ასტრონომებმა ჩვენი გალაქტიკის ცენტრიდან მომავალი უჩვეულო რადიოსიგნალი დააფიქსირეს
ავსტრალიაში მდებარე სიდნეის უნივერსიტეტში მომუშავე ასტრონომებმა ირმის ნახტომის გალაქტიკის ცენტრიდან მომავალი უჩვეულო რადიოსიგნალი დააფიქსირეს, რომლის წყაროც, შესაძლოა, აქამდე უცნობი კოსმოსური ობიექტი იყოს. ამის შესახებ კვლევა სამეცნიერო პორტალზე arXiv არის ხელმისაწვდომი. ახალი ნაშრომი მალე გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდება.
სპეციალისტებმა აღნიშნული რადიოსიგნალი 2019 წლის აპრილიდან 2020 წლის აგვისტომდე დროის შუალედში, საერთო ჯამში 13-ჯერ შენიშნეს, რაც მათ დასავლეთ ავსტრალიაში განლაგებული ტელესკოპის ASKAP მეშვეობით შეძლეს. ამის მიუხედავად, სხვა მსგავსი ხელსაწყოებისთვის ის უხილავი იყო, სანამ მიმდინარე წელს მას კიდევ ორი ობსერვატორიიდან დააფიქსირებდნენ. მათგან ერთი ავსტრალიაში, მეორე კი აფრიკაში მდებარეობს.
ნაშრომის ავტორთა განცხადებით, რადიოსიგნალის წყარო ჩვენი გალაქტიკის ცენტრის მახლობლად არსებული ობიექტია, რომელსაც მათ J173608.2-321635 უწოდეს. ეს უკანასკნელი საკმაოდ ცვალებად და პოლარიზებულ ელექტრომაგნიტურ ტალღებს უშვებს და ირმის ნახტომის ამ რეგიონში ანალოგი არ მოეძებნება.
მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ სიგნალი მათთვის კარგად ცნობილი ასტრონომიული სხეულიდან მოდიოდეს, თუმცა ტალღების უჩვეულო მახასიათებლებიდან გამომდინარე, მისი გამოვლენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. მათი აზრით, საქმე პულსართან, კაშკაშა ვარსკვლავთან ან მნათობთა ბინარულ სისტემასთან არ უნდა გვქონდეს, რადგან რადიოსიგნალი რენტგენულ და ინფრაწითელ სპექტრში შეუმჩნეველია.
მკვლევრები ცდილობენ, რომ იდუმალი ობიექტის წარმომავლობა დაადგინონ. ამისთვის საჭიროა, ამგვარი სიგნალები მომავალშიც აღმოვაჩინოთ, რაც მათ შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში დაგვეხმარება.
კომენტარები