ამ გიგანტური საჰაერო ბურთით სტრატოსფეროში ტურები 2024 წლიდან განხორციელდება
ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ტუსონში დაფუძნებული კომპანიის World View Enterprises განცხადებით, მათ მიერ შექმნილი გიგანტური საჰაერო ბურთებით სტრატოსფეროში მგზავრების გაშვებას 2024 წელს დაიწყებენ. ტიპური ფრენა 6-8 საათს გასტანს, რა დროსაც ადამიანები ხმელეთიდან 30 000 მეტრ სიმაღლეზე ავლენ და კოსმოსის სიშავის ფონზე დედამიწის მრუდის დანახვას შეძლებენ.
ხანგრძლივ ტურში მონაწილე პირები შთამბეჭდავი სანახაობით საერთო ჯამში 5 დღის განმავლობაში დატკბებიან და მაღლიდან ბუნებრივ, ისტორიულ თუ კულტურულ ღირსშენსანიშნაობებს დაათვალიერებენ. მაგალითად, ისინი არიზონის შტატში მდებარე დიდ კანიონს, ჩინეთის დიდ კედელს, ეგვიპტის გიზის პირამიდებს, ავსტრალიაში განლაგებულ დიდ ბარიერულ რიფს და სხვა მსგავს ადგილებს მოინახულებენ.
Explorer-ის სახელით ცნობილ კაფსულაში 8 ადგილია, მათგან თითოეულის ღირებულება კი 50 000 აშშ დოლარს შეადგენს, რაც დღესდღეობით ხელმისაწვდომ ამგვარ სერვისებთან შედარებით, საკმაოდ იაფია. საჰაერო ბურთით მგზავრობის საშუალება ნებისმიერი ასაკის ადამიანს მიეცემა და ის ყველანაირი საჭირო მომსახურებით იქნება უზრუნველყოფილი.
აღსანიშნავია, რომ World View Enterprises-ის საჰაერო ბურთს პირველი ეკიპაჟი უკვე გამოუჩნდა. კაფსულაში არსებული ყველა ადგილი არაკომერციულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ Space For Humanity შეიძინა. მათი თქმით, სადებიუტო მისიაში მონაწილეობას სამოქალაქო პირები მიიღებენ, რომლებსაც საგანგებოდ შეარჩევენ და მოამზადებენ.
მათ სტრატოსფეროში 481 400 კუბური მეტრი მოცულობის უზარმაზარი საჰაერო ბურთი აიყვანს, რომელზეც კაფსულა იქნება მიმაგრებული. უკან დაბრუნებისას კი ისინი ხმელეთზე პარაშუტით დაეშვებიან.
თავად ხომალდში კომფორტული სავარძლები, ტელესკოპები და დედამიწის ამსახველი კამერები განთავსდება. ეკიპაჟის წევრები სწრაფი ინტერნეტითაც ისარგებლებენ. მათთან ერთად იფრენს მომსახურე პერსონალის 1 წარმომადგენელი და გიდიც.
კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მსგავსი სერვისით კოსმოსს ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდიან.
კომენტარები