NASA-ს სურს, კოსმოსური ზონდი ასტეროიდს შეაჯახოს — ამან, შესაძლოა, ჩვენი სიცოცხლე იხსნას
უზარმაზარი ასტეროიდის ჩამოვარდნის დამანგრეველი ძალა დედამიწაზე მობინადრე დინოზავრებმა საკუთარ თავებზე უკვე გამოსცადეს. იმისათვის, რომ იგივე ჩვენც არ დაგვემართოს, ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულ სააგენტოს (NASA) ერთ-ერთ ასეთ ასტრონომიულ სხეულთან კოსმოსური ხომალდის მიზანმიმართულად შეჯახება სურს. ამით მეცნიერები ეცდებიან გაარკვიონ, შეძლებენ თუ არა მომავალში საშიში ობიექტის ტრაექტორიის შეცვლის გზით პოტენციური საფრთხის თავიდან აცილებას.
DART-ის სახელით ცნობილი მისია, რომელიც კაცობრიობის გადარჩენის რეპეტიციად შეგვიძლია მივიჩნიოთ, Dimorphos-ად წოდებული მცირე ზომის ასტეროიდისკენ კოსმოსური ზონდის გაშვებას ითვალისწინებს. ის ბევრად დიდი ობიექტის გარშემო გადაადგილდება, რომელიც მზისგან 1.0-2.3 ასტრონომიული ერთეულით დაშორებულ ორბიტაზე მოძრაობს.
აპარატს, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის 24 ნოემბერს გაგზავნიან. 1 წლის შემდეგ, ის დანიშნულების ადგილამდე მიაღწევს და სამიზნე ასტეროიდს 6.5 კმ/წმ სიჩქარით შეეჯახება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, Dimorphos-ის ორბიტული პერიოდი საგრძნობლად დამოკლდება. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალისტები ევროპული კოსმოსური სააგენტოს მისიის Hera ფარგლებში მოიპოვებენ, რომელიც 5 წლის შემდეგ განხორციელდება.
მართალია, ამგვარი ბიძგი ასტეროიდზე მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს, თუმცა, საკმარისი იქნება, რომ დედამიწის მიმართულებით მოძრავ მსგავს სხეულს გზა შეაცვლევინოს. იმის გასაგებად, თუ რა დაემართება კონკრეტულად Dimorphos-ს ზონდთან შეჯახების შედეგად, მკვლევრებმა სიმულაციები შექმნეს. ამაზე ისინი გამოცემაში Icarus გამოქვეყნებულ ნაშრომში საუბრობენ.
კომპიუტერულმა მოდელმა აჩვენა, რომ ამ დროს წარმოქმნილი ენერგია 3 ტონა ტროტილის აფეთქების ექვივალენტური იქნება. ეს იმპულსი ასტეროიდის მერყეობას გამოიწვევს, რომელიც უფრო და უფრო გაძლიერდება. ის იმდენად ქაოტურად დაიწყებს მოძრაობას, რომ მის ზედაპირზე ევროპის კოსმოსური სააგენტოს კუთვნილი ხომალდების დაშვება გართულდება. რაც მთავარია, წარუმატებლობის შემთხვევაში, ობიექტის კურსიდან გადახვევის მეორე მცდელობისას მეცნიერები მრავალ პრობლემას გადააწყდებიან.
ეს ჩვენთვის არაფერს შეცვლის, იქიდან გამომდინარე, რომ Dimorphos საფრთხის შემცველი არაა. ამის მიუხედავად, მსგავსი ფაქტორების გათვალისწინება აუცილებელია, რადგან ჩვენი სიცოცხლე, შესაძლოა, ოდესმე სწორედ ამაზე გახდეს დამოკიდებული.
კომენტარები