ხშირად გვსმენია, რომ ინტერნეტ სამყარომ გაცილებით მეტი იცის ჩვენს შესახებ, ვიდრე ჩვენ თავად. სინამდვილეში, ის, თუ რა მოცულობის ინფორმაციას გავასაჯაროებთ სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული. ადამიანებს ინტერნეტის გამოყენება ზედმეტად მარტივად ეჩვენებათ, თუმცა ხშირად ხდება, როდესაც ერთ "არასწორ" ბმულზე გადასვლაც კი კიბერდანაშაულის მსხვერპლებად გვაქცევს ხოლმე.

სტატიის მომდევნო ნაწილში სწორედ იმაზე მოგიყვებით, რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ შენი პერსონალური ინფორმაცია და ფინანსები მუდამ დაცული იყოს.

პაროლები

ფოტო: Dan Nelson / Unsplash

ინტერნეტში საკუთარი პერსონალური მონაცემების დაცვის პირველი ნაბიჯი ყველა დონეზე ძლიერი პაროლების დაყენებაა. ეს ეხება როგორც ინტერნეტ ბანკს, ისე სოციალურ ქსელებსა და სხვა აპლიკაციებს. ძლიერი პაროლი უნდა შედგებოდეს როგორც ციფრებისგან, ისე ასოებისგან და სიმბოლოებისგან. ეცადე, რომ პაროლებში არ გამოიყენო საკუთარი სახელი, ასაკი, დაბადების წელი, ან ისეთი მახასიათებელი, რომელიც თაღლითს საქმეს გაუმარტივებს.

მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა სოციალური ქსელის, ინტერნეტბანკისა და ელექტრონული ფოსტისთვის განსხვავებული პაროლები გამოიყენო. ამასთან, ერთნაირად დაიცავი ყველა მოწყობილობა რომელსაც იყენებ. ხშირად შეცვალე პაროლები და რაც მთავარია, არავის, არავის გაუზიარო ისინი.

საბანკო ბარათების მახასიათებლები

ფოტო: Mikhail Nilov / Pexels

საბანკო ბარათებს ყველა ვიყენებთ — ისინი თანდათან უფრო აქტიურად ანაცვლებენ ნაღდ ფულს და ცხოვრებას ბევრად გვიმარტივებენ. ყველა ვთანხმდებით, რომ უნაღდო ანგარიშსწორება ბევრად მარტივი და მოსახერხებელია, თუმცა თუ შენი ბარათის მონაცემები უცხო პირების ხელში აღმოჩნდება, ამან, შესაძლებელია, შარში გაგხვიოს.

საბანკო ბარათს გააჩნია როგორც დასახელება, ასევე ერთგვარი ნუმერაცია, CVV კოდი და მოქმედების ვადა. იმისათვის, რომ ონლაინ ვივაჭროთ, ყველა ეს მონაცემია საჭირო. ბუნებრივია, ბანკებს დამატებითი დამცავი მექანიზმებიც აქვთ ჩართული, თუმცა თუ კიბერთაღლითები ბარათის გამოყენებისთვის საჭირო ძირითად ინფორმაციას მოიპოვებენ, სასურველი მიზნის უფრო მარტივად მიაღწევენ. მოკლედ, როდესაც საქმე საბანკო ბარათს ეხება, მნიშვნელოვანია, რომ არასდროს გაანდო უცხო პირებს მასზე დატანილი მონაცემები. გაითვალისწინე, რომ არა მხოლოდ ვირტუალურ სამყაროში, რეალურ ცხოვრებაშიც ბევრი ხაფანგია დაგებული — მაშინაც კი, როდესაც მაღაზიასა თუ ბენზინგასამართ სადგურზე უნაღდოდ იხდი, ნუ გადასცემ ბარათს უცხო პირებს.

რაც შეეხება საბანკო ბარათების ონლაინ ვაჭრობაში გამოყენებას, აქ რეკომენდებულია, რომ ამ საქმისთვის ცალკე ბარათი იქონიო და მასზე ზუსტად იმ რაოდენობის თანხა განათავსო ხოლმე, რაც კონკრეტული ნივთის ყიდვისთვის გჭირდება. თაღლითობის შემთხვევაში, კიბერდამნაშავეებს შენს ბარათზე მიბმული ანგარიში უბრალოდ ცარიელი დახვდებათ. გასათვალისწონებელია ის ფაქტიც, რომ კიბერდანაშაულთან ბრძოლა საკამოდ რთულია. როდესაც ონლაინ ვაჭრობისას ნაკლებ სიფრთხილეს ვიჩენთ და თაღლითობის მსხვერპლები ვხდებით, საბანკო თუ სხვა საფინანსო დაწესებულებები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას დაგვეხმარონ.

საეჭვო შემოთავაზებები — გადადი ლინკზე და...

ფოტო: Vojtech Okenka / Pexels

თუ შეტყობინება მოგივიდა, რომლის მიხედვითაც შორეული ნათესავი მემკვიდრეობით მილიონობით ლარს გიტოვებს, წინასწარ ნუ აღფრთოვანდები. დაელოდე, დიდი ალბათობით "მახარობელი" კონკრეტულ ანგარიშზე თანხის გადარიცხვას მოგთხოვს — აქ კი ნამდვილად დარწმუნდები, რომ საქმე თაღლითთან გაქვს.

ინტერნეტის უკიდეგანო სამყაროში ეგრეთ წოდებული ფიშინგი საკმაოდ გავრცელებული რამ არის. თაღლითები "მომხიბვლელი" შემოთავაზებებით ცდილობენ ანკესზე წამოაგონ ადამიანები და ასე იშოვონ ფული. როგორც წესი, ისინი მოწყვლად ჯგუფებს არჩევენ, ანუ იმ ადამიანებს, რომლებსაც ინტერნეტის გამოყენების ნაკლები გამოცდილება აქვთ. უნდა ითქვას, რომ ამგვარი თაღლითობა არა მხოლოდ ინტერნეტით, ტელეფონის საშუალებითაც ხშირად ხდება ხოლმე.

შესაძლებელია, კონკრეტული შეთავაზების სახით მიიღო ბმული, ანუ ლინკი, რომელზე გადასვლის დროსაც შენი მოწყობილობა კიბერშეტევის მსხვერპლი გახდეს. ყოველთვის ერიდე საეჭვო ლინკებს. ამასთან, მოინიშნე სანდო ვებსაიტები, რომლებსაც ხშირად გამოიყენებ ხოლმე. აქ კონკრეტულ რჩევასაც გაგიზიარებთ: უნდა იცოდე, რომ კომუნიკაცია ვებგვერდთან დაშიფრულია, თუ ის იყენებს HTTPS პროტოკოლს. ამასთან, მისამართს წინ უძღვის მწვანე ჩაკეტილი ბოქლომი, რომელზე დაჭერისას შეგიძლიათ ნახოთ ვებგვერდის უსაფრთხოების სერტიფიკატი.

გლობალიზაციის პირობებში ჯიბის ქურდებისა და მძიმე დამნაშავეების ნაწილმა ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა. ინტერნეტში შეხვდებით ისეთ თაღლითებსაც, რომლებიც რამდენიმე ლარის გამომუშავებისთვის "მუშაობენ" და ისეთებსაც, რომლებიც დიდ თანხებზე ნადირობენ. მნიშვნელოვანია, რომ ინტერნეტში გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ — ეს იქნება პაროლების დაყენება, ონლაინ ვაჭრობა, თუ უბრალოდ სხვადასხვა საიტის გამოყენება, ყოველთვის გავამახვილოთ ყურადღება იმ რისკ-ფაქტორებზე, რომელთა უგულებელყოფაც თაღლითობის მსხვერპლებად გვაქცევს. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვე, მსოფლიო მასშტაბით, ოქტომბერში აღინიშნება. ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო ტრადიციას უერთდება და წელს პირველად, კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას იწყებს.