ბიზნესდაჯილდოება 2021-ის ფინალისტები
"თიბისის ბიზნესდაჯილდოვება წლის ერთ-ერთი გამორჩეული ღონისძიებაა და ყველა ბიზნესისთვის არის შანსი, საკუთარი კომპანია თუ კონკრეტული პროდუქტი უფრო ფართო საზოგადოებას გააცნოს. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს იყო: უფრო მეტი ადამიანისთვის მოგვეყოლა ამ უნიკალური პროდუქტის და წარმატებული თანამშრომლობის შესახებ", — ჰყვება ქართული ბრენდის, ლოიალტეს, მმართველი პარტნიორი, გიგა ფაიქიძე.
წარმატებულ თანამშრომლობაზე საუბარი ბიზნესდაჯილდოებისთვის წელს განსაკუთრებით პრიორიტეტული გახდა. თიბისის მიერ ორგანიზებულ პრესტიჟულ ბიზნესკონკურსს, რომელიც მეექვსედ იმართება, წელს პირველად დაემატა ნომინაცია საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის. პარტნიორობისა და კოლაბორაციის მნიშვნელობა ხომ ნათლად გამოჩნდა ამ კრიზისულ პერიოდში.
ბიზნესდაჯიდლოება, როგორც უკვე თქვით, წლებია იმართება და წლის ბოლოს წარმატებულ ქართულ ბიზნესებს უყრის თავს. წელს ხუთ კატეგორიაში 14 ნომინანტია წარდგენილი. საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის პრიზის მოპოვებას კი, ლოიალტესთან ერთად, კიდევ ორი ქართული ბრენდი, ანემონე და DODO Designs ეცდება.
მაგალითის ძალა სხვა კომპანიებისთვის
ლოიალტე აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიაა. ბრენდი სულ რაღაც სამნახევარი წლისაა, თუმცა, შთამბეჭდავი შედეგებით გამოირჩევა: გახსნილი აქვს 3 ფილიალი (თბილისსა და ბათუმში), აქვს 4 შვილობილი ბრენდი, ჰყავს 55-ზე მეტი თანამშრომელი და 1500-ზე მეტი ლოიალური მომხმარებელი ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, 2022 წლის დასაწყისში ლოიალტე კიდევ ერთ შვილობილი ბრენდის წარდგენას აანონსებს.
ბიზნესდაჯილდოების ფინალში ლოიალტე აჭარაში არსებულ სასურსათო მაღაზიათა ქსელ ნაზილბესთან შემდგარი კოლაბორაციით მოხვდა. როგორც გიგა აცხადებს, ბრენდისთვის რეგიონებში ბიზნესსაკონსულტაციო სერვისების განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია.
"თანამშრომლობის პრეცედენტი ფაქტობრივად უნიკალურია როგორც ლოიალტეს პორტფელში, ასევე სიახლეა ზოგადად ქართულ საკონსულტაციო ბაზარზე და გულისხმობს დამკვეთი კომპანიის ფაქტობრივად ყველა საოპერაციო მიმართულების მართვაში გადაცემას ლოიალტეს გუნდისთვის. უფრო ნათლად რომ წარმოვიდგინოთ, საუბარია ფინანსებზე, ბუღალტერიაზე, HR-ზე, ოპერაციებზე, შესყიდვებზე, კომერციასა და სხვა", — დასძენს ლოიალტეს წარმომადგენელი.
მისი თქმით, რისკების არსებობის გამო, გამოწვევა დიდი იყო, მით უმეტეს, რომ თანამშრომლობა უმეტესად დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობდა. თუმცა, ამავე ფორმატში შექმნილი საქმისწარმოების ეფექტური სისტემა ნაზილბეში ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენიც გახდება.
"თანამშრომლობის შედეგად, ნაზილბეს დამფუძნებლებს და მენეჯმენტს შესაძლებლობა მიეცათ და ჩამოშორდნენ ყოველდღიურ საოპერაციო საქმიანობას და საკუთარი რესურსი მიმართონ კომპანიის სტრატეგიული განვითარებისკენ", — აღნიშნავს გიგა.
როგორც უკვე ვახსენეთ, ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის მოტივაცია ბრენდისთვის საკუთარი წარმატებული პროდუქტისა და თანამშრომლობის შესახებ ცნობადობის ამაღლება იყო.
"ფინალში მოხვედრა არ გაგვკვირვებია, რადგან ვთვლით, რომ მსგავსი ტიპის თანამშრომლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის და ეს კონკრეტული შემთხვევა კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან განხორციელდა რეგიონში", — დასძენს გიგა, — "გვჯერა, რომ ნაზილბესთან ლოიალტეს თანამშრომლობას მაგალითის ძალა ექნება სხვა კომპანიებისთვის როგორც აჭარაში, ასევე სხვა რეგიონებსა და დედაქალაში და შევძლებთ, რომ მსგავსი თანამშრომლობის მოდელი ბევრ სხვა სექტორში გავავრცელოთ".
სამომავლოდ, კომპანია ციფრული სერვისების განვითარებას გეგმავს, რისთვისაც შეიქმნა altera, რომელიც არსებულ თუ პოტენციურ მომხმარებელს მალე საინტერესო ციფრულ გადაწყვეტებს შესთავაზებს.
"პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ასევე Loialte Strategy, ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების განვითარება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში", — ამატებს გიგა, — "ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია საქართველოს გარეთ ექსპანსია. ამისთვის სტრატეგია უკვე გაწერილია, სამიზნე ქვეყნები შერჩეულია და მოსამზადებელი სამუშაოებიც გარკვეულწილად დაწყებული".
მწვანე გარემოზე ზრუნვა და ღირებულებების გაზიარება
ოთხი წლის წინ შექმნილი მცენარეების მაღაზია-სალონი ანემონე სივრცეა, სადაც ადამიანები და მცენარეები ერთმანეთს უმეგობრდებიან: ერთ სივრცეში მათ შეუძლიათ მცენარისა და ქოთნის არჩევა და მისი გადარგვა. თუმცა, ამასთან, ადგილს საგანმანათლებლო დატვირთვაც აქვს: სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი გაკვეთილების, უფროსებისთვის კი — ორთვიანი "მწვანე საუბრების" კურსია გახსნილი. გარდა ამისა, ანემონე საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწევა.
"ანემონეს გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს მწვანე და ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად, ამიტომ მუდმივად ვცდილობთ საინტერესო და ღირებული პროექტების შექმნას. სწორედ ეს გამოგვარჩევს კონკურენტებისგან", — აღნიშნავენ კომპანიაში, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი მომხმარებლისთვის მყუდრო და სასიამოვნო გარემოს შექმნაა.
რადგან ანემონესთვის საკუთარი ღირებულებების და დამოკიდებულებების წარმოჩენა პრიორიტეტულია, ორი წლის წინ დაიწყეს თანამშრომლობა კომპანია გრინვოლთან, რომელთან ერთადაც ვერტიკალურ გამწვანებას ქმნიან.
"გრინვოლი უზრუნველყოფს ვერტიკალური გამწვანების ტექნიკურად გამართვას, ანემონე კი ქმნის დიზაინს და ასე ვთანამშრომლობთ", — აღნიშნავს ბრენდის წარმომადგენელი, ანი არველაძე — "ამ ორი წლის განმავლობაში კი უკვე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება მოვახერხეთ ჩვენს ქალაქში".
პანდემიის პერიოდში ანემონეს, რასაკვირველია, ფიზიკურ სივრცეში არსებული მაღაზიის დახურვა და ონლაინგაყიდვებზე გადასვლა მოუხდა, თუმცა, იმის გამო, რომ ამ პერიოდში "ადამიანებმა მცენარებიისთვის მოიცალეს" და მათმა მოვლამ ერთგვარი თერაპიული ხასიათიც შეიძინა, ადაპტაცია წარმატებული გამოდგა.
"ამ პერიოდში ფონდი კრისტალისა და USAID-ის ხელშეწყობით გავაკეთეთ პროექტი მწვანე იზოლაცია, რომელიც ემსახურებოდა სტრესის მოხსნას კარანტინის პირობებში", — აღნიშნავს ანი, — "ეს იყო შესანიშნავი სტიმული, რომ საქმიანობა ძველებურად გაგვერძელებინა. ამ პერიოდში შევქმენით საიტიც, რადგან მისი საჭიროება შეიქმნა. შესაბამისად, პანდემიის პერიოდმა ბევრი რამ დაგვახვეწინა".
როცა ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა გადაწყვიტეს, ნომინაციების ჩამონათვალში არჩევანი თავიდანვე საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობის კატეგორიაზე შეაჩერეს, რადგან, როგორც ანი აღნიშნავს, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვერტიკალური გამწვანების შესახებ ბევრმა ადამიანმა გაიგოს.
"თუნდაც ის, რომ ამ კონკურსის ფინალში გავედით, მოწმობს, როგორ გაიზარდა ჩვენი ცნობადობა", — დასძენს ანი, — "ამიტომ, იმის მოლოდინიც მაქვს, რომ ფინალშიც წარმატებას მივაღწევთ და კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაიგებს ამ პროექტის შესახებ".
სამომავლოდ, ბრენდის გეგმები კვლავაც ვერტიკალური კედლის წარმოებას უკავშირდება. მისი პოპულარიზებით ანემონეს სურს, მეტმა ადამიანმა შეძლოს თავის სივრცეში ვერტიკალური გამწვანების გამოყენება.
დიზაინში ასახული კონცეფცია
დიზაინ სტუდია DODO Designs 2018 წელს დაფუძნდა, როგორც კომპანია, დოდო და თაკო ჩხეიძეების მიერ, თუმცა, ჯერ კიდევ მანამდე, 2015 წლიდან, აქტიურად მუშაობდა თეატრის, კინოს, სარეკლამო რგოლების, მუსიკალური ფესტივალების და ვიტრინების მხატვრულ გაფორმებაზე. 2020 წელს კომპანიამ დაიმატა შვილობილი კომპანია, რომელიც საკუთარი დიზაინით სხვადასხვა პროდუქტს აწარმოებს.
"მთავარი ღირებულება, რასაც ეფუძნება ჩვენი დიზაინი, არის დიზაინის სფეროს გულწრფელი სიყვარული და ძალისხმევა, რომ თითოეული ნამუშევარი იყოს სასიამოვნო ემოციების მომტანი და ერთმანეთისგან გამორჩეული", — აღნიშნავენ კომპანიაში, — "ჩვენს პორტფოლიოში შეხვდებით მრავალ პროექტს. მაგალითისთვის გამოვყოფთ ყვავილების გასაყიდ პავილიონებს ორბელიანის მოედანზე, მანათობელი გულის ინსტალაციას 'გალერია თბილისისთვის', საახალწლო დეკორაციებს გეგეშიძის და მრგვალ ბაღებში, ასევე შევჩენკოს სკვერში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმდინარე პროექტია ვარკეთილის მეტროს ინტერიერის დიზაინი, რომლის რეაბილიტაცია ამჟამად მიმდინარეობს".
2020 წელს ბრენდმა SKA Juice Bar-თან თანამშრომლობა წამოიწყო, როცა ამ უკანასკნელს უკვე ორი ობიექტი ჰქონდა გახსნილი, თუმცა, კიდევ რამდენიმეს გახსნას აპირებდნენ ქალაქის სხვადასხვა უბანში და გადაწყვიტეს, ყველა სამომავლო ობიექტის შესაქმნელად დიზაინ სტუდიასთან ეთანამშრომლათ.
"რადგან ჩვენთვის მისაღები იყო მათი კონცეფცია, რაც ჯანსაღი და სწრაფი კვების შერწყმას გულისხმობს, თანამშრომლობაზე დავთანხმდით", — აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი, თაკო ჩხეიძე, — "ოთხი ობიექტი, რომელზეც ვიმუშავეთ, უკვე გახსნილია, სამი კიდევ დამუშავების პროცესშია".
როგორც ბრენდში აღნიშნავენ, სტუდიისთვის ეს საინტერესო შეთავაზებასაც წარმოადგენდა, რადგან SKA ჯგუფიც ახალგაზრდა იყო ბაზარზე. ამიტომ, შეღავათიან ფასად თანამშრომლობა, ორივე მხარისთვის შედეგიანი აღმოჩნდა და შეიქმნა კომფორტული სივრცეები, სადაც სტუმრებს ჯანსაღად კვებისა და დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობა აქვთ.
"ჩვენი ბრენდის ღირებულებებიდან და მუშაობის სტილიდან გამომდინარე, ვითვალისწინებთ ობიექტების ადგილმდებარეობას, მათ ისტორიას, მიმდებარე ტერიტორიების მნიშვნელობას და სტილისტიკას. საინტერესო გამოწვევაა შევქმნათ თითოეული სივრცის ინტერიერი ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ისე, რომ ქსელის მთავარი ვიზუალური კონცეპტი არ დაიკარგოს, რაც მათთან თანამშრომლობის საწყის ეტაპზე მოვიფიქრეთ".
ანემონეს მსგავსად, ბიზნესდაჯილდოების ფინალში მოხვედრის შედეგად გაზრდილი ცნობადობა DODO Designs-ისთვისაც შესამჩნევია. ახალი შეთავაზებების გაჩენასთან ერთად, იზრდება ბრენდის სამომავლო გეგმებიც. მათ შორისაა, კიდევ რამდენიმე საავტორო პროდუქტის ხაზის დამატებაც.
ბიზნესდაჯილდოება 2021-ის დაჯილდოების ცერემონია, ტრადიციულად, წლის ბოლოს, დეკემბერში შედგება. პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჟიური გამარჯვებულს ხუთ კატეგორიაში გამოავლენს, თითოეულ მათგანს კი კვლავ ექნება საშუალება, მათი საჭიროებიდან გამომდინარე აირჩიონ სასურველი პრიზი. ჯილდოების ასორტიმენტი კი ისევ მრავალფეროვანია: ახალი ვებგვერდი, ბრენდინგი ან საკომუნიკაციო მხარდაჭერა.
კომენტარები