდემიასა და კლიმატურ კრიზისს გავითვალისწინებთ, ისიც არ იქნება გასაკვირი, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ამგვარი რწმენა ხშირდება.
"შესაძლოა, ასტროლოგიის მიმდევრობა უწყინარ ქმედებად მოგეჩვენოთ, თუმცა მაინც შესაძლებელია, მან არაკრიტიკულ აზროვნებასა და მიკერძოებას შეუწყოს ხელი", — წერია ნაშრომში — "ამასთანავე, ასტროლოგიისადმი რწმენა რამდენიმე სხვადასხვა ფსევდომეცნიერებისა და შეთქმულების თეორიების რწმენასთანაცაა კორელაციაში, რაც იმის მანიშნებელია, რომ შესაძლოა, იგი ასეთი უვნებელიც არ იყოს".
ყველაფერთან ერთად გასათვალისწინებელია კვლევის შეზღუდვებიც, ანუ ფაქტორები, რომელთა გავლენითაც შესაძლოა, ამგვარი გამოკითხვისაგან მიღებული შედეგები ნაკლებად სარწმუნო აღმოჩნდეს. მეცნიერები ნაშრომში აღნიშნავენ, რომ მონაწილეთა უმრავლესობაში სოციალური მედიიდან შემოკრებილი შედარებით ახალგაზრდა ქალები იყვნენ, ამიტომაც ჯგუფის შედეგები ფართო პოპულაციაზე ვერ განზოგადდება. სხვა შესაძლო პრობლემაა ისიც, რომ გამოკითხვის ფარგლებში შეფასების სკალათა შემოკლებული ვერსიები გამოიყენეს.
რომ შევაჯამოთ, თქვენი ზოდიაქოს ნიშანი არა, თუმცა ასტროლოგიისადმი თქვენივე დამოკიდებულება ნამდვილად შეიძლება, თქვენს პიროვნულ მახასიათებლებსა თუ შინაგან პროცესებზე მეტყველებდეს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ამგვარი რწმენის წარმომშობი ფაქტორები გავიაზროთ და დავიმახსოვროთ, რომ რაც არ უნდა იყოს ჩვენში ასტროლოგიისადმი რწმენის საფუძველი, იგი მაინც ფსევდომეცნიერებაა და ობიექტური საფუძვლები არ გააჩნია.
კომენტარები