ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების შიდა ჩათებიდან.

"ბოლო საათების განმავლობაში მათ ჩათებში ჩაიშალა ასეთი დავალება, ვციტირებ, სიტყვა-სიტყვით ვკითხულობ. მოკლედ, კიდევ ერთხელ ახლა ყველას, ვისაც ხელი მიგვიწვდება, ან ვწერთ პირადად, ან ვუგზავნით შუამავალს, დღის ბოლომდე უნდა ვაკეთოთ ქუჩა, შინაური , ქოცი და ა.შ. გზავნილი მარტივია, გენაცვალოს ჩემი თავი, მაგრამ ოცნებას წაგებული აქვს და ჩაეხსენით, ისეთ რამეს ნუ გაგაკეთებინებს ბიძინა, კალაძე, რომ მერე ვერ შეძლო დახმარება. ქოცების უბნის უფროსებს, კომისიის წევრებს, ვისზეც გვაქვს ხოდი უნდა შევეხმიანოთ. აუცილებელია ყველასთან კონტაქტი. უნდა იცოდნენ, რომ მოსასვლელი აქვთ და ნაკლებად შეეშინდებათ", — ამბობს მდინარაძე.

მისივე თქმით, ჩათებში ზუსტად იმავე ტექსტი ჩაშალა ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.

"ასევე, პარტიის ე.წ. თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჩაშალა თავის ჩატში და თქვენ ნახავთ, რომ არის ანალოგიური მესიჯი, რამდენიმე სიტყვაა განსხვავება. მოკლედ, რას ვაკეთებ ახლა, ყველას, ვისთანაც ხელი მიმიწვდება, ან ვწერ პირადად, ან ვუგზავნი შუამავალს დღის ბოლომდე ეს უნდა ვაკეთო, ქუჩა, შინაური, ქოცი და ა.შ. იგივე სიტყვებია, გზავნილი მარტივია, გენაცვალოს ჩემი თავი, მაგრამ ოცნებას წაგებული აქვს და ჩაეხსენით ისეთ რამეს ნუ გაგაკეთებინებს ბიძინა, კალაძე, რომ მერე ვერ შეძლო დახმარება. ეს უნდა ვქნათ ყველამ, ყველა დონეზე. ქოცების უბნის უფროსებს, კომისიის წევრებს, ვისზეც გვაქვს ხოდი უნდა შევეხმიანოთ. ყველას უთხარით, ასე აკეთონ ჩვენებმა, ქვედა დონეზე ნახონ ან დაურეკონ ქოც ქვედა დონის ხალხს, ახლა ფსიქოლოგიურად უნდა მოვსპოთ, ნიკა მელია ამბობს", — აცხადებს ის.

მდინარაძის მტკიცებით, ასევე, ჩაიშალა დავალება, რომ ყველამ ისაუბროს ღია ტელეფონი და განაცხადოს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია.