შესაძლოა, COVID-19 ტვინში სისხლძარღვების დაზიანებასა და ნევროლოგიურ პრობლემებს იწვევდეს
ახალი კვლევა აჩვენებს, რომ COVID-19-მა შესაძლოა, ტვინში სისხლძარღვთა დაზიანება გამოიწვიოს და კოგნიტური ფუნქციონირებაც შეაფერხოს.
იგი გერმანელმა, ფრანგმა და ესპანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს და ამჟღავნებს, რომ ვირუსს ტვინის უჯრედების, კერძოდ ენდოთელიალური უჯრედების განადგურება შეუძლია.
როგორც წინა გამოკვლევებმა აჩვენა, ნევროლოგიური სიმპტომები კოვიდპაციენტთა დაახლოებით 84 პროცენტს აღენიშნება. მათ შორისაა ანოსმია ანუ გემოსა და ყნოსვის დაკარგვა, ეპილეფსიური შეტევები, ინსულტი, გონების დაკარგვა და დაბნეულობა, ეს კი შესაძლოა, კვლევის შედეგად მიღებული დასკვნებით აიხსნას.
ჩვენთვის ისიც ცნობილია, რომ ზოგჯერ კოვიდინფიცირებულები ვირუსის შეყრიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი იტანჯებიან მეხსიერების პრობლემებით.
კვლევის ფარგლებში დაღუპულ კოვიდპაციენტთა ტვინები დაასკანირეს, შედეგებმა კი კაპილართა ნარჩენები აჩვენა, რომელთაც ენდოთელიუმის უჯრედები არ გააჩნია და სისხლს ვეღარ ატარებს, რაც კოგნიტური დაზიანების ნიშანია და არაერთ სამედიცინო — მათ შორის მიკრო ინსულტის — რისკთან ასოცირდება.
მიუხედავად ამისა, მკვლევრები მაინც იძლევიან იმის იმედს, რომ კოვიდის ეს ახალი ასპექტი შეიძლება, შექცევადი იყოს.
"ზღვის გოჭებში, რომელთაც კოვიდის საკმაოდ მსუბუქი ფორმები უვითარდებათ, ეს ფენომენი ნამდვილად შექცევადია, ამიტომაც იმედი გვაქვს, რომ ადამიანებშიც ასე იქნება", — განაცხადა ნაშრომის თანაავტორმა ვინსენტ პრევომ ლილედან (საფრანგეთი), ინსერმის კვლევითი ცენტრიდან.
კომენტარები