გოგელიას კლინიკაში მოქალაქეები გრიპის ვაქცინის ნაცვლად, სავარაუდოდ, C ვიტამინით აცრეს
მოქალაქები ამბობენ, რომ გოგელიას კლინიკაში თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდნენ და გრიპის ვაქცინის ნაცვლად C ვიტამინით აცრეს. ნაწილის თქმით, ვაქცინაციაში წინასწარ გადაიხადეს თანხა და კლინიკაში მისულებმა ტყუილის შესახებ სხვა დაზარალებული მომხმარებლისგან გაიგეს.
რეგულირების სააგენტოში აცხადებენ, რომ მომხდარზე მოკვლევა დაიწყეს. მათი თქმით, ამ კლინიკას იმუნიზაციის ჩატარების უფლება საერთოდ არ ჰქონდა.
ტატა დვალიშვილი Facebook-ზე წერს, რომ ვაქსიგრიპზე (სეზონურ გრიპის ვაქცინით) აცრაზე შვილი და დედა სწორედ ამ კლინიკაში ჩაწერა, ადგილზე კი დაეჭვდა და გაიგო, რომ ვაქცინის ნაცვლად ბავშვს და დედას C ვიტამინი გაუკეთეს.
"ავიღე ეჭვი, რადგან საბუთი და ყუთი არ მანახეს და როცა ბავშვის აცრა გადავიფიქრე, უცებ აუწიეს ხელი და დაარჭეს ნემსი. ჩავვარდი შოკში და ავტეხე ამბავი, მივყევი ბოლომდე, ჩავრთე მთელი თბილისი, ჩემი ქმარი შევარდა და აღიარეს, რომ C ვიტამინით აცრეს. ფულის გაკეთების მიზნით ითაღლითეს", — ამბობს ის.
დვალიშვილის თქმით, აცრა ვინმე გიორგი ჩანდლერმა გააკეთა, რომელიც დანაშაულის აღიარების შემდეგ გაიქცა.
თაღლითობის სქემაში გაეხვა კიდევ ერთი მომხმარებელი. ის ამბობს, რომ გოგელიას კლინიკაში აცრისთვის ფული წინასწარ გადარიცხა, ადგილზე მისულს კი პოლიცია, მედია და 10-მდე დაზარალებული დახვდა.
"დღეს ლანჩზე გამოვვარდი აცრის გასაკეთებლად. ადგილზე მოსულს
დამხვდა პოლიცია და მედია და 10-მდე დაზარალებული. აღმოჩნდა რომ ეს კლინიკა თავიდან ბოლომდე აფიორაა. ვინც უკვე "აცრეს", იმათ სინამდვილეში C ვიტამინი გაუკეთეს. დღეს "დატყდნენ" კლინიკიდან და ხალხია აქ ჩემნაირი ვისაც წინასწარ 700-800 ლარები აქვთ ჩარიცხული. პოლიცია არ გვიშვებს. უნდა დაგვკითხონ სულ ყველა".
სამედიცინოს საქმიანობის რეგულირების სააგანეტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე რუსთავი 2-თან ამბობს, რომ ამ კლინიკას მათთვის იმუნიზაციის შეტყობინების ნებართვა არ ჰქონდა გაგზავნილი, ამიტომ არც იმუნიზაციის უფლება ჰქონდათ.
"რაც შეეხება ექიმს, 2020 წელს რეგულირების სააგენტომ გამოავლინა, რომ ის უკანონო საექიმო საქმიანობაში იყო ჩართული, მას ჰქონდა გაყალბებული სერტიფიკატები და ისე ახორციელებდა საქმიანობას", — აცხადებს კაპანაძე.
მისივე თქმით, ექიმის საქმესთან დაკავშირებით მოკვლევა დაასრულეს და საქმე პროკურატურას გადაუგზავნეს.
სააგენტოს წარმომადგენელი, ასევე, აცხადებს, რომ ამოიღებენ პრეპარატს, რომლითაც ადამიანები აცრეს, ექსპერტიზაზე წაიღებენ, რომლის შემდეგ ზუსტად ეცოდინებათ, რა ტიპის ინექციას უკეთებდნენ მოქალაქეებს.
"პირველადი ვერსიით, ეს იყო C ვიტამინი, თუმცა საბოლოო პასუხს მაინც ექსპერტიზა გასცემს. ამის შესაბამისად ვიმსჯელებთ როგორც ექიმის, ისე კლინიკის პასუხისმგებლობის ნაწილზე", — ამბობს ზაალ კაპანაძე.
On.ge კლინიკასთან დაკავშირებას შეეცადა. Facebook გვერდზე მითითებული ერთი ნომერი გამორთულია, მეორეზე კი ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. მომხდართან დაკავშირებით პასუხს ველოდებით შინაგან საქმეთა სამინისტროსგანაც.
კომენტარები