გიგანტური სეკვოიები იწვის — მსოფლიოს უდიდესი ხე ცეცხლგამძლე საბნით შემოსეს
ტყის ხანძრები სეკვოიას გიგანტური ტყისა და კინგს-კანიონის ეროვნულ პარკებს (KNP) უფრო და უფრო დიდ საფრთხეს უქმნის, რის გამოც გენერალი შერმანი, მოცულობით მსოფლიოს უდიდესი ხე, დიდი საფრთხის წინაშეა. ბუნების ამ მნიშვნელოვანი ძეგლის გადასარჩენად რეინჯერებმა ხის ძირი თერმოსტაბილური ფოლგის საბნით შემოსეს.
ეროვნული პარკის სერვისზე (NPS) დაყრდნობით, KNP კომპლექსის ხანძარი სეკვოიას ეროვნულ პარკში მას შემდეგაა გაჩაღებული, რაც 9 სექტემბრის ღამეს ელვა დაატყდა თავს. გადმოცემის დროით, ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში ხანძარმა 3 800 ჰექტარი მოიცვა და გაფართოებას კვლავაც თავბრუდამხვევი სიჩქარით აგრძელებს.
არსებობს საშიშროება, რომ მცოცავმა ხანძარმა გიგანტურ ტყესაც მიაღწიოს, გენერალი შერმანისა და არაერთი სხვა გიგანტური სეკვოიას (Sequoiadendron giganteum) სამოსახლოს.
"ეკიპაჟმა გიგანტური ტყის მომზადება დაიწყო, სანამ ხანძარი ამ ტერიტორიამდეც მოაღწევდეს. მათ საწვავი მოაშორეს და საფუთავი მასალა შემოახვიეს მონარქი სეკვოიას ზოგიერთ ხეზე. ეს ხეები სეკვოიას ეროვნული პარკის ყველაზე ცნობილ ტერიტორიას ახასიათებს", — განაცხადა NPS-მა ფეისბუქზე, ხუთშაბათს.
"ხანძარი ყველა მიმართულებით განაგრძობს გავრცელებას".
მარკ გარეტის, ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ხეები ალუმინის სპეციალურ მატერიაში გაახვიეს (როგორიც სტანიოლი, კალის ფოლგაა), რომელსაც მეხანძრეები იყენებენ ხოლმე ცეცხლისგან კონსტრუქციათა დასაცავად.
გენერალი შერმანი 83,8 მეტრი სიმაღლისაა, მისი ძირის დიამეტრი კი 11 მეტრს შეადგენს. ხის მოცულობა 1 487 კუბური მეტრია — იგი მსოფლიოში ყველაზე დიდი დაუტოტავ ღეროიანი ხეა. მისი ასაკი დაზუსტებით არავინ იცის, თუმცა ზოგიერთი შეფასების მიხედვით, 2 ათას წელზე დიდი ხნისაა. მიუხედავად ამისა, გენერალი შერმანი ტერიტორიის ერთადერთი ცნობილი მოსახლე არ გახლავთ — გიგანტურ ტყეში მსოფლიოს 10 უდიდესი ხიდან 5 მათგანსა და, ამასთანავე, დაახლოებით 2 ათას სეკვოიას შეხდებით.
წინა რეკორდსმენი კალიფორნიული სეკვოია, ლინდსი კრიკის ხე გახლდათ, რომელიც 118,87 მეტრი სიმაღლისა იყო, თუმცა 1905 წელს შტორმისას დაეცა.
კომენტარები