Acer წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს. მან მომხმარებელთა გულების მოგება დიდი ხნის წინ მოახერხა. კომპანია ზრდასა და განვითარებას მუდმივად განაგრძობს. Acer-ის პროდუქტები განსაკუთრებული პოპულარობით გეიმერებს შორის სარგებლობს.

13 ოქტომბრის ღონისძიებაზე Next@Acer კომპანიამ გეიმერებისა და სხვა, მძიმე დატვირთვებზე მომუშავე მომხმარებლებისთვის შექმნილი ახალი მოწყობილობები გვანახა.

ტაიპეიში გამართულ ღონისძიებაზე Acer-მა რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე წარადგინა — ესენია ახალი Predator Orion 7000 პერსონალური კომპიუტერი, 4K Smart Led პროექტორი გეიმერთათვის და 55-ინჩიანი მაგიდა — Predator Gaming Desk. ეს უკანასკნელი საშუალებას მოგცემთ თავისუფლად მოათავსოთ ყველა საჭირო ნივთი ერთ მაგიდაზე. ასევე, მას აქვს სპეციალური სივრცე, რომელიც სადენების ლამაზად განსათავსებლად იქნება განკუთვნილი.

Acer-მა ახალი Predator Orion 7000 წარადგინა

Predator Orion 7000 პერსონალურ კომპიუტერებში ახალი სიტყვაა. მის შეუდარებელ მონაცემებს წყლის გაგრილების სისტემა მოემსახურება, რაც პროცესორისა და სხვა კომპონენტების გადახურებისგან ნებისმიერ პირობებში დაიცავს. ასევე აღსანიშნია, რომ Orion 7000 განახლებადი იქნება, თქვენ სურვილისამებრ შეძლებთ მის გაძლიერებას ან უბრალოდ კომპონენტების გამოცვლას.

ფოტო: Acer

Predator Orion 7000 მე-12 თაობის ინტელის პროცესორებით აღიჭურვება და ვიდეო ბარათად NVIDIA RTX 3090-საც მიიღებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — ეს ყველაფერი დაკავშირებული იქნება 64-გიგაბაიტამდე DDR5 4000 მეგაჰერციან ოპერატიულ მეხსიერებასთან.

აქვე გეტყვით, რომ DDR5 ტიპის მეხსიერებები ბაზარზე წლის ბოლომდე გამოჩნდება.

კომპიუტერის ქეისი გამჭვირვალე იქნება, ის შუშის გვერდებს მიიღებს. წინა ნაწილში ორი RGB 140მმ-იანი Predator FrostBlade 2.0 ქულერი განთავსდება, მესამე ქულერი, ასევე, RGBm 120მმ-იანი Predator FrostBlade 2 იქნება. PredatorSense-ის დახმარებით თქვენ შეძლებთ აირჩიოთ ნებისმიერი ფერი თქვენი ქულერებისთვის. ეს ყველაფერი კი შუშის გასაოცარ დიზაინში ძალიან ლამაზად გამოჩნდება. ქეისზე Predator-ის ლურჯი ლოგოც იქნება დატანილი.

ქეისის წინა ნაწილში ასევე შევხვდებით USB 3.2 Gen 1 Type A-ის, ერთ USB 3.2 Gen 1 Type C-ისა და ორ აუდიოჯეკს. უკანა ნაწილში სამი USB 3.2 Gen 2 Type-A, ერთი USB 3.2 Gen 2x2 Type-C და ორი USB 2.0 პორტი დაგვხვდება, აქვეა სამი აუდიოჯეკის პორტიც.

მეხსიერების მხრივ, Orion 7000-ში ორი M.2 PCIe 4.0 NVIMe SSD-ისა (თითო 1 TB-მდე) და ორი 3.5-inch SATA3 HDD-ის მოთავსება შეიძლება (თითო 3 TB-მდე).

Predator GD711 და Predator GM712 გეიმინგ პროექტორები

ფოტო: Acer

Predator GD711 ჭკვიანი 4K, LED გეიმინგ პროექტორია, რომელიც თავსებადია როგორც კონსოლებთან, ასევე პერსონალურ კომპიუტერთან. პროექტორს ჩაშენებული მარკეტიც მოყვება, საიდანაც სხვადასხვა სტრიმინგ სერვისებთან დაკავშირებას შეძლებთ. Predator GD711-ს ფერების აღქმის ძალიან კარგი მაჩვენებელი აქვს. 4000 LED ლუმენი, დინამიკური კონტრასტი და HDR 10 იდეალურ გამოსახულებას იძლევა.

პროექტორს რამდენიმე რეჟიმი აქვს და მათი ამორჩევა თქვენზე იქნება დამოკიდებული. სტანდარტულ რეჟიმში ის 4K (3840 x 2160) გამოსახულებას გვაძლევს, რაც ფილმებისთვის ან ვიდეოებისთვის იდეალურია. პროექტორის მომდევნო ორი რეჟიმი გეიმინგს ეხება.

კონსოლებისთვის მას 1080p@120Hz-ზე მუშაობა შეუძლია, ხოლო თუ თქვენ Orion 7000-ის მსგავს პერსონალურ კომპიუტერს გამოყენებთ, მაშინ პროექტორი 1080p@240Hz რეჟიმსაც მარტივად გაუმკლავდება. პროექტორის LED განათების სასიცოცხლო ციკლი 30 000 საათი იქნება.

პროექტორი ორ HDMI 2.0 პორტს PC-ებისა და კონსოლებისთვის მიიღებს. მას 3 USB Type-A და დინამიკთან დასაკავშირებელი პორტიც ექნება.

მომხმარებლები, რომლებიც LED პროექტორებს სანათზე დაფუძნებულს ამჯობინებენ Predator GM712-ის შეძენას შეძლებენ. გამოსახულება მასაც 4K აქვს და მისი მაქსიმალური სიკაშკაშე 3 600 ANSI ლუმენს შეადგენს.

Predator Gaming Desk

ფოტო: Acer

Predator-ის 55-ინჩიანი გეიმინგ მაგიდა (PGD110) თქვენი სისტემის, მონიტორის, აქსესუარებისა თუ სხვა მოწყობილობების განსათავსებლად იდეალური გადაწყვეტილებაა. გეიმერებს ორი ზედაპირის არჩევის საშუალება ექნებათ, ერთი გასაწმენდად მარტივი, ნახშირბოჭკოვანი ზედაპირი იქნება, მეორე კი Predator-ის სპეციალურად დამზადებული მაუსპადით დაიფარება. PDG110-ს ყურსასმენების საკიდი, ჯოისტიკების შესანახი ადგილი, ჭიქების დამჭერი და სხვა საჭირო დამატებითი ფუნქციებიც აქვს.

მას ორივე მხარეს სპეციალურად მომზადებული ხვრელები აქვს, რათა თქვენი სადენები ლამაზად მოაწყოთ და ერთმანეთში არ აირიონ. Predator Gaming Desk გეიმერებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი იქნება. აქვე გეტყვით, რომ მაგიდის დატვირთვის მაქსიმალური წონა 120 კილოგრამს შეადგენს.


Acer-ის მისიაა, შექმნას ადამიანებზე ორიენტირებული პროდუქტები. ახლა, პანდემიის პირობებში კი იგი კაცობრიობის დაცვაზე ფოკუსირებულია იმაზე უფრო, ვიდრე ეს ოდესმე გაუკეთებია.

მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით, რომლებსაც ანტიმიკრობული შესაძლებლობები აქვთ, კომპანია ცდილობს დაიცვას ხალხი. მის პროდუქტებს აქვს შთამაგონებელი დიზაინი და მომხმარებელზე ორიენტირებული მახასიათებლები გეიმერებისთვის.

ადამიანებსა და ტექნოლოგიებს შორის ბარიერების დარღვევით Acer ყოველთვის ფოკუსირებული იყო ადამიანებზე. ამაზე მეტყველების მისი დევიზიც — "Acer-ისგან, დამზადებულია კაცობრიობისთვის”.

Next@Acer-ის კონფერენციის ნახვა Youtube-ზე, Acer-ის ოფიციალურ არხზე შეგიძლიათ.