ნოახ ჰარარის თქმით, მომავალში ადამიანის გონების სრულად "დაჰაკვა" იქნება შესაძლებელი
ფილოსოფოსი, მოაზროვნე და მსოფლიო ბესტსელერის, კრიტიკოსთა მიერ საერთაშორისო მოვლენად აღიარებული "საპიენსის" ავტორი, ნოახ ჰარარი გვაფრთხილებს, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ ხელოვნური ინტელექტის რეგულირება, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი კომპანიები შეძლებენ ადამიანების ტვინის "გატეხვას".
მას მიაჩნია, რომ ხელოვნური ინტელექტის სწრაფი ტემპით და უკონტროლოდ განვითარებამ, შეიძლება გააჩინოს "დაჰაკული ადამიანების" პოპულაცია. ჰარარის სიტყვებს CBS ავრცელებს.
ამ საკითხის მოსაგვარებლად და პრობლემის პრევენციისთვის ის მოუწოდებს მსოფლიოს ლიდერებს, მსხვილი კორპორაციების მიერ მოპოვებული მონაცემებისა და ხელოვნური ინტელექტის რეგულირება დაიწყონ.
"ადამიანის დაჰაკვა ნაწილობრივ დღესაც ხდება, როდესაც ზოგ შემთხვევაში კომპანიებმა უკეთ იციან რა გსურთ, ვიდრე ეს თქვენ თავად. სწორედ ამის ხარჯზე კორპორაციები ადამიანებით მანიპულირებენ", — ამბობს ჰარარი.
საშიში მონაცემები
საქმე ეხება კომპანიებს, რომლებიც თავიანთი მომხმარებლების მონაცემებს აგროვებენ და ამუშავებენ. ჰარარი წუხს, რომ ადამიანები სულ უფრო ხშირად ანდობენ პირად ცხოვრებას კერძო კომპანიებს.
"მაგალითად, Netflix გვეუბნება თუ რას ვუყუროთ, ხოლო Amazon გვიბიძგებს იმისკენ თუ რა უნდა ვიყიდოთ. ასეთი ტემპებით, საბოლოოდ, 10, 20 ან 30 წელიწადში, მსგავსი ალგორითმები ასევე გეტყვიან, რა უნდა ისწავლო კოლეჯში და სად იმუშაო, ვისზე დაქორწინდე და თუნდაც ვის მისცე ხმა", — ამბობს ჰარარი.
ხელოვნური ინტელექტის რეგულაცია
ჰარარიმ მოუწოდა ქვეყნებს, სერიოზულად მოეკიდონ ხელოვნური ინტელექტის საკითხს, რომელიც კორპორაციების ხელშია. მას მიაჩნია, რომ უნდა შეიქმნას მკაფიო და მკაცრი დამცავი ბარიერები, რათა მონაცემები არ იქნას გამოყენებული საზოგადოების მანიპულირებისთვის.
"ახლა ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც გვჭირდება გლობალური თანამშრომლობა. თქვენ ვერ შეძლებთ დაარეგულიროთ ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ კონკრეტული სახელმწიფოს დონეზე. აუცილებელია გლობალური შეთანხმება და ამის მიხედვით მოქმედება", — უთხრა 60 Minutes-ს ჰარარმა.
ჰარარის თქმით, ეს საგანგაშო და ყურადსაღები რეალობაა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ზოგიერთი ტექ კომპანია ცდილობს დაარწმუნოს მომხმარებლები, რომ სრულად მიიღონ ვირტუალური რეალობა.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები