როგორ აღწევს ჰერპესის ვირუსი ჩვენს ნერვულ სისტემაში — კვლევა
ჰერპესის ვირუსზე, ალბათ, ბევრ თქვენგანს სმენია. სავარაუდოა, რომ ის საკუთარ თავზეც გამოგეცადათ, რადგან მისი ორი ტიპი — HSV1 და HSV2 ადამიანებში საკმაოდ გავრცელებულია და ერთი ორგანიზმიდან მეორეში სქესობრივი თუ სხვა გზებით მარტივად გადადის.
ეს პათოგენი სხეულის შემადგენელი უჯრედების შიდა საფარველში იჭრება, ზოგჯერ კი იქიდან ჩვენს ნერვულ სისტემაში აღწევს, რასაც განსაკუთრებული წარმატებით ართმევს თავს. ვირუსი უმეტესწილად მალულად მოქმედებს, თუმცა ზოგჯერ ძალზე არასასიამოვნო სიმპტომებით ვლინდება, იქნება ეს კანზე გაჩენილი ბუშტუკები თუ თვალის გაღიზიანება. ის, ასევე, დემენციის მაპროვოცირებელ ფაქტორად მიიჩნევა და დედიდან შვილზე გადადების შემთხვევაში, შესაძლოა, ბავშვის სიკვდილიც გამოიწვიოს.
მასთან საბრძოლველად საჭიროა, გავიგოთ, როგორ ახერხებს ის პერიფერიული ნერვული უჯრედების "დაპყრობას" და იქ ინფექციური ნაწილაკების წარმოქმნას.
ამ საკითხთან დაკავშირებით კვლევა აშშ-ში მდებარე ჩრდილო-დასავლური უნივერსიტეტის ფაინბერგის სამედიცინო სკოლაში მომუშავე მეცნიერებმა ჩაატარეს. გამოცემაში Nature გამოქვეყნებულ ნაშრომში ისინი აცხადებენ, რომ ჰერპესის ვირუსი მიკრომილაკებზე გადასაადგილებლად და ნერვულ სისტემაში გადასასვლელად ერთდროულად 2 მამოძრავებელ ცილას იყენებს. ესენი გახლავთ დინეინი და კინესინი, რომელსაც ის ეპითელური უჯრედებისგან ითვისებს და თავის სასარგებლოდ მომართავს.
ეს მას ნეირონების ბირთვში ჩაღწევაში ეხმარება, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზემოხსენებული პროცესი ხანგრძლივია. სპეციალისტთა თქმით, დანიშნულების ადგილამდე მისვლას პათოგენი დაახლოებით 8 საათს ანდომებს.
მკვლევრები იმედოვნებენ, რომ უკანასკნელი მიგნების მეშვეობით უახლოეს მომავალში ამ ინფექციის თავიდან აცილებისა და მისი გაუვნებლების ეფექტიან გზებს მოვძებნით.
კომენტარები