მეცნიერების თქმით, წარსულში მთვარეს, სავარაუდოდ, მინიატურული შავი ხვრელები დაეჯახნენ
მკვლევართა გუნდის თქმით, მთვარეზე არსებული კრატერები წარსულში ამ სხეულზე მინიატურული შავი ხვრელების დაჯახების შედეგად გაჩნდა. აღნიშნული კრატერების შესწავლა, შესაძლოა, მეცნიერებს ბნელი მატერიის შესახებ საინტერესო ინფორმაციის მოპოვებაში დაეხმაროს.
მეცნიერები, რომლებმაც თავიანთი აღმოჩენის შესახებ მოხსენება Royal Astronomical Society-ში გამოაქვეყნეს, ფიქრობენ, რომ დიდი აფეთქების შემდეგ ძალიან მოკლე ხანში სამყაროში ატომის ზომის მიკროსკოპული შავი ხვრელების გროვები ჩამოყალიბდა. ამის შემდეგ ამ უდიდესი სიმკვრივის ობიექტებმა კოსმოსში დაიწყეს გავრცელება და, სავარაუდოდ, ჩვენს მზის სისტემაშიც შემოაღწიეს, სადაც, მეცნიერების მტკიცებით ისინი მთვარეს დაეჯახნენ.
კვლევის ავტორებმა დაამატეს, რომ მინიატურული შავი ხვრელები, სავარაუდოდ, სხვა ასტრონომიულ ობიექტებსაც ეჯახებოდნენ, ასევე ჩვენს პლანეტასაც. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მთვარეს შედარებით თხელი ატმოსფერო აქვს, იგი იმდენად კარგად არ იყო დაცული შეჯახებებისგან, რამდენადაც დედამიწა.
"რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არ არსებობს, რის გამოც მაინცდამაინც მთვარე ამოვირჩიეთ — უბრალოდ იგი ყველაზე კარგადაა შესწავლილი", — განუცხადა CNET-ს ალმოგ იალინევიჩმა, კანადის ინსტიტუტის ფიზიკოსმა. "მინიატურული შავი ხვრელების დაჯახებისთვის ნეპტუნის, იუპიტერისა და მერკურის ბუნებრივი თანამგზავრებიც კარგი კანდიდატები იქნებოდნენ".
მოხსენების ავტორები ფიქრობენ, აღნიშნული შავი ხვრელების დაჯახების მტკიცებულებამ, შესაძლოა, მათ ბნელი მატერიის არსებობის დადასტურებაშიც დაეხმაროს. ფიზიკოსების დიდი ნაწილის აზრით, სამყაროში არსებული მატერიის უდიდეს ნაწილს სწორედ ეს უკანასკნელი შეადგენს.
მოხსენების მიხედვით, მეცნიერების ნაწილი ფიქრობს, რომ "ბნელი მატერია ადრეულ სამყაროში სიმკვრივის ფლუქტუაციების შედეგად ჩამოყალიბდა". ამგვარად, თუ მინიატურული შავი ხვრელები მართლა შეეჯახნენ მთვარეს, მათ, შესაძლოა, იქ ბნელი მატერიის არსებობის მტკიცებულებაც დაეტოვებინათ და შეეცვალათ ნებისმიერი მსუბუქი მატერიის თვისებები, რომელთანაც კონტაქტში შევიდოდნენ.
მკვლევრები ფიქრობენ, რომ მომავალში მთვარის ეკიპაჟიანი მისიები, როგორიცაა NASA-ს Artemis პროგრამა, ამ კრატერების შესწავლისა და ბნელი მატერიის საიდუმლოს ამოხსნის საშუალებას მოგვცემს.
კომენტარები