"სახლი ინგრევა, კიბე ჩავარდა უკვე" — კორპუსის ნგრევის შემდეგ, ბათუმელები დახმარებას ითხოვენ
26 მაისის ქუჩაზე შვიდსართულიანი კორპუსის ჩამონგრევისა და მსხვერპლის შემდეგ, ბათუმელებმა Facebook-ში თავიანთი ავარიული ბინების ფოტოების გამოქვეყნება დაიწყეს. ისინი მთავრობას დახმარებას სთხოვენ, რათა მათთანაც იგივე არ განმეორდეს.
გთხოვთ, ჩვენი სახლის ფოტოებიც დადოთ ამ ჯგუფში, იქნებ რამე გვეშველოს. სამი პატარა ბავშვით სულ შიშით ვცხოვრობთ, ფიროსმანის პირველში. რამდენი განცხადებაა ამ სახლიდან შესული, აღარ დაგვითვლია. სამხარეულის დასკვნაცაა, რომ სახლი არის ავარიული.
ავარიული სახლში ბათუმში, ფოროსმანის #1ა
ფიროსმანის პირველი
გამარჯობა, ქ. ბათუმი, მაქაცარიას N9. 157 წლის სახლი, მიდის დაშენებები და კაციშვილს შემოწმებული არ აქვს, გაუძლებს თუ არა სახლი, იქნებ დავეხმაროთ ერთმანეთს.
მაქაცარიას N9
მაქაცარიას ქუჩა
ჰაიდარ აბაშიძის 27 ნომერში ერთი თვეა ბზარები მოემატა. მივმართეთ შესაბამის სამსახურს, არავინ არ ინტერესდება. 10 ბავშვი ცხოვრობს ამ სახლში, ყოველ დღე შიშით ვიძინებთ. გთხოვთ, დაგვეხმაროთ და გავავრცელოთ, იქნებ ვინმე დაინტერესდეს! მადლობა წინასწარ.
ჰაიდარ აბაშიძის #27
ჰაიდარ აბაშიძის #27
ფიროსმანის 11 ნომერში სახლი ინგრევა, კიბე ჩავარდა უკვე, პირველი სართული ჩაწეულია, სარდაფი აღარაა საერთოდ…
ფიროსმანის #11
ფიროსმანის #11
Facebook გვერდმა ბათუმი ავარიული ბინების შესახებ ათობით შეტყობინება, ფოტო და ვიდეო მიიღო, რომლებსაც #ჩემისახლიავარიულია ჰეშთეგით აქვეყნებდა. პრობლემების შესახებ წერდნენ კომენტარებშიც.
შეტყობინებების ავტორებს შორის არის ნატალია კახიძეც. ის ფიროსმანის ქუჩაზე, ავარიულ ორსართულიან შენობაში 75 წლის დედასა და ძმასთან ერთად ცხოვრობს. ამ კორპუსში კიდევ 9 ოჯახია. სახლის ბინადრები გვეუბნებიან, რომ შენობა ყოფილი სამხედრო ყაზარმაა, რომელიც 1880-იან წლებში აშენდა.
ნატალია გვიყვება, რომ მისი სახლი წითელ ზონაში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში შეიყვანეს, შენობა უნდა დაშლილიყო და მათთვის ფართები გადაეცათ. თუმცა ასე არ მოხდა.
"შემდეგ გამოგვიჩნდა ინვესტორი, რომელიც ამ შენობის აღებას და დაშლას აპირებდა, ჩვენ კი ახალ ბინებს შეგვპირდნენ. გავაფორმეთ ხელშეკრულებები ოფიციალურად იუსტიციის სახლში, მაგრამ ბოლო პერიოდში, როდესაც ნებართვაზე მივიდა საქმე, მაშინდელ მერთან, ერმაკოვთან რომ შევიდა ინვესტორი, მერმა უთხრა უარი, იმიტომ, რომ უკან ახალმა კორპუსმა საჩივარი დაწერა, 300-მა ოჯახმაო. ამიტომ, მათ სასარგებლოდ გადაწყდა. გარდა ამისა, ახალი კორპუსის მოსახლეობა ამბობდა, ჩვენ ხედები გვინდოდაო", — გვიყვება ნატალია.
ის, ასევე, გვეუბნება, რომ შენობის პირველი სართული სახელმწიფოს საკუთრებაა, სადაც თავიდან საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა. ამჟამად იქ მუზეუმის ბიბლიოთეკაა, რომელიც უკვე დაცალეს, რადგან სახლი ავარიულია.
ნატალიას თქმით, ბიბლიოთეკის ზემოთ ცხოვრობს მეზობელი, რომელმაც აივნის გამაგრებაზე ნებართვის მისაღებად განცხადება 6 ადგილას დაწერა, თუმცა უფლებას დღემდე არ აძლევენ.
"წვიმები რომ იყო სექტემბერში, მივმართე გამგეობას, ვაჩვენე, როგორ ჩამოდის წყალი. შეკეთების თანხები არ მაქვს. დაგვპირდნენ გადახურვას, დაწერეთ განცხადებაო, დავწერე, 1% გვექნება მოსახლეობას გადასახადი. 16 სექტემბერი იყო, განცხადება რომ დავწერეთ და ჯერ-ჯერობით, პასუხი არ გვაქვს. წვიმა რომ ჩამოდის, ძველი ბათქაში ცვივა, ასევე, რამდენიმეჯერ მორიელები დავიჭირეთ", — ამბობს ნატალია.
35 წლის მირანდა გვიანიძე ამავე შენობაში სამ მცირეწლოვანთან ერთად 15 წელია ცხოვრობს. ნატალიას მსგავსად, ისიც აღნიშნავს, რომ 8 ოქტომბერს მათ ქალაქში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, სახლში ყოფნის უფრო მეტად ეშინიათ. პრობლემის მოგვარებას 9 წელია ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ.
"სამი წლის ბავშვის საწოლში ვიპოვე მორიელი. სადარბაზოშიც ცვივა ჭერი, სახლშიც ჩამოუვარდა ჩემს მეზობელს მთლიანად ჭერი. სამხარაულის დასკვნაც გვაქვს, რომ არის ძალიან ძველი და ავარიული მდგომარეობა. რამდენჯერმე მივმართეთ მერიას, ჯერ კიდევ ერმაკოვის დროს, შემდეგ ლაშა კომახიძეს, ახლა კიდევ ვცდილობდით შევსულიყავით, მაგრამ ველოდებოდით, რომ მთავრობა დალაგებულიყო", — ამბობს მირანდა.
ამ ჩამონგრევის შემდეგ სულ მეჩვენება თვალებში რომ თითქოს უნდა დაინგრეს, შეშინებულები ვართ. რომ დამენგრევა თავზე მერე არ მინდა კომპენსაცია და ბინა
მირანდა მთავრობას გვერდში დგომას სთხოვს.
"ინვესტორი თუ მოვიდა, ხელს ნუ შეუშლიან და ნებართვა მისცენ, თუ არადა, თვითონ დაგვეხმარონ. რაც მოხდა 8 ოქტომბერს, იგივე განმეორდება ამ სახლში, დარწმუნებული ვარ", — აღნიშნავს მირანდა.
ჰაიდარ აბაშიძის #27-ში, სამსართულიან სახლში 9 წელია ქმართან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს თამუნა ხუნწელია. ამ შენობაში სულ 9 ოჯახია.
"ჩვენ რომ შევიძინეთ ეს შენობა, დაშენებული იყო უკვე და მაშინ ამხელა პრობლემა არ იყო, გარედან ფასადი ჰქონდა და არ ჩანდა ალბათ. ახლა ფასადი აღარ არის, ქარმა ჩამოაგდო და ბზარები გამოჩნდა. მხოლოდ ჩემს მხარეს არ არის ბზარები, მთლიან სახლზეა. წინა კვირას მივმართეთ მერიას, ერთ კვირაში მოვიდნენ და ველოდებით ახლა. თან დაემთხვა პარასკევის ტრაგედიას, მაგრამ იქაც რომ ვიყავით, უარყოფითად არ გამოვუშვივართ, მოგაქცევთ ყურადღებასო გვითხრეს", — ამბობს თამუნა.
ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში ამბობენ, რომ 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, სამშენებლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებით მოქალაქეების მიმართვიანობა საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა მოგვიანებით ისევ შემცირდა. მათივე ინფორმაციით, მოქალაქეების შეტყობინების საფუძველზე 8 ოქტომბრიდან მხოლოდ 4 დღეში 200-მდე ობიექტი გადაამოწმეს.
"მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში ყველა შეტყობინებაზე ოპერატიულ რეაგირებას ახდენენ. მუნიციპალური ინსპექცია ამოწმებს როგორც მიმდინარე მშენებლობისა და მიშენება/დაშენებების პროექტთან შესაბამისობას, აგრეთვე უნებართვო მშენებლობების ფაქტებს", — ამბობენ უწყებაში.
ისინი ბათუმელებს მოუწოდებენ, საეჭვო სარემონტო სამუშაოების დაფიქსირების შემთხვევაში, სამუშაო საათებში (09:00-18:00) სამსახურის ცხელ ხაზზე დარეკონ: 0 800 000 810 (3) ან დაუკავშირდნენ უწყების Facebook გვერდს.
"ბათუმი ავარიული სახლების გარეშე"
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ 22 ოქტომბერს განაცხადა, რომ აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ერთობლივად იწყებენ სამთავრობო პროგრამას ბათუმი ავარიული სახლების გარეშე. რიჟვაძის თქმით, ავარიულ სახლებში მცხოვრებ ოჯახებს ეტაპობრივად მომავალი წლიდან დააკმაყოფილებენ.
"დღეიდან დაიწყება 630-ზე მეტი ოჯახის დაკმაყოფილება მერიისა და აჭარის მთავრობის საკუთრებაში არსებული საბინაო ფონდით. ჩვენ შევთავაზებთ გარემონტებულ ბინებს და ამის პარალელურად ახალი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა დაიწყება და სრულად დასრულებული ჩაბარდება თითოეულ საჭიროების მქონე ოჯახს", — აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.
რაც შეეხება ბიუჯეტს, რიჟვაძის ცნობით, ამაში 4 წლის განმავლობაში 80 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. მისი თქმით, საბოლოო მიზანი 2025 წლისთვის ბათუმში 3 000-ზე მეტი ოჯახის პრობლემის გადაწყვეტაა.
რიჟვაძემ, ასევე, აღნიშნა, რომ ექსპერტიზის შედეგების გათვალისწინებით ბათუმში, დღესდღეობით, 140-ზე მეტი ავარიული სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლი და კორპუსია და ავარიულ პირობებში, დაახლოებით, 1 400-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს.
26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, გადარჩა ერთი. დაღუპულებს შორის 3 ბავშვია. სამაშველო ღონისძიება თითქმის 30 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
პოლიციამ სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე, მზიდი კონსტრუქცია (კედლები), რითაც საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა დაირღვა და ამან შვიდსართულიანი კორპუსის ნგრევა გამოიწვია. უწყება ამბობს, რომ სამშენებლო სამუშაოები თვითნებურად, საინჟინრო და უსაფრთხოების წესების დარღვევით, შესაბამისი საინჟინრო ცოდნის მქონე სპეციალისტის მონაწილეობისა და სახელმწიფოს ნებართვის გარეშე მიმდინარეობდა.
კომენტარები