Glamping Georgia და სმარტნეტი — ბიზნესდაჯილდოების ნომინანტები, რომლებიც რეგიონებს ავითარებენ
თიბისის ბიზნესდაჯილდოება წელს მეექვსედ გამოავლენს ბიზნესებს, რომლებსაც ინდუსტრიაში სასიკეთო ცვლილებები მოაქვთ.
ამჯერად ნომინანტები ხუთ კატეგორიაში გამოვლინდებიან:
- საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის,
- გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში,
- საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურებისთვის,
- საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის და
- გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის.
ამ სტატიაში ორ კომპანიას გაგაცნობთ, რომლებიც ნომინაციაში "გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში" მონაწილეობენ. Glamping Georgia რაჭაში ტურიზმის განვითარებას ცდილობს, სმარტნეტი კი იმერეთის, კერძოდ ტყიბულის რაიონის ინტერნეტჩართულობის გაზრდას უწყობს ხელს.
Glamping Georgia
გლემფინგი ბუნებასთან სიახლოვის და კომფორტული დასვენების ნაზავია, რომელიც ტურიზმის ახალი და სწრაფადგანვითარებადი მიმართულებაა. 2018 წელს, რაჭაში დაარსებული Glamping Georgia ერთ-ერთი პირველია, რომელმაც საქართველოში ამ მიმართულებით მუშაობა და რეგიონის ტურისტული პოტენციალის ათვისება დაიწყო.
კომპანიის ისტორიაზე და სამომავლო გეგმებზე მისი დამფუძნებელი, გიორგი ისაკაძე გვესაუბრა და აღნიშნა, რომ ორი კარვით დაწყებული საქმიანობა მცირე დროში გაფართოვდა.
"საქმიანობა ორი კარვით დავიწყეთ და რაჭა, კერძოდ სოფელი კრიხი, მიმზიდველ ტურისტულ ადგილად ვაქციეთ. ადგილობრივად ვფართოვდებით და სხვა კუთხეების ათვისებაც გვინდა. ჩვენი სამომავლო გეგმა სრულად განახლებად რესურსზე გადასვლაა", — ამბობს გიორგი და ამატებს, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ტურისტული პოტენციალი, რომელიც განვითარებისთვის უნდა გამოვიყენოთ.
სმარტნეტი
ინტერნეტ-პროვაიდერი კომპანია სმარტნეტი ალექსანდრე მაღლაფერიძემ და ზურაბ კაშიამ წელს დააფუძნეს და 6 თვეზე ნაკლებ დროში ტყიბულის რამდენიმე სოფლის უსადენო ინტერნეტით მომარაგება შეძლეს.
ზურაბ კაშიას თქმით, მათ კომპანიას სტაბილურობა, ხარისხი და აბონენტებთან დამოკიდებულება გამოარჩევს.
"კონკურენტებისგან სიჩქარე, სტაბილურობა, ხელმისაწვდომი ფასი, რეაგირების სიჩქარე და რაც მთავარია, მომხმარებელთან დამოკიდებულება გამოგვარჩევს. ვცდილობთ მომხმარებელთა საჭიროებები გავითვალისწინოთ, თანაც მოქნილი საკრედიტო სისტემა გვაქვს", — აღნიშნავს ზურაბ კაშია და იმასაც ამბობს, რომ მათთვის რეგიონების გაძლიერება ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია.
"ჩვენი მიზანი ტყიბულში ხელმისაწვდომი და სტაბილური ინტერნეტპროვაიდერის შექმნა იყო, რადგან ჩართულობა რეგიონების განვითარებას უწყობს ხელს. მრავალი ისეთი სოფელია, რომელსაც გამართული ინტერნეტი არ მიეწოდება, ეს პრობლემა განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებს აქვთ. ჩვენ მცირებიუჯეტიანი კომპანია ვართ, რომელიც დიდ მნიშვნელობას რეგიონებისთვის ხელმისაწვდომი ინტერნეტის მიწოდებას ანიჭებს".
სამომავლოდ სმარტნეტი გეგმავს ისეთ რეგიონებში შესვლას, რომლებშიც ხარისხიანი ინტერნეტკავშირის პრობლემაა, პირველ რიგში კი ტყიბულის რაიონის მაღალმთიანი სოფლის, მუხურას ათვისებას აპირებენ.
"ტყიბულის ზოგიერთ არეალში ოპტიკური ინტერნეტი არ არის, ზოგში არის, მაგრამ ხარისხის პრობლემაა. სამომავლოდ ტყიბულის რაიონის მაღალმთიან სოფელში, მუხურაში გვინდა შესვლა, რადგან, როგორც ვიცით, იქ გამართული, მომხმარებელთა ინტერესებზე მორგებული ინტერნეტის პრობლემაა", — გვეუბნება ზურაბი.
ბიზნესდაჯილდოების ნომინაცია გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში
ორივე კომპანიის დამფუძნებელი თვლის, რომ მსგავსი დაჯილდოების არსებობა დამატებითი მოტივატორია და მეტ ბიზნესს უჩენს სურვილს, რომ რეგიონის განვითარებაზე და სოციალურ გამოწვევებზე იფიქრონ.
ზურაბ კაშიას თქმით, დასახული მიზნის შესრულებას გააგრძელებენ, აღნიშნული ნომინაცია კი კიდევ უფრო დაეხმარებათ გაძლიერებაში.
გიორგი ისაკაძე კი ამბობს, რომ თიბისის ბიზნესდაჯილდოება "ადგილობრივი კომპანიების ცნობადობის გაზრდას უწყობს ხელს და ნომინანტებს შორის დასახელება მეტის კეთების სტიმულია". საუბრის დასასრულს კი აღნიშნავს, რომ კარგი იქნება თუ ამ მიმართულებით უფრო მეტი ინიციატივა იარსებებს.
ბიზნესდაჯილდოების პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დაწყებულია ვებგვერდზე www.businessaward.ge და გაგრძელდება 15 ოქტომბრის ჩათვლით. გამარჯვებულები დეკემბერში გამოვლინდებიან.
ბიზნესდაჯილდოების პარტნიორები არიან: EFSE Entrepreneurship Academy და Forbes Georgia.
კომენტარები