მკვლევრებმა ვირტუალური სამყარო შექმნეს და თქვენ მისი გადმოტვირთვა შეგიძლიათ
მეცნიერთა გუნდმა ცოტა ხნის წინ სამყაროს ყველაზე დიდი და დეტალური სიმულაცია — Uchuu simulation შექმნა, რომელიც კოსმოსში 9.6 მილიარდი სინათლის წლის მანძილს ფარავს და 2.1 ტრილიონ ნაწილაკს მოიცავს.
სიმულაცია ასახავს სამყაროს ევოლუციას ბოლო 13 მილიარდზე მეტი ხნის მანძილზე — ანუ მისი დაბადებიდან დღემდე. მასში ნაკლები ყურადღებაა გამახვილებული ვარსკვლავებისა და პლანეტების ჩამოყალიბებაზე და მისი მთავარი მიზანი გაფართოებად სამყაროში ბნელი მატერიის ქცევის დაკვირვებაა.
Uchuu simulation იმდენად დეტალურია, რომ მასში გუნდს, თითოეულ გალაქტიკაზე დაკვირვებისას შეუძლია ამოიცნოს ყველაფერი გალაქტიკის კლასტერებიდან დაწყებული, ბნელი მატერიის ჰალოებით დამთავრებული. იქიდან გამომდინარე, რომ ბნელი მატერია სამყაროს მატერიის უდიდეს ნაწილს შეადგენს, იგი გალაქტიკის ფორმირებისა და კლასტერების ჩამოყალიბების მთავარი მამოძრავებელია.
აღსანიშნავია, რომ გუნდმა სიმულაციის შესაქმნელად დაახლოებით 40 000 კომპიუტერის ბირთვი გამოიყენა და 3 პეტაბაიტზე, ანუ 3 000 ტერაბაიტზე ან, სხვანაირად, 3 მილიონ გიგაბაიტზე მეტი მონაცემი მიიღო. ამის შემდეგ, მათ მონაცემების შეკუმშვა 100 ტერაბაიტამდე შეძლეს, რაც ისევ ძალიან დიდ რაოდენობას წარმოადგენს, თუმცა მისი შენახვა ერთ დრაივზე შესაძლებელია.
მონაცემების გადმოწერა $40 000 დაგიჯდებათ, თუმცა, თუ ამ რაოდენობის თანხა არ გაქვთ ან ცოტა გაკლდებათ, მაშინ შეგიძლიათ ვირტუალური სამყარო ონლაინ დაათვალიეროთ.
დამატებით, Uchuu simulation შეიძლება გამოყენებული იქნას მეცნიერების მიერ საკუთარი კვლევებისთვის მონაცემების მოსაპოვებლად. რაც უფრო მეტი ასეთი სიმულაცია შეიქმნება, მომავალში მით მეტ როლს შეასრულებენ ისინი ასტრონომიულ კვლევებში. იქამდე კი, მონაცემთა მომპოვებლებს თავიანთი უნარები შეუძლიათ ამ ჯიბის სამყაროზე მუშაობით გაიუმჯობესონ.
კომენტარები