კაქტუსის ეკლები, ზვიგენის კბილები, ზღარბის ნემსები თუ კრაზანის ნესტარი — ცოცხალი ბუნება ჩხვლეტისა და თავდასხმის უამრავ იარაღს იყენებს. მეორე მხრივ, როგორც ახალმა კვლევამ აჩვენა, ყველა მათგანისთვის საერთო, ერთი „იდეალური“ ფორმა არ არსებობს. სამეცნიერო ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ბუნებრივი ეკლებისა და ბრჭყალების აგებულება ყოველთვის ორ მთავარ თვისებას — გამძლეობასა და ჩარჭობის ეფექტიანობას შორის ოქროს შუალედს ასახავს.

მკვლევართა ჯგუფმა მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს ჩხვლეტის 143 სხვადასხვა ბუნებრივი მექანიზმი შეისწავლა. სიაში მოხვდა როგორც ყველასთვის ცნობილი ეკლები თუ ეშვები, ისე შედარებით იშვიათი ანატომიური სტრუქტურები — მაგალითად, ლოკოკინების "სიყვარულის ისრები" და პარაზიტი კრაზანების ნემსისებრი კვერცხსადებები.

მეცნიერებმა თითოეული ინსტრუმენტი ორი ძირითადი პარამეტრით დაახასიათეს: წაწვეტებით (რამდენად თხელი და სწრაფია იგი) და სიმრგვალით. კომპიუტერულმა სიმულაციებმა აჩვენა, რომ რაც უფრო თხელი და წაწვეტილია სხეული, მით უფრო ნაკლები ენერგია სჭირდება მას ზედაპირის გასახვრეტად. თუმცა ამავდროულად იზრდება გატეხის რისკიც. ხოლო შედარებით სქელი და მომრგვალებული იარაღები ნაკლებად ტყდება, მაგრამ ჩარჭობას მეტი ძალისხმევა სჭირდება.

კომპიუტერული მოდელებით მკვლევრებმა შექმნეს ზონა, სადაც გამძლეობასა და ეფექტიანობას შორის საუკეთესო ბალანსია დაცული. მეორე მხრივ, რეალური ცხოველებისა და მცენარეების ეკლები ამ ზონაში ყოველთვის არ ჯდება.

მიზეზი მარტივია: ყოველ ცოცხალ ორგანიზმს განსხვავებული საჭიროება აქვს. მაგალითად, ზოგიერთი ეკლიანი მექანიზმი თავდაცვისთვის გამოიყენება, ზოგი — მსხვერპლის დასაჭერად, ზოგიც — სითხის შესაშხაპუნებლად. ეს უკანასკნელი კი შედარებით მომრგვალებულ ფორმას მოითხოვს, რათა შიგნით მილაკი დაეტიოს. გარდა ამისა, დიდ როლს თამაშობს ისიც, თუ რამდენად იოლად შეუძლია ორგანიზმს გატეხილი ეკლის ახლით ჩანაცვლება.

ახალი კვლევა ადასტურებს, რომ ბუნებამ ჩხვლეტის ერთიანი "ჩემპიონი" ფორმა ვერ იპოვა. იმის მიხედვით, თუ რა ამოცანა დგას ამა თუ იმ სახეობის წინაშე, ბუნებრივი ინსტრუმენტები გამძლეობასა და სიმკვეთრეს შორის ბალანსს ყოველთვის ინდივიდუალურად არგებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.