NASA-მ იუპიტერის თანამგზავრ ევროპის ჩრდილოეთ პოლუსის პირველი სურათი მოიპოვა
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) კუთვნილმა ხომალდმა Juno იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრის, ევროპის ჩრდილოეთ პოლუსის პირველი სურათი გადაიღო. მისი მეშვეობით ჩვენ უკვე ვიცით, როგორ გამოიყურება ციური სხეულის ეს ნაწილი.
ასტრონომები ფიქრობენ, რომ ევროპის ყინულოვანი გარსის ქვემოთ უზარმაზარი ოკეანეა, რომელშიც შესაძლოა, სიცოცხლისთვის თავსებადი გარემო იყოს. მისი აქამდე უცნობი პოლარული რეგიონის გამოსახულება კოსმოსურმა აპარატმა 80 000 კილომეტრი მანძილიდან დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ სურათს მაღალი გარჩევადობა არ აქვს, რადგან მისი თითოეული პიქსელი 50-60-კილომეტრიან არეალს გვიჩვენებს. ამის მიუხედავად, ფოტოზე კარგად ჩანს ობიექტის ზედაპირიდან არეკლილი სინათლე.
სპეციალისტთა განცხადებით, მომავალ წელს უკეთეს გამოსახულებას მოვიპოვებთ, როცა Juno ციური სხეულის ჩრდილოეთ პოლუსს ასეულობით კილომეტრით მიუახლოვდება.
ასევე, იხილეთ: იუპიტერის თანამგზავრის ატმოსფეროში წყლის მუდმივი ორთქლის კვალს მიაგნეს — კვლევა
ევროპა აქამდე არაერთი ზონდის ობიექტივში მოხვედრილა. მათ შორისაა NASA-ს მისიების Pioneer, Voyager და Galileo ფარგლებში გაშვებული აპარატები, რომლებმაც მისი ყინულოვანი ზედაპირისა და სხვა მახასიათებლების შესახებ მოგვაწოდეს ინფორმაცია. ასევე, ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი და დედამიწის ორბიტაზე ან მის მახლობლად მოძრავი სხვა მსგავსი ობსერვატორიები.
მათ იუპიტერის თანამგზავრის ამ კუთხით აღბეჭდვის შესაძლებლობა არ ჰქონიათ, რაც გადაადგილების ეკლიპტიკური ტრაექტორიით არის განპირობებული. მათგან განსხვავებით, Juno-ს ორბიტა პოლარული რეგიონის მიმდებარედაა, რის გამოც მის წინ უნიკალური ხედები იშლება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე დეკადაში ევროპისკენ 2 ხომალდის გაგზავნა იგეგმება. ერთ-ერთია ევროპის კოსმოსური სააგენტოს JUICE, მეორე კი NASA-ს Europa Clipper. ორივე მათგანი დანიშნულების ადგილამდე 2030-იან წლებში მიაღწევს.
კომენტარები