აზერბაიჯანმა სომხეთის მთავარ გზაზე საბაჟო გამშვები პუნქტები მოაწყო
11 ნოემბრის მდგომარეობით, აზერბაიჯანმა სომხეთის ჩრდილო-სამხრეთით, გორისი-კაპანის მაგისტრალის იმ 21-კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელსაც აზერბაიჯანი აკონტროლებს, საბაჟო გამშვები პუნქტები მოაწყო. ამის საპასუხოდ სომხეთი გზაზე თავის საბაჟო პუნქტებს აწყობს.
აქამდე გორისი-კაპანის მაგისტრალი ერთადერთი დიდი გზა იყო, რომელიც სომხეთის სამხრეთით მდებარე სიუნიქის პროვინციას დანარჩენ ქვეყანასთან აკავშირებდა.
10 ნოემბერს სომხეთის ოფიციალურმა პირებმა იმ შემოვლითი გზის შესახებ გამოაცხადეს, რომელიც აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიას მთლიანად გვერდს უვლის. თუმცა სასაზღვრო სოფლები, მათ შორის, შურნუხი, ვოროტანი და ჭაკატენი მიტოვებულად რჩება, რადგან ისინი ახალ შემოვლით გზას არ უკავშირდებიან. სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანის თანახმად, ამ პრობლემის მოსაგვარებლად ახალი გზების მშენებლობა ამჟამად მიმდინარეობს.
11 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ ქვეყანას აზერბაიჯანთან მოლაპარაკებისა და მისი დარწმუნების, რომ ეს საბაჟო გამშვები პუნქტები არ განეთავსებინათ, შანსი ჰქონდა, თუმცა ამის "ფასი" იქნებოდა აზერბაიჯანის "კორიდორი" სომხეთის ტერიტორიაზე.
"ეს მიუღებელია", — თქვა ფაშინიანმა.
მანამდე, სომხეთის მთავრობამ სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის დადებულ სავარაუდო შეთანხმებაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ სომხურ სატვირთოებს ამ გზის თავისუფლად გამოყენების საშუალება ექნებოდათ. გზის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რუსეთის სასაზღვრო ძალები ამ არეალში დეკემბერში განლაგდნენ.
ეს გზა დაახლოებით ერთი თვის წინ რეგიონში დაძაბულობის კერის წერტილი გახდა, როცა აზერბაიჯანმა ირანული სატვირთოებისთვის გადასახადი დააწესა და მას შემდეგ რაც, ირანული სატვირთო მანქანები მთიან ყარაბაღში ტვირთის გადაზიდვაში დაადანაშაულა, გარკვეული დროით სატვირთოს ორი მძღოლიც დააკავა.
პროტესტი ოპოზიციის მხრიდან
ახალი საბაჟო პუნქტების განთავსების სიახლემ ოპოზიციის გაბრაზება გამოიწვია და ისინი 11 ნოემბრის დილით ერევანში, მთავრობის შენობასთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა და 30-მდე ადამიანი დააკავა.
"ფაქტები მეტყველებს, რომ ყოველგვარი ოფიციალური დოკუმენტის გარეშე სომხეთის ხელისუფლებამ აზერბაიჯანთან დადო გარიგება. ეს მთელ სიუნიქს საფრთხეში აგდებს", — განაცხადა სომხური ალიანსის ბლოკის დეპუტატმა, გეგამ მანუკიანმა.
"პრემიერმინისტრის ნაცვლად, აზერბაიჯანი იღებს გადაწყვეტილებებს. ამ სიტუაციის ალტერნატივა არის არა ომი [...] არამედ, ღირსეული მშვიდობა", — ვკითხულობთ ბლოკის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
მმართველი ხელისუფლება, ასევე, გააკრიტიკა სომხეთის უფლებადამცველმა, არმან ტატოიანმა — განსაკუთრებით, არმენ გრიგორიანის განცხადება — მისი თქმით, გორისი-კაპანის მაგისტრალთან მცხოვრები მოსახლეობის უფლებების შესახებ კონკრეტული პასუხების ნაკლებობაა.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები